მთავარი,სიახლეები

„ბიძინა „ქურდებთან“ ურთიერთობაშიც გადამგდებია. დაიჭერს, თუ ვინმე ხელს უშლის“ – ინტევიუ

31.07.2026
„ბიძინა „ქურდებთან“ ურთიერთობაშიც გადამგდებია. დაიჭერს, თუ ვინმე ხელს უშლის“ – ინტევიუ

რასთან გვაქვს საქმე, როცა ქვეყანაში ადამიანები მასობრივად არიან დაკავშირებული „ქურდულ სამყაროსთან? როცა მხოლოდ ხელვაჩაურში ჩატარებული ერთი სპეცოპერაციით „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებით 72 პირს აკავებენ?

შსს ხშირად აქვეყნებს სტატისტიკას, როგორ დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ათეულობით ადამიანი. ეს სტატისტიკა მზარდია: წელს ექვს თვეში უკვე 333 პირს წარუდგინე ბრალი „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე, გასულ წელს კი – ერთი წლის განმავლობაში – 228 პირს.

„როდის გაიზარდა კრიმინალი? – როცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში ჩაერთო ეს ადამიანები. შტაბის უფროსს აუცილებლად გვერდით უნდა ჰყოლოდა მოძალადე ელემენტი, რომელიც ქუჩას „დაულაგებდა“. პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში საარჩევნო ოლქი, სადაც „ოცნება“ ამ ე.წ. მოშავო ელემენტებით არ ატარებს არჩევნებს.

არჩევნების დასრულების შემდეგ კი, ამ ადამიანებს ეუბნებიან: ახლა ქვეყანა უნდა დატოვოთ! ამას ეუბნებიან განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ავტორიტეტით გამოირჩევიან ამ სფეროში. ივანიშვილი „ქურდებს“ კონკურენტებად აღიქვამს ამ ნაწილში,“ – ამბობს პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე.

„ბათუმელებმა“ ამ თემაზე პარტია „ახალს“ აღმასრულებელ მდივანთან, გიორგი კირთაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, შსს-ს ბრიფინგების მიხედვით, 2026 წელს უკვე 333 პირს წარუდგინეს ბრალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო. 2025 წელს კი, შსს-ს მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 228 პირის მიმართ. რას აჩვენებს თქვენთვის ეს გაზრდილი სტატისტიკა? 

პირველი, ალბათ, იმით უნდა დავიწყოთ, რომ როგორც ჩემს ირგვლივ, ალბათ თქვენს ირგვლივ, უფრო და უფრო ხშირად გაიგონებთ ამბავს იმის შესახებ, რომ ადამიანები ფინანსური დავის გადასაწყვეტად სასამართლოში კი არ მიდიან, არამედ „ქურდებთან“, ე.წ. კრიმინალური სამყაროს ჩართულობით აპირებენ საქმეების გარჩევას. ეს რეალობა, პირდაპირ „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამსახურებაა – ნდობა სასამართლოს მიმართ, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ, ყოველდღიურ რეჟიმში იკლებს.

მივედით იქამდე, როცა, შესაძლოა, ეს ციფრები უახლოვდებოდეს იმას, რაც იყო, მაგალითად, შევარდნაძის დროს, როცა ყველა ადამიანი, ელემენტარული დავის გადასაწყვეტად ე.წ. ქურდებს ეძებდა.

ამიტომაც, არის, ჩემი აზრით, ეს სტატისტიკა გაზრდილი.

ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ საქმეები „ქურდებმა“ გაარჩიონ და არა მისმა სასამართლომ – ასე ნამდვილად არ არის. ივანიშვილს უნდა, ყველაფერში თვითონ იყოს გადაწყვეტილების მიმღები, მათ შორის, იგი „ქურდებს“ კონკურენტებადაც აღიქვამს ამ ნაწილში. ჩვენ ვიცით, როგორ რთავენ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირებს არჩევნებში. ამას „ოცნება“ აკეთებს საარჩევნო ხმების მობილიზების ნაწილში. პრაქტიკულად, ყველა არჩევნებში ამას აკეთებდა. არჩევნების დასრულების შემდეგ კი, ამ ადამიანებს ეუბნებიან: ახლა ქვეყანა უნდა დატოვოთ!

ამას ეუბნებიან განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ავტორიტეტით გამოირჩევიან ამ სფეროში.

გიორგი კირთაძე

მაგალითად, 2021 წლის არჩევნებში [ამ არჩევნებში გიორგი კირთაძე ბათუმის მერობის კანდიდატი იყო და „ოცნებას“ მეორე ტური, შესაბამისად, ხმების განსაკუთრებული მობილიზება დასჭირდა], ქვეყნიდან გაშვებული ადამიანები მეორე ტურისთვის სპეციალურად ჩამოიყვანეს. პატარა ქალაქია ბათუმი და იგებ ამ ამბებს.

მეორე ტურში ამუშავეს ეს ხალხი და შემდეგ ისევ უთხრეს, დატოვეთ ახლა ქვეყანაო. სხვათა შორის, რამდენიმემ არ დატოვა ქვეყანა და აღმოჩნდა ციხეში. მერე დასჭირდა „ოცნების“ საარჩევნო შტაბს სირბილი პროკურატურაში თუ სხვაგან, რომ ეს ხალხი ციხიდან გამოეშვათ იმ პირობით, რომ ქვეყანას ისევ დატოვებდნენ. ეს არის აპრობირებული მეთოდი – ასე მუშაობს „ქართული ოცნება“ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან.

ამას გარდა, ბოლო დროს იმდენად გართულებულია კრიმინოგენური ვითარება, ეს ივანიშვილის ისედაც დასუსტებულ რეიტინგს კიდევ უფრო მეტად ურტყამს. ამ დროს ვხედავთ მოჩვენებით დევნას კრიმინალურ სამყაროსა და ნარკოტიკებზე. ამით ცდილობს, ეფექტური მთავრობის როლი მოირგოს. რეალურად ამით არც კრიმინალური გარჩევების რაოდენობა მცირდება, არც ნარკოდანაშაული.

  • გვახსოვს 2020 წლის არჩევნებზე, თქვენი თანაგუნდელის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბზე თავდასხმა… საარჩევნო ხმების მობილიზების, ამომრჩევლის დაშინების გარდა, „ქურდული სამყაროს“ ამოცანა არჩევნებში არის ოპოზიციონერებზე თავდასხმა და დევნა? 

პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში საარჩევნო ოლქი, სადაც „ოცნება“ ამ ე.წ. მოშავო ელემენტებით არ ატარებს არჩევნებს. ამას ნებისმიერი დილეტანტი ამჩნევს, რა ხდება უბნებზე.

ყველაზე უფრო ნათლად ამ ჩართულობის მასშტაბი [„ქურდულ სამყაროს“ და „ოცნებას“ შორის] გამოჩნდა გლდანის არჩევნებზე, როცა გასროლაც იყო – ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში შევარდნები, დარბევები და ასე შემდეგ. მაშინ ნიკა იყო პროდასავლური ოპოზიციის გამოკვეთილი კანდიდატი და გახსოვთ, რომ მან პირველივე ტურში დაამარცხა „ოცნების“ კანდიდატი. მერე იქ ბიძინაც ჰყავდათ მიყვანილი გლდანის ოლქში.

პრაქტიკულად ყველა არჩევნებზე ვხედავდით ჩვენ ამ ჩართულობას – არ ვამბობ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ „ქუჩის მოხოდვის ამბავში“ [„ქურდულ სამყაროს“] თავისი წვლილი აქვს.

როცა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ადამიანებს აპატიმრებენ, აჩვენებს იმას, რომ ბიძინა გადამგდებია. ბიძინა გადამგდებია ყველგან და ყველაფერში, მათ შორის, ამ ხალხთან ურთიერთობაში.

მეორე მხრივ, ივანიშვილი ხედავს, რომ კრიმინოგენური ვითარება საერთოდ ვეღარ გააკონტროლა და ყველა კვლევაში მას ნარკოტიკთან ერთად ეს ამოუვიდა მთავარ პრობლემად. ამიტომაც, ცდილობს, რომ დაჭერებით ხალხს აჩვენოს, რომ ის ამ მიმართულებით მუშაობს. მაგრამ როგორც ბათუმის ყველა ქუჩასა და ეზოში, ისე მთელ ქვეყანაში იგრძნობა, რომ საქმის გარჩევები და უბედურება ხდება.

საზოგადოებისთვის კი მორიგი სპექტაკლია დადგმული: დაიჭერს ერთს და ათი რჩება გარეთ. ივანიშვილი ამ ადამიანებს ჯერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს, მერე კი, ასე მარტივად ვეღარ გააქრობს.

  • ხელვაჩაურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს 72 პირი, მათ შორის, სამი ქალი იყო. ერთ-ერთმა მათგანმა მოსამართლეს უთხრა, რომ უძრავი ქონების აგენტია, ნასყიდობის შეთანხმებიდან წილი ვერ მიიღო და ამიტომაც მიმართა „ქურდს“… ეს რაზე მიუთითებს, როცა „ქურდულ გარჩევებში“ ქალებიც ერთვებიან?  

ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან იზრდებოდა კრიმინალური სამყაროს გავლენები ამ ქვეყანაში. იზრდება, მათ შორის, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც, მაგალითად, ფინანსური დავის გადასაწყვეტად სასამართლოს კი არა, არამედ ამ ხალხს მიმართავს.

როგორ შეიძლება ამაზე ვინმე სხვას ჰქონდეს პასუხისმგებლობა, თუ არა ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს? მათ მიაღწიეს იმას, რომ ნულოვანი ნდობაა სასამართლოსა და მართლმსაჯულების მიმართ ამ ქვეყანაში. ქალი იქნება, თუ კაცი, ნებისმიერი პირი, დავის გადასაწყვეტად სასამართლოში კი არ მიდის და კანონიერ გზებს კი არ მიმართავს, არამედ ამ ხალხს უკავშირდება.

  • რამდენიმე დღის წინ ცაგერის საკრებულოში დააკავეს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით, მანამდე „ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საქმეში“ პროკურორის თქმით: „ბრალდებულს [დავით შარაშიძეს] თან ახლდა ორი პირი. ამ ორი პირიდან ერთ-ერთი ესაუბრებოდა დაზარალებულს [პოლიციელს] და გამოხატა მხარდაჭერა „ქურდული სამყაროს“ მიმართ… „ოცნების“ დეპუტატი ქეიფობდა რესტორანში „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებთან ერთად. ეს რაზე მიუთითებს? 

ჩვენ გვყავს თბილისის მერი, რომელიც თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებდა იმით, რომ თავს იწონებდა „კანონიერ ქურდებთან“ მეგობრობით. ის ამაზე ღიად საუბრობდა. „ოცნების“ წევრებში ბევრია ისეთი, ვინც თავს იწონებს „კანონიერ ქურდებთან“ მეგობრობით, რომ მათთან ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკვა და ასე შემდეგ.

ეს მენტალობა დააბრუნა ივანიშვილმა. ჩვენ ხომ უამრავი მაგალითი გვახსოვს – დაწყებული მშენებლობის ნებართვებიდან, დამთავრებული ქვა-ღორღის მოპოვებით, როგორი იყო ჩართული „კრიმინალური სამყარო“ გადაწყვეტილების მიღებაში, როგორ იმართებოდა მათი ჩართულობით ტენდერები, როგორ იგებდნენ შემდეგ შესყიდვებს მათ მიერ ლობირებული ადამიანები.

ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი კრიმინალურია და ეს ითვალისწინებს კრიმინალებთან ახლო ურთიერთობას. თუ ვინმე ხელს შეუშლის, დაიჭერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სამყაროს ივანიშვილი ებრძვის. ივანიშვილის ძალაუფლების  შენარჩუნებაში კრიმინალურ სამყაროს არ აქვს გადამწყვეტი, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი როლი.

  • ფიქრობთ, რომ პერიოდულად ივანიშვილი კონკურენციას გრძნობს და „ქურდული სამყაროს“ გავლენიანი ფიგურების დასუსტებას, ჩამოცილებას ცდილობს? 

თუ ვინმე მისი კონკურენტი იქნება, რა თქმა უნდა, ამ კონკურენტის განეიტრალებას ცდილობს. ასევე, თუ ვიღაცამ იმაზე მეტი მოიპარა, ვიდრე მას აქვს დაშვებული, დაიწყებს ეჭვიანობას იმაზე, რომ ეს ფული შეიძლება სხვა საქმისთვის იქნას გამოყენებული, ანუ მისი ძალაუფლების შესასუსტებლად. ამ ადამიანებს მერე სვამს ციხეში.

  • წელს არ გვაქვს საარჩევნო წელი და მკვეთრად იზრდება „ქურდული სამყაროს“, ასევე ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებულთა რაოდენობა. ეს კრიმინალთან ბრძოლის იმიჯის შექმნას სჭირდება? 

„ოცნებას“ ვინც მხარს უჭერს, ათიდან ორი კაცი, ის ხალხიც ამბობს: ყელში ამოსული გვაქვს კრიმინალი და ნარკოტიკიო. მათი მხარდაჭერაც რომ არ დაეკარგოთ, ამისთვისაა ეგ ნაბიჯები გადადგმული, თუმცა ეს არ გადის შედეგზე: ამით არც ნარკოდანაშაული მცირდება და არც კრიმინალი.

  • სასამართლო საქმეები აჩვენებს, რომ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ მოზარდებშიც გავრცელებულია „ქურდული სამყაროს“ შეხედულებები… სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი? 

ახალგაზრდების რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს მიდრეკილი ამისკენ, მაგრამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორად აფასებს ვითარებას, ისინი განსაკუთრებით კარგად არჩევენ შავს და თეთრს, კარგად ხვდებიან, რატომ სჯობია კრიმინალს პატიოსანი ცხოვრება. მე შეიძლება ამას ახლა ჩემი შვილების და მათი მეგობრების მაგალითით გიყვებით, მაგრამ მაინც მჯერა, რომ უფრო ასეა.

თუ ხელისუფლება არ თანამშრომლობს კრიმინალთან, თუ ხელისუფლება ხელს არ უწყობს კრიმინალს და არ იყენებს სათავისოდ, კრიმინალი ამ დროს სუსტდება. როდის გაიზარდა კრიმინალი? – როცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში ჩაერთო ეს ადამიანები. შტაბის უფროსს აუცილებლად გვერდით უნდა ჰყოლოდა მოძალადე ელემენტი, რომელიც ქუჩას „დაულაგებდა“.

ყველა სფეროში ქვეყანაში არის პრობლემები და ყველა მიმართულებაზე არის ერთი და იგივე ხელწერა. სათავე ამ პრობლემისა არის დამპალი რეჟიმი, რომელიც ზრუნავს არა ხალხზე, არამედ ნებისმიერი მისი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ იქითკენ, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს ძალაუფლება იმისთვის კი არ სჭირდებათ, რომ რამე იდეა აქვთ და ეს იდეა უნდა განახორციელონ, არამედ მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფული მოიპარონ, რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში, რომ კიდევ უფრო მეტი მოიპარონ.

ვამბობ 10-დან 2 უჭერს მხარს „ოცნებას“-მეთქი, მაგრამ მივალთ იქამდე, რომ ეს ადამიანებიც აღარ დაუჭერენ მხარს. რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა პროტესტის სწორად ორგანიზება.

მთავარი ფოტო: „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების სასამართლო ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: