2026 წლის 11 ივლისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს ბათუმში აღნიშნავს.
შეხვედრა სახელწოდებით – „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“, 11 ივლისს, დღის 12:00 საათიდან, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.
საინტერესო გამოფენები, პრაქტიკული ვორქშოფები, დისკუსიები და კულტურული აქტივობები არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რაც ევროპის დღეზე მისულებს დაგხვდებათ.
ამ დღეს გამართული ყველა ღონისძიების მიზანია გაეცნოთ, როგორ აგრძელებს ევროკავშირი ადამიანების, თემებისა და ბიზნესის მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ევროპის დღის“ ძირითად ღონისძიებამდე ერთი ადრე, 10 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმის „კავეა გრანდ მოლის“ კინოთეტრში, ლატვიელი რეჟისორის, გინტ ზილბალოდისის ოსკაროსანი ანიმაციური ფილმის, FLOW-ს ჩვენებით „ევროპული კინოტური“ გაიხსნება, ხოლო 19 საათზე რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დოკუმენტურ ფილმს – „დედა-შვილი ანუ ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი“ – ნახავთ.ფილმის ჩვენებას რეჟისორი ლანა ღოღობერიძეც დაესწრება.
„ევროპული კინოტური“ 10 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარადგენს ქართულ და ევროპულ ფილმებს.
რაც შეეხება 11 ივლისს ბათუმში, გარდა სასტუმრო „ჰილტონ ბათუმისა“, „ევროპის დღის“ ფარგლებში გასხვავებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, სადაც საშუალება გექნებათ ჩაერთოთ ევროკავშირის პარტნიორების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობაში.
„ევროპის დღის“ საზეიმო აღნიშვნა ბათუმის ბულვარში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად, ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტით დასრულდება, სადაც ქართული ბენდი Mechanical Rainbow-ი და გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა იმღერებენ.
ღონისძიებაზე დასასწრებად მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.
აკრედიტაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
ნახეთ ბათუმის „ევროპის დღის“ აფიშა
ევროპის გუნდი (TEAM EUROPE) – ეწვიეთ ინტერაქციულ სივრცეს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები წარმოგიდგენენ იდეებს, გამოგონებებსა და აღმოჩენებს, რომლებიც ევროპამ მსოფლიოს აჩუქა და რომელმაც თანამედროვე სამყარო შექმნა.
ევროკავშირის პროექტები – პარტნიორობის 30 წელზე მეტი – გაეცანით ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამ ათწლეულს რეალური ისტორიების, გამოცდილების გაზიარების, ინტერაქციული თამაშების, საინტერესო ინსტალაციების და აქტივობების საშუალებით.
Live პოდკასტი „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ – დაიკავეთ ადგილი პოდკასტის სტუდიაში და გახდით საინტერესო საუბრების ნაწილი ევროპის, საქართველოსა და საერთო მომავლის შესახებ. თქვენ მხოლოდ მსმენელი კი არა, დიალოგის მონაწილეც გახდებით.
მწვანე კუთხე – აღმოაჩინეთ ნივთების ხელახალი გამოყენების, შეკეთებისა და განახლების პრაქტიკული გზები. გაეცანით, როგორ მუშაობენ ევროკავშირი და საქართველო ერთად უფრო მწვანე მომავლისთვის პრაქტიკული ვორქშოპების მეშვეობით, რომლებიც გარემოსდაცვით იდეებს სახალისოსა და ხელშესახებ ხდის.
პრაქტიკული ფოტოგრაფიის ვორქშოპი – იმუშავეთ რეალურ ღონისძიებაზე პროფესიონალი ფოტოგრაფების მენტორობით. შეიძინეთ გამოცდილება, დახვეწეთ ხედვა და აღბეჭდეთ „ევროპის დღე“ საკუთარი ობიექტივით.
VR მოგზაურობა – გაიკეთეთ ვირტუალური რეალობის სათვალე და იმოგზაურეთ ევროპის 20-ზე მეტ ქალაქში.
საბავშვო თეატრი „გაფუჭებული ტელეფონი“ – „თამაშობანას“ სახალისო და ინტერაქციული სპექტაკლი, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდა მაყურებლისთვისაა შექმნილი.
ცოდნის ბორბალი – შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ ჩვენს ინტერაქციულ ვიქტორინაში და მოიგეთ პრიზები!
მთავარი სცენა – მოუსმინეთ სასკოლო ანსამბლების, გუნდებისა და ნიჭიერი ადგილობრივი მოსწავლეების ცოცხალ შესრულებას მთელი დღის განმავლობაში.
კონცერტი ბულვარში, უნივერსიტეტთან – 18:00 – 18:30 – ნათია თოდუა; 19:00 – 20:30 – Mechanical Rainbow






