მთავარი,სიახლეები

„რუსეთის საგაზაფხულო კამპანია უკრაინაში ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა“ – ინტერვიუ გენერალთან

26.05.2026
„რუსეთის საგაზაფხულო კამპანია უკრაინაში ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა“ – ინტერვიუ გენერალთან

„უკრაინელების დარტყმების შედეგად ცენტრალურ რუსეთში განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების 80% გაჩერებულია,“ – ამბობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასძენს, მსგავსი საწარმოების დიდი ნაწილი ურალს აქეთაა 3 ათასი კილომეტრის ფარგლებში, უკრაინას კი უკვე შეუძლია 2 ათას კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას რუსეთში სამიზნეებსო.

გენერლის დაკვირვებით, რუსებს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ, თუმცა ამ ტემპით რუსეთს შეუძლია კიდევ რამდენიმე წელი იომოს.

ამასობაში, მისივე თქმით, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსების სამხედრო დაჯგუფება ყირიმში:

„ძალიან დიდი დაჯგუფებაა ყირიმში და მას მნიშვნელოვანი მომარაგება სჭირდება: საწვავი, საბრძოლო მასალები, საკვები და ასე შემდეგ. რუსეთის ხელმძღვანელი პირებს, თუკი ვინმე ჰყავთ იქ, გამოჰყავთ საკუთარი ოჯახები ყირიმიდან… მომარაგება უფრო და უფრო რთულდება. ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა დაარტყეს ჯანკოის საწვავისა და საბრძოლო მასალის შემნახველ საწყობებს. იქ ახლაც სერიოზული ხანძარია. მუდმივად ხდება მელიტოპოლ-ჯანკოის მაგისტრალზე დარტყმები… ახლა რომ ნახოთ, გზა არის მოფენილი დამწვარი ცისტერნებით და სატვირთო მანქანებით,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე საზოგადოებრივი ინიციატივის „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელია.

  • ბატონო ვახტანგ, რა იცვლება უკრაინის ფრონტის ხაზზე? ახერხებს რუსეთი ე.წ. ზაფხულის კამპანიის წამოწყებას და დონბასზე გასვლას? 

რაც დროს გადის, უფრო და უფრო მცირდება რუსეთისთვის ეს შესაძლებლობა.

ფაქტია, რომ დიდი ცვლილებები კვლავ არ არის. სწორედ ამის მიზეზია ის, რომ მიდის ეს უმოწყალო დაბომბვები.

წარმოიდგინეთ, საბოლოოდ ორი წლის ომის შემდეგ დაუქვემდებარეს რუსებმა კონტროლს პოკროვსკი. სამაგიეროდ, პატარ-პატარა სოფლები დაკარგეს. რუსებს ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა აქვთ, თუმცა უკვე ანეკდოტის ფაზაში გადავიდა, მაგალითად, „მალა ტოკმაჩკა“ – ერთი ბეწო დასახლებული პუნქტი, რომელსაც რუსები უტევენ 1500-ზე მეტი დღეა. ისტორიას რომ გადავხედოთ, „გიბრალტარის ალყა“ გრძელდებოდა 1320 დღე, „კართაგენის ალყა“ – 1100 დღე, „ლენინგრადის  ბლოკადა“ – 872 დღე. ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ სოფელზე, რომელსაც ამდენი დღეა იღებენ…. რომ აღარ ვახსენოთ თვითონ კუპიანსკის აღება – იმდენჯერ ახსენეს უკვე მისი აღება რუსებმა, თავად აღარ სჯერათ.

ასე რომ, რუსეთის საგაზაფხულო კამპანია ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა.

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მნიშვნელოვანი ცვლილებები, ან მასიური შეტევები რაღაც კონკრეტული მიმართულებით არ ყოფილა. რუსები ისევ ისე მონოტონურად იქცევიან, იგივე ტაქტიკით, იგივე ხორცის საკეპი მანქანით გრძელდება რუსების მოქმედებები. აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა. ვერ ვიტყვით, რომ შეტევები არ არის, მაგრამ ამ შეტევებს აღარ აქვს სიმძაფრე.

  • აქვს რესურსი რუსეთს გააქტიურებისთვის? 

თქვენთან წინა ინტერვიუში აღვნიშნე სამი ასპექტი, რაც შეიძლება გაააქტიუროს რუსეთმა: ბირთვული იარაღი, საყოველთაო მობილიზაცია და ბელარუსი.

ალბათ იქნება მცდელობა, რომ ბოლოს და ბოლოს ბელარუსი ჩაითრიონ ამ ომში. ბელარუსს არც ძალები აქვს და არც საშუალებები მნიშვნელოვანი, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ, მაგრამ რუსეთს შეუძლია ბელარუსის ტერიტორიის გამოყენება. არსებობს ინფორმაცია, რომ თითქოს რუსები 100 ათას მობილიზებულს ამზადებენ ჩრდილოეთის მიმართულებაზე შეტევის დასაწყებად. ძნელია რუსების სამხედრო ხელმძღვანელობის თავში ჩახედვა, მაგრამ ყველაზე მოსალოდნელი შეიძლება იყოს ჩერნიგოვის მიმართულებაზე 15-20-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა. ამის მცდელობა სუმის მიმართულებაზეც ჰქონდათ რუსებს, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

შესაძლებელია, რომ რუსებმა ამ გზით დაქსაქსონ უკრაინის ძალები, ასევე კიევის მიმართულებაზე საფრთხის იმიტირებით უკრაინელებს გარკვეული ძალები გადაასროლინონ  დონბასიდან ჩრდილოეთის მიმართულებაზე. ის, რომ შემოდგომისთვის დნეპრისპირეთი აღებული იქნება, ამის ძალიან არ მჯერა.

აკრობატულ დიპლომატიას ახორციელებს ლუკაშენკო: არ აწყობს ომში ჩართვა. ბოლო პერიოდში ლუკაშენკო ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გამოკეთებას, პროცესები დათბობასავით წავიდა. ამავე დროს, პუტინსაც აწონებს თავს და აცხადებს, რომ ბელარუსია ყოველთვის დაეხმარება რუსეთს. ერთობლივად ჩაატარეს ბირთვული შეიარაღების მზადყოფნის სწავლებები. ასევე, სწრაფი რეაგირების ძალები ბელარუსში გადაყვანილია უმაღლეს სამხედრო მდგომარეობაზე. ერთის მხრივ, რუსებს ბელარუსები ეუბნებიან, თქვენს გვერდით ვართო, მაგრამ აშკარად ეს არ აწყობს ბელარუსს. განაცხადა კიდეც ლუკაშენკომ, ჩვენ მხოლოდ მაშინ ჩავერთვებით დაპირისპირებაში, თუ უშუალოდ ბელარუსზე მოხდება თავდასხმაო.

რა თქმა უნდა, უკრაინასაც არ აწყობს ბელარუსზე თავდასხმა, თუმცა შესაძლებელია რუსეთმა ბელარუსიდან თავად გამოიწვიოს პროვოკაცია.

  • მოსალოდნელია რუსეთის თავდასხმა ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე? წინა დღეებში იყო, მაგალითად, ლატვიის შემთხვევა, სადაც რამდენიმე დრონი ჩამოვარდა. 

ეს დრონი არ არის გარკვეული, საიდან ჩამოვარდა… არ არის გამორიცხული სულაც ელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებით მართვადაკარგული უკრაინული დრონიც კი იყოს. რთულია, რუსებზე რაღაც გადაჭრით თქვა, მაგრამ ეჭვი მეპარება რუსეთმა თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედება განახორციელონ ბალტიისპირეთის მიმართულებაზე.

ეს არ გამორიცხავს გარკვეულწილად ჰიბრიდულ მოქმედებას, პროვოკაციას, სპეცოპერაციას, დივერსიულ მოქმედებას. შეეცდება რუსეთი, რაღაცნაირად არიოს იქ ვითარება, მაგრამ ის, რომ რაღაც მასშტაბური სამხედრო მოქმედება ჩაატაროს, ამისთვის მას არც ძალა შესწევს და არც რესურსი.

ეს კი არა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს უახლოეს მომავალში რუსეთის ყირიმის დაჯგუფება, ვინაიდან მისი მომარაგება უფრო და უფრო რთულდება. ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა დაარტყეს ჯანკოის საწვავისა და საბრძოლო მასალის შემნახველ საწყობებს. იქ ახლაც სერიოზული ხანძარია. მუდმივად ხდება მელიტოპოლ-ჯანკოის მაგისტრალზე დარტყმები. ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი ყირიმთან, ანუ მე-14 ტრასა, სადაც, ფაქტობრივად, ყველა დიდი მანქანა გადაადგილდება.

უკრაინამ აღმოაჩინა, რომ რუსებს სამოქალაქო, მაგრამ დიდი სატვირთო მანქანებით გადაჰქონდათ აღჭურვილობა და საბრძოლო დანიშნულების მასალები. ამიტომაც, ნებისმიერი დიდი მანქანას ხდება დარტყმის ობიექტი. ახლა რომ ნახოთ, გზა არის მოფენილი დამწვარი ცისტერნებით და სატვირთო მანქანებით. ამ მხარის გუბერნატორმა მხოლოდ საგანგებო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვის ნებართვა გასცა და მაქსიმალურად შეაჩერა სხვა მოძრაობები.

  • რა გამოსავალი რჩება რუსებს ყირიმში? 

შეკითხვაა დღეს არა ის: აფეთქდება თუ არა ხიდი, არამედ როდის აფეთქდება ხიდი? ეს მოხდება გამომდინარე უკრაინელების საჭიროებიდან. დღეს ეს ხიდი დარტყმის ქვეშაა. ამიტომაც, იყენებენ რუსები სახმელეთო გზას, რომელიც მოწყვლადია. ჩონგარის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მაგალითად, საერთოდ დაიხურა.

ძალიან დიდი დაჯგუფებაა ყირიმში და მას მნიშვნელოვანი მომარაგება სჭირდება: საწვავი, საბრძოლო მასალები, საკვები და ასე შემდეგ. რუსეთის ხელმძღვანელ პირებს, თუკი ვინმე ჰყავთ იქ, გამოჰყავთ საკუთარი ოჯახები ყირიმიდან – ეს ტენდენციაც კი შეიმჩნევა.

  • რა რესურსი დარჩა რუსებს ომის გასაგრძელებლად? The Economist წერს სადაზვერვო უწყებებზე დაყრდნობით, რომ რუსი სამხედროების საერთო დანაკარგები დაჭრილების ჩათვლით 1.1 – 1.5 მლნ-ს აღწევს, ხოლო „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, წელს რუსებმა უკრაინაში მხოლოდ 220 კვ. კმ დაიკავეს, რაც არის უკრაინის ტერიტორიის 0.04 %.

რუსეთს იმის რესურსები გააჩნია, რომ ამ ტემპით და ამ აქტიურობით, რაც ახლაა, კიდევ რამდენიმე წელი გააგრძელოს დაპირისპირებები. რუსეთს ჯერ კიდევ იმის ფული და რესურსი, რომ ძალების მობილიზება მოახდინოს. არა მგონია, რომ პუტინმა ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს.

ფაქტია ის, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს რუსეთს, მაგალითად, უკრაინელების დარტყმების შედეგად ცენტრალურ რუსეთში განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების 80% გაჩერებულია, ან ამ საწარმოებმა შეამცირეს თავიანთი წარმოება. მსგავსი საწარმოების 70% ურალს აქეთაა სადღაც 3000-დან 4000 კილომეტრის ფარგლებში. დღესდღეობით უკრაინას სწვდება ამ სამიზნეებს, თითქმის 2000 კილომეტრამდე უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ განახორციელოს დარტყმები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინამ უკვე საკუთარი იარაღის წარმოება დაიწყო. უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ უკრაინელებმა შექმნეს ბალისტიკური რაკეტა. გარკვეული ტექნოლოგიური კომპონენტები, რა თქმა უნდა, დასავლეთის დახმარებითაა, მაგრამ უკრაინაშია აწყობილი.

ასევე, 18-თვიანი მუშაობის შემდეგ უკრაინელებმა შექმნეს კორექტირებადი საავიაციო ბომბი, რომელსაც 250 კილოგრამის გადატანა შეუძლია. მსგავს ბომბებს აწვდიდა უკრაინას ამერიკა, ასევე ბრიტანეთი, რომელიც შეიძლება გაეშვათ F-16-ებიდან და სხვა საჰაერო საშუალებებიდან. მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ აქ უკვე მიზნის შერჩევაში აღარ სჭირდება ნებართვა უკრაინას პარტნიორისგან. აღნიშნული აშკარად აჩვენებს იმას, რომ ძალიან გაფართოვდა დარტყმების შესაძლებლობები უკრაინელების მხრიდან.

  • ჩინეთზე მინდა გკითხოთ, სადაც ბოლო დღეებში ჩავიდა ტრამპი და შემდეგ პუტინი. რა როლს იძენს ჩინეთი ამ კონფლიქტში? 

ვერც ტრამპმა და ვერც პუტინმა მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ წამოიღო ჩინეთიდან. ფაქტობრივად, ტრამპმა გაყიდა 200 ერთეული „ბოინგი“, ხოლო პუტინმა რაღაც სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტზე მოაწერა ხელი. ასეთი დოკუმენტი უამრავია ხელმოწერილი ერთმანეთის მიყოლებით რუსეთსა და ჩინეთს შორის. ნიშანდობლივია რუსეთის წარუმატებლობის გამოხატვა – პუტინის გაბოროტება აისახება მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვებში.

რუსეთის წარუმატებლობა ჩინეთში გარკვეულწილად ასევე აისახება ამ გამწარებულ დარტყმებში.

54 ფრთოსანი რაკეტა იყო გაშვებული დასახლებულ პუნქტებზე, 30 „ისკანდერი“, ორი თუ სამი „კინჟალი“, რომელიც თვითმფრინავებიდან გაუშვეს, სამი „ცირკონი“, ანუ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა. ამან აჩვენა ორი მნიშვნელოვანი რამ: უკრაინელებს ამჟამად აქვთ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების დეფიციტი. ეს ძირითადად „პატრიოტის“ რაკეტებს ეხება. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა უჭირს ახლა უკრაინას. მეორე გამოჩნდა ის, რომ რუსების „ორეშნიკი“ აღმოჩნდა უბრალოდ შემაშინებელი „ჯართი“. ამით რუსებმა აჩვენეს ევროპას, რომ აი, „ორეშნიკს“ ვიყენებთ. ამ დროს ჩამოვარდა „ორეშნიკი“ ბელაია ცერკოვში და დააზიანა ავტომანქანის ფარეხის კოოპერატივი. არის ინფორმაცია, რომ მეორეც იქნა გაშვებული, რომელიც საერთოდ დონეცკში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

წარმოიდგინეთ, 50-მილიონიანი რაკეტაა. გამოდის, რომ ვერ მართეს, ან არ იმართება, არაზუსტია, ტექნიკურად გაუმართავია, ერთი ჩამოვარდა ასეთ დანიშნულებაზე ადრე და მეორემ საერთოდ „უზუსტესი“ 80 კმ-იანი აცილებით დააზიანა კერძო მანქანების ფარეხები!

  • უკრაინელებს რატომ შეექმნათ ეს დეფიციტი, რამე შეიცვალა დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით კუთხით? 

აშშ-მ ძალიან ბევრი „პატრიოტის“ რაკეტა გადააგზავნა ახლო აღმოსავლეთში. დეტალებზე, ცხადია, არ მაქვს ინფორმაცია და ეს არც გაცხადდება იოლად, მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ კუთხით დეფიციტი აქვს უკრაინას.

  • ბოლოს ირანზე რომ გვითხრათ: მოლაპარაკებებით მხარეები ვერ გავიდნენ შედეგზე. ელოდებით ომის განახლებას? 

ჩემი აზრით, დიდი ალბათობით განახლდება საჰაერო დარტყმები, შეეცდებიან ისევ საჰაერო ზემოქმედებით აიძულონ ირანს მოლაპარაკება. ირანი აღმოსავლურ დიპლომატიას იყენებს, წელავს ამ მოლაპარაკებებს. ისიც კი გაჟღერდა, რომ ირანის წინადადებები პაკისტანის მიერ არ იქნა სწორად მიწოდებული ამერიკელებისთვისო. არაფრის დათმობაზე ირანი არ წამოსულა და არც აპირებს ამას.

უკვე პრესტიჟის საქმეა ეს ომი აშშ-თვის. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა ტრამპი. ამიტომაც მაქვს დიდი ეჭვი, რომ განახლდება საჰაერო ზემოქმედების ფაქტორი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: