დღეს, 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნებმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან აქცია გამართეს. თარჯიმნები თავიანთი ნაშრომის ანაზღაურებას მოითხოვენ. ისინი საუბრობენ შრომითი უფლებების დარღვევაზე და დამსაქმებლის მხრიდან მუქარაზე.
თარჯიმნები ამბობენ, რომ კომპანია „ინტელექტ-მარკეტი“, რომელიც შსს-ს სათარჯიმნო მომსახურებას აწვდის, მათ რამდენიმე თვეა ხელფასებს არ უხდის.
„მარტოხელა დედა ვარ, 7 წლის შვილი შვილი მყავს და ხშირად მიწევდა ბავშვის მარტო დატოვება სამუშაოზე გამოსვლის დროს. ყოფილა შემთხვევები, როცა 48 საათიც კი მიმუშავია უწყვეტად. ამის მიუხედავად, შსს-ს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ვალდებულია აგვინაზღაუროს ჩვენი ნაშრომი, არ გვიხდის ხელფასს.
კომპანიის დირექტორი მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეს იყო ბოლო წვეთი, რამაც გადამადგმევინე ეს ნაბიჯი. მარტის თვიდან არ გადაუხდია ანაზღაურება, მივმართე პროკურატურასაც. დამსაქმებელმა იცის, რომ მაქვს ბანკის ვალი, ვარ მარტოხელა დედა და მჭირდება ჩემი შრომის ანაზღაურება,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თეა გოქაძე.
მისი თქმით, თარჯიმნები ზეპირი ხელშეკრულებით არიან დასაქმებული.
„მე პირადად წელიწად-ნახევარი ვიმუშავე სალომე ცერცვაძესთან, [ის არის კომპანიის ხელმძღვანელი], სულ გვიგვიანებდა ხელფასს, თუმცა ვერ ვიღებდი ინფორმაციას – რატომ. ვიცით, რომ ხელფასის თანხები ირიცხება შსს-დან, მაგრამ ჩვენამდე არ აღწევს. თუმცა არანაირი რეაგირება ამაზე არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი იცის“- ამბობს ის.
დამსაქმებლის მხრიდან მუქარაზე საუბრობს კიდევ ერთი თარჯიმანი, ზვიად მამულაძე.
„არის ზეწოლა, მუქარები, – „ხმას ამოიღებ გაგაქრობ“, „ვერ იცხოვრებ აქ“, ამიტომ ვერ გამოდის ბევრი, რომ არ აწყობთ კონფლიქტი. ასახელებს ვიღაც მფარველებს, მაგრამ მე ვერავინ შემაშინებს. არც დამუქრების მეშინია და არც არავისი, როცა მართალი ვარ. ვითხოვ იმას, რომ ჩვენი ნაოფლარი მივიღოთ. დღეს რომ არავინ მიგვიღო, ესეც არასწორია, გამოდის, დაუფასებელია ჩვენი შრომა და დაგვტოვეს უყურადღებოდ.
ერთი წელია ვმუშაობ შსს-ში, გასულია 3-4 თვე და არ ამიღია ანაზღაურება. ხან რას იმიზეზებენ და ხან რას.
ჩვენ ვიცით, რომ შსს თავის დროზე რიცხავს ხელფასებს, მათი თანამშრომლები თავის დროზე იღებენ და ჩვენ რატომ არ უნდა ავიღოთ, ჩვენც მათ თანამშრომლებად ვითვლებით.
გვინდა სამართალი, რომ ავიღოთ ის ანაზღაურება, რაც გვეკუთვნის. არაერთხელ გავსულვარ სასამართლოებში, საბაჟოზე, ციხეში შევსულვარ – ყველგან მიმუშავია, თუმცა არ გვაძლევენ ხელფასს“- ამბობს ზვიად მამულაძე
მთვარისა მანაგაძეც შრომითი უფლებების დარღვევაზე გვიყვება.
„6 წელია ვმუშაობ თარჯიმნად, თუმცა სალომე ცერცვაძის კომპანია გასული წლის 6 სექტემბრიდან შემოვიდა. რეალურად, ჩემგან გაიცნეს ეს ქალი, რადგან მე მივყვებოდი ხოლმე სამმართველოებში. ვირივით გვამუშავებდა, დასვენების უფლებას არ გვაძლევდა, გადაღლილს რომ ჩაგვეძინებოდა, რატომ გძინავთო, გვლანძღავდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის და ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ,“- ამბობს მთვარისა მანაგაძე.
ნინო ინასარიძეც შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს:
„სადღაც 1500 ლარი აქვს გადასახდელი, თუმცა არ მიხდის ხელფასს. ორი წელი ვიმუშავე მასთან, სულ ჰქონდა ჩვენთან პრობლემა. მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ძალიან ცუდი სიტყვები მითხრა ბოლოს. ისიც მითხრა, რომ ვერაფერს ვიზამ და ვერც ჩემს ნამუშევარს ვეღირსები.
ამბობდა, რომ კრიმინალური პოლიცია არ ურიცხავდა თანხას და ამიტომ ვერ გვიხდიდა ხელფასს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს თანხები ირიცხებოდა და დამსაქმებელი იქცევა არაკეთილსინდიერად“-ამბობს ნინო ინასარიძე.
ბათუმში, შშს-თან შეკრებილი თარჯიმნები დაახლოებით 12:00 საათისთვის პოლიციის შენობაში შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა თარჯიმნებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სათარჯიმნო მომსახურეობაზე თანხა სრულად გაცემულია, უფლებების დარღვევაზე კი, მათ ამ დრომდე ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„ანაზღაურების პრობლემა ექმნებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებულებას არ ასრულებენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ინტელექტ-მარკეტის“ ხელმძღვანელი, სალომე ცერცვაძე. ეს ის კომპანიაა, ვისგანაც შსს-მ სათარჯიმნო მომსახურება შეისყიდა. სალომე ცერცვაძის თქმით, თარჯიმნებთან შრომითი კი არა, ნარდობის ხელშეკრულება არსებობს, რაც კონკრეტული მომსახურების შესყიდვას გულისხმობს.
ეს ხელშეკრულებები დამსაქმებელს და თარჯიმნებს შორის წერილობით არ არსებობს. დამსაქმებლის თქმით, წერილობით ხელშეკრულება თარჯიმნებს თავად არ მოუთხოვიათ.
„ანაზღაურებას რაც შეეხება, ეს პირები, რომლებიც „ბათუმელების“ ჩართვაში საუბრობდნენ, ზოგ მათგანს სრულყოფილად აქვს ანაზღაურება მიღებული. არიან თარჯიმნები, რომლებსაც თვითონ ორგანიზაციის მიმართ აქვთ დავალიანება, იმიტომ რომ წინასწარ აიღეს ავანსი ორგანიზაციისგან და შემდეგ უკვე ტელეფონს არ უპასუხეს, ან არასწორი თარგმანის გამო მოხდა მათი ორგანიზაციიდან გაშვება და მომსახურების შეწყვეტა.
მათ შეუძლიათ სამართლებრივად იდავონ სასამართლოში და შესაბამისად თუ სასამართლო დაადგენს, რომ მათ ეს ანაზღაურება ეკუთვნით, სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ ვერავინ აღუდგება…
მე, როგორც შპს „ინტელექტ-მარკეტის“ დირექტორი, მათთან ვაფორმებ არა შრომითი ურთიერთობის ხელშეკრულებას, არამედ ნარდობის ურთიერთობის ხელშეკრულებას. ნარდობა არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს. ეს არ არის შრომითი ურთიერთობა. ეს არის მომსახურების ხელშეკრულება შესაბამისი პირობებით. მათი ვალდებულებაა, გაუწიონ შპს „ინტელექტ- მარკეტს“ მომსახურება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში და იყვნენ ყოველთვის კომუნიკაციაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც, ვთქვათ, არ არიან კონტაქტზე, ამაზე წინასწარ გვაფრთხილებენ ხოლმე.
აქ არის სახელმწიფო ინტერესები, რომ გაიწიოს სათარჯიმნო მომსახურება ქვეყნის ინტერესებისთვის. ჩვენ მათ [თარჯიმნებს] 24/7-ზე თავიდანვე ვუთანხმდებით… იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევენ ამ პირობას, ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. წარმოიდგინეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება თარჯიმანი, დანაშაულია ჩადენილი და თარჯიმანი, რომელიც წინასწარ შეთანხმებული გყავს, ტელეფონზე არ გპასუხობს,“ – გვითხრა სალომე ცერცვაძემ.
რადგან თარჯიმნებმა ერთდროულად შეწყვიტეს თანამშრომლობა სათარჯიმნო მომსახურების კომპანიასთან, ვინ უწევს დღეს შსს-ს თარჯიმნის მომსახურებას?
„ჩვენ გვაქვს რესურსი. არიან თარჯიმნები, რომლებიც მუშაობენ და ახორციელებენ მომსახურებას,“ – გვითხრა სალომე ცერცვაძემ.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:






