რუსეთში, სამარის ოლქში, სიზრანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
რუსული არხები ტელეგრამზე წერენ, რომ სამარის ოლქის გუბერნატორმა რეგიონში დრონების საფრთხის შესახებ დაახლოებით დილის 4 საათზე განაცხადა, მოკლე ხანში კი რეგიონში დაიხურა საჰაერო სივრცე ფრენებისთვის.
სამარის გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. თავის განცხადებაში ის ასევე წერს, რომ ქალაქში, არსებულ ვითარებაში, აკრძალულია ფოტო/ვიდეო გადაღება და მასალის გავრცელება.
ტელეგრამ არხი Astra ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ სიზრანში ძლიერი ხანძარია. გაფრთხილების მიუხედავად, ინტერნეტში ხანძრის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება, რომლებზეც კვამლის ღრუბელი და ხანძარი ჩანს ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე არაერთხელ გახდა.
ეს ქარხანა ყოველწლიურად 7-დან 8,9 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.
ამავე დროს, დღეს, 21 მაისს, დილით, „როსავიაცია“ რუსეთში რამდენიმე აეროპორტის დახურვის შესახებ იუწყება, მათ შორის სარატოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, პენზაში, მახაჩკალასა და კალუგაში.






