ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალმა იან იააკოლამ განაცხადა, რომ ფინეთი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს – „ზაპად 2025“.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ფინელი გენერლის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე რუსეთი ცდილობს დასავლეთის ქვეყნების დესტაბილიზაციას.
„ომი უკრაინაში არ არის მასშტაბური სტრატეგიული ოპერაცია. რუსეთს სხვა მიზნებისთვისაც აქვს რესურსები“, – მიიჩნევს გენერალი.
აქამდე წვრთნები – „ზაპადი“ ოთხი წლის წინ ჩატარდა, რომელშიც რუსი და ბელარუსი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.
„კარგად გვახსოვს, თუ როგორ გამოიყენებოდა წვრთნები – „ზაპად-21“ უკრაინაში ომისთვის მომზადების საფუძვლად: მანევრების დასრულების შემდეგ, დანაყოფები დარჩნენ საწვრთნელ მოედნებზე“, – აღნიშნა იანე იააკოლამ და ხაზი გაუსვა, რომ ამ წვრთნებს, შესაძლოა მოულოდნელი სიტუაცია მოჰყვეს.
რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი წვრთნები გასული კვირის ბოლოს დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრები 12-16 სექტემბრამდე რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე, ასევე ბალტიისა და ბარენცის ზღვებში მიმდინარეობს.
პოლონეთმა 11 სექტემბრის საღამოდან სრულად ჩაკეტა საზღვარი ბელარუსთან „ზაპადის“ სამხედრო წვრთნების გამო. ასევე, ლატვიის სეიმმა 11 სექტემბერს ხმა მისცა რუსეთსა და ბელარუსთან ქვეყნის საზღვრების სრულად დახურვას „ზაპადის“ მიმდინარეობისას.
_____________
ფოტოზე: რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები „ზაპად 2025“. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.






