მთავარი,სიახლეები

ქარტია გმობს „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებს

04.09.2025
ქარტია  გმობს „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ოცნების“ მხარდამჭერის მიერ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეთა საპროტესტო შეძახილების ფონზე საზეიმოდ გახსნეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი. ერთ ეპიზოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქტივისტებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს და შეაფურთხეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აგრესია გამოხატეს ჟურნალისტის მიმართაც, რომელიც აღნიშნულ ინციდენტს იღებდა.

გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, „ქართული ოცნების“ ერთმა მხარდამჭერმა გამოცემის ჟურნალისტს ხელი დაარტყა, ხოლო მეორე მხარდამჭერმა, ოდნავ მოგვიანებით, მას შეაფურთხა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა ძალადობის ამ ფაქტებზე არ ირეაგირეს.

ინციდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე აღწერა ლიკა ზაკაშვილმა, „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა.

ლიკა ზაკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა გუშინ მას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში შეუშალეს ხელი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გაღიზიანებულმა იმით, რომ აქტივისტების მიმართ მის შეურაცხმყოფელ ქცევას ჟურნალისტი ტელეფონით იღებდა, ლიკა ზაკაშვილს ხელში ჩაარტყა, თუმცა კი მობილური ვერ გააგდებინა. ამის მერე „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერი ჟურნალისტს უკნიდან მიეპარა და შეაფურთხა.

„პუბლიკას“ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანან როგორც მოძალადე პირები, ისე პოლიციელები, რომელიც, ჟურნალისტის მიმართვის მიუხედავად, თავის მოვალეობას არ ასრულებენ.

მანამდე, იმავე ტერიტორიაზე, ბექა ოდიშარიამ, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, კითხვაზე საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „პუბლიკას“ ფოტოჟურნალისტს მინდია გაბაძეს. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო მინდია გაბაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.

ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა მოძალადე პირებს ახალისებს და სულ უფრო მეტი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, წერტილი დაუსვას ამგვარ პრაქტიკას, პასუხისმგებლობა აიღოს და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტისთვის ხელშეშლისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რომელიც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ასევე, ქარტია მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლოს იმ პოლიციელების ქმედებები, რომელმაც ადგილზე სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს და ჟურნალისტი არ დაიცვეს. ამ პირების იდენტიფიცირება არც პროკურატურასა და არც შსს-ს არ უნდა გაუჭირდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: