მთავარი,სიახლეები

ფინანსური დავის „ქურდული გარჩევა“ ოზურგეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ

24.06.2025
ფინანსური დავის „ქურდული გარჩევა“ ოზურგეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოშობილი ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართეს.

„ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე ჩართული იყო „ქურდული სამყაროს“ ორი მხარდამჭერი.

2024 წლის 22 ივნისს „ქურდული სამყაროს“ წევრმა მოდავე მხარეების და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების მონაწილეობით ოზურგეთში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მან დათქმულ ვადაში გადაიხადა. თანხის ნაწილი დავის გადაწყვეტაში მონაწილე „ქურდული სამყაროს“ წევრს და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს შორის გადანაწილდა“ – წერს პროკურატურა.

პროკურატურამ 2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება) და 273 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა) წარუდგინა.

ოზურგეთის სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო, ქურდული სამყაროს“ წევრობაში კიდევ ერთი ბრალდებულის ქმედება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაზე გადააკვალიფიცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე თემაზე: 

რატომ მიმართავენ ბიზნესმენები სასამართლოს ნაცვლად „ქურდულ სამყაროს“ 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: