სიახლეები

საკონსტიტუციოში ახალ მოსამართლედ რევაზ ნადარაია დანიშნეს

03.04.2025
საკონსტიტუციოში ახალ მოსამართლედ რევაზ ნადარაია დანიშნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ რევაზ ნადარაია დანიშნეს. ის ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე მერაბ ტურავას, რომელიც ამ სასამართლოს თავმჯდომარე იყო ბოლო ხუთი წელი, უფლებამოსილება 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა. მერაბ ტურავა პარლამენტის კვოტით არჩეული მოსამართლე იყო. იმის გამო, რომ „ოცნებას“ ანტიკონსტიტუციურ პარლამენტში 90 დეპუტატი არ ჰყავს, ის ახალ მოსამართლეს ვერ აირჩევს.

ამავე სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს შეუჩერდა ვადაზე ადრე უფლებამოსილება. მან საკუთარი სურვილით მოითხოვა უფლებამოსილების შეჩერება. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ იყო დანიშნული. სწორედ მის ნაცვლად დანიშნა უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ რევაზ ნადარაია.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამჯერად ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 10 წელია.

რევაზ ნადარაია 2021 წლიდან  უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეა. მანამდე იგი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს წევრი.

რევაზ ნადარაია მოსამართლეა 2009 წლიდან. თავდაპირველად იგი ფოთში იყო მოსამართლე, 2012 წლიდან, ანუ „ოცნების“ ხელისფლებაში მოსვლის შემდეგ კი, დაწინაურდა და ფოთოს საქალაქო სასამართლოს თავამჯდომარე გახდა.

2016 წლიდან რევაზ ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, 2017 წლიდან – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

„ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან მაქვს ურთიერთობა. ყველა თავდასხმას პირველი ლევან მურუსიძე იღებდა და ამ გარემოებებმა აქცია ლიდერად, თქვენც აღიარებთ მას ლიდერად, – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა რევაზ ნადარაიამ „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წელს. ამ დროს აირჩიეს რევაზ ნადარაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ.

სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, ევროკავშირის 9 პირობიდან ერთ-ერთი – მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასება, ე.წ. ვეტინგი ეხებოდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს, მათ შორის, რევაზ ნადარაიას.

ნაზი ჯანეზაშვილი, „სასმართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი 2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში გავლენიან მოსამართლეთა მხრიდან ნათესავების, ახლობლების და სხვაგვარად დაკავშირებული პირების მფარველობის შემთხვევებზე საუბრის დროს საუბრობდა რევაზ ნადარაიას შესახებაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: