მთავარი,სიახლეები

სასჯელის ზომა, რომელმაც ოჯახში მოძალადე და მსხვერპლიც კმაყოფილი დატოვა

12.04.2016
სასჯელის ზომა, რომელმაც ოჯახში მოძალადე და მსხვერპლიც კმაყოფილი დატოვა

„მიჩნეულ იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით“, – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლე ირაკლი შავაძემ ოჯახური ძალადობის შემთხვევის განხილვა. მანამდე მოსამართლეს დარბაზიდან ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რეპლიკით მიმართა: „შემაკავებელი ორდერის შემდეგ აღარ ჰქონია ცემას ადგილი. არ მეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე“.

გამოძიების ეტაპზე იმავე ქალმა გამომძიებელს უთხრა, რომ ქმარმა სახლიდან გააგდო ბავშვთან ერთად და აიძულა საცხოვრებლად დედასთან გადასულიყო. „პროკურორმა გაამუქა ყველაფერი, თორემ მე მხოლოდ ის მინდოდა, შემაკავებელი ორდერი გამოეცა პოლიციას და ამით დამთავრდებოდა. მე რით უნდა ვირჩინო თავი, თუ ჩემს ქმარს დაიჭერენ? ჩემი შვილი ჯერ ორი წლისაც არაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ქ.ჯ.-მ სასამართლო დარბაზში, ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად იყო გასული.

ქ.ჯ.-ს ქმარი თურქეთის მოქალაქეა – ო.ჩ. მათ ოჯახი ხუთი წლის წინ შექმნეს და ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ქ.ჯ.-მ პოლიცია მიმდინარე წლის 21 იანვარს გამოიძახა, როცა მოძალადემ მას სახლის დატოვება აიძულა. ქალს პოლიციისთვის გასული წლის ნოემბერში არ მიუმართავს, როცა ის მეუღლემ სცემა.

„ძალადობას ჰქონდა სისტემური ხასიათი. ის სახეში ურტყამდა დაზარალებულს. იმედი მაქვს, სასამართლო გამოიტანს მაქსიმალურად მკაცრ სასჯელს“, – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი საბოლოო სიტყვა პროკურორმა გიორგი რამიშვილმა. მაქსიმალურად შეღავათიანი სასჯელი ითხოვა საბოლოო სიტყვაში დაცვის მხარის ადვოკატმა, ბიძინა ბერიძემ: „ბრალდებული თავიდანვე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ოჯახური იდილია არსებობს, მათ ჰყავთ საერთო შვილი და მკაცრი სასჯელი ამ ოჯახისთვის იქნება ძალიან მძიმე“.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახური ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: