მთავარი,სიახლეები

ჩვილი ბავშვის საკვები და საფენები გაძვირდა

23.12.2020
ჩვილი ბავშვის საკვები და საფენები გაძვირდა

ჩვილი ბავშვის საჭმელი პანდემიის პირობებში ძირითადად 4-5 ლარით გაძვირდა,  ზოგიერთი ბრენდის მოთხოვნად პროდუქტზე კი  ნამატი 7 ლარამდეც ფიქსირდება.

გაძვირდა ხილის ფაფებიც, რომლებსაც 6-7 თვის ჩვილებისთვის დანამატის სახით  რეკომენდაციას აძლევენ პედიატრები.

ჩვილბავშვიანი ოჯახები ამბობენ, რომ ერთი შეკვრა საკვებში 28-დან 35 ლარამდე ეხარჯებათ, რაც ჩვილს 4-5 დღის განმავლობაში ჰყოფნის.

გაძვირდა საფენებიც.

ამ მონაცემების მიხედვით, ჩვილის საკვების საშუალო ფასი თვეში 196-დან 250 ლარამდე მერყეობს, ამას ემატება საფენების ხარჯიც. სასურველი ფირმის ერთი შეკვრა საფენის ფასი 40-45 ლარია, შეკვრაში 50 ცალია, ჩვილებს კი საშუალოდ დღეში 6-8 საფენი სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თვეში ერთი შეკვრა ბავშვისთვის საკმარისი არ არის.

საბოლოო ჯამში ჩვილბავშვიანი ოჯახებისთვის ამ ორი აუცილებლად საჭირო პროდუქტის ყოველთვიური ხარჯი თვეში 350 – 400 ლარი შეადგენს.

პროდუქტის გაძვირებასა და ხარჯების გაზრდაზე ის დედებიც საუბრობენ, რომლებსაც ამ ხარჯების გაწევის საშუალება აქვთ, თუმცა პანდემიის პირობებში ჩვილის საკვებისა და საფენის გაძვირება მათ ბიუჯეტზე მკვეთრად უარყოფითად აისახა.

ნინო დარჩია შვიდი თვის ჩვილის დედაა. ის ამბობს, რომ ექვს თვემდე ბავშვისთვის ყიდულობდა საკვებს, რომელის ერთი შეკვრაც პანდემიამდე 21 ლარი ღირდა,  მას კვირაში ასეთი სამი შეკვრა, ჯამში 63 ლარის ღირებულების საკვები სჭირდებოდა ბავშვისთვის, პანდემიის პირობებში კი ერთი შეკვრის ფასი 33 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის ერთი კვირის სამყოფი საკვების ფასმა 99 ლარს მიაღწია.

„პანდემიის პირობებში ჯერ ორი ლარით მოიმატა ერთი შეკვრა საკვების ფასმა, ამ დროისთვის კი უკვე 7 ლარი არის ნამატი ბავშვის თითქმის ყველა სახეობის საკვებზე, რაც აფთიაქებში იყიდება“ – ამბობს ნინო.

ნინო დარჩია

შვიდი თვის ბავშვისთვის ნინოს უკვე ადაპტირებული რძე და ხილფაფებიც სჭირდება, რაზეც ფასი ასევე გაზრდილია 3-4 ლარით:

„ყველა მშობელს გვინდა, რომ ბავშვს სანდო საჭმელი მივაწოდოთ, ამიტომაც ბაზარში ნაყიდს ვერ ვენდობით, თუნდაც ბოსტნეულს, რადგან არ ვიცით, როგორ არის მოყვანილი, აფთიაქში კი ფასები გაზრდილია. არის ხოლმე პერიოდულად აქციები, მაგრამ ზოგიერთ პროდუქტზე, მაგალითად ადაპტირებულ რძეზე, აქცია არასდროს არის“.

რაც შეეხება საფენებს, ნინოს თქმით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შეღავათად ჩაითვალოს ის, რომ ხშირად არის აქციები.

ორი შვილის დედაა ნინო ადეიშვილი. უმცროსი 1 წლის და 2 თვისაა და  როგორც ნინო გვიყვება, ორი თვიდან ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ საკვების ფასი გაიზარდა, შეფუთვაში საკვების ოდენობა შემცირდა და 700-გრამიანი შეკვრა ახლა 600- გრამიანია, ფასი კი გაიზარდა.

ნინო ადეიშვილი

600-გრამიანი შეკვრა ნინოს ბავშვს 4 დღის განმავლობაში ჰყოფნის, შესაბამისად თვეში 7-8 შეკვრა სჭირდება, ერთ შეკვრას ნინო სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვა ფასად ყიდულობს:

„ყველაზე იაფად 24, 50 ლარად ვყიდულობ, მაგრამ ამ ფასად არის მხოლოდ იმ აფთიაქში, რომელიც ჩემი სახლიდან მოშორებითაა, სახლთან ახლოს აფთიაქში კი შეკვრის ფასი  27, 60 ლარია.  პამპერსს აფთიაქში არ ვყიდულობ, რადგან იქ ძალიან ძვირია. პანდემიამდე  შეკვრა პამპერსი 44 ლარი ღირდა და 46 ლარი გახდა. მე  დიდ შეფუთვებს ვყიდულობ.  საერთო ჯამში ას ლარამდე მეხარჯება პამპერსში და 200 ლარზე მეტი საკვებში.  ხილის ფაფებთან ერთად კი 445 დამიჯდა ეს ყველაფერი, თანაც  ფასდაკლების დღეებში, როცა 2 ლარამდე სხვაობაა“ – ამბობს ნინო.

როგორც დედები ამბობენ, ჩვილების საკვების გაძვირების შემდეგ ბევრი დედა იძულებული გახდა შედარებით იაფფასიან საკვებზე გადაეყვანა ბავშვი, რაც რთული პროცესია, რადგან ერთი სახეობის საკვებზე მიჩვეული ბავშვის სხვა საკვებზე გადაყვანის დროს ბავშვები ზოგჯერ საერთოდ წყვეტენ საკვების მიღებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: