მთავარი,სიახლეები

„ნასვამ მდგომარეობაში ვერ მივიღებთ“ – როცა პანდემიის დროს ღამის თავშესაფარში არ გიშვებენ

05.05.2020
„ნასვამ მდგომარეობაში ვერ მივიღებთ“ – როცა პანდემიის დროს ღამის თავშესაფარში არ გიშვებენ

„მას თავშესაფარში არ იღებენ, რადგან ნასვამია…“ – ამბობს მოქალაქე მზია ქედელიძე, რომელმაც დღეს ბათუმში, გრიბოედოვისა და გორგილაძის ქუჩების გადაკვეთაში, ტროტუარზე მძინარე მოხუცის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში გაავრცელა.

„…იქნებოდა დაახლოებით 70 წლის მოხუცი და 112-ზე დავრეკე. პოლიციელებმა მითხრეს, რომ წინა დღეებშიც გამოიძახეს, მაგრამ მოხუცს თავშესაფარში არ იღებენ, რადგან ხშირად ნასვამია. აქ მცხოვრებმა ადამიანებმაც მითხრეს, რომ უკვე რამდენიმე დღეა ეს მოხუცი ქუჩაში ათენებს ღამეს. ახლა სასწრაფო მოვიდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში, მითხრეს, რომ გადასხმას გაუკეთებენ, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი,“ – გვითხრა მზია ქედელიძემ.

„ნასვამ მდგომარეობაში ვერავის მივიღებთ, ვერც მოხუცს,“ – ამას ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მართვისა და მატერიალური განყოფილების უფროსი, გიგა ბეჟანიძე ამბობს. გიგა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოხუცს თავშესაფარში მიღებაზე უარი უთხრეს.

რა უნდა გაკეთდეს მსგავს სიტუაციაში, როცა ადამიანი, მით უმეტეს მოხუცი, პანდემიის დროს ქუჩაში რჩება?

„არ ვიცი, ამაზე მე ნუ მომთხოვთ პასუხს“, – აღნიშნა გიგა ბეჟანიძემ.

ბათუმის მერიის თანამშრომლის თქმით, გუშინ თავშესაფარში მიღებაზე უარი უთხრეს ერთ ადამიანს, თუმცა ის მოხუცი არ იყო.

„…ის არის დაახლოებით 40 წლის, ჩვენი ყოფილი ბენეფიციარია და როცა თავშესაფარში ცხოვრობდა, ახერხებდა ხშირად ცივი იარაღის შემოტანას, სხვა ბენეფიციარებს ემუქრებოდა. შინაგანაწესის დარღვევის გამო 6 თვის წინ თავშესაფრიდან გავუშვით. ახლა უარი ვუთხარით მიღებაზე, რადგან მხოლოდ თერმოსკრინინგით ვერ მივიღებთ, უნდა შემოწმდეს, დადასტურდეს, რომ Covid19 არ აქვს და შემდეგ შეგვიძლია მივიღოთ,“ – ამბობს გიგა ბეჟანიძე.

ბათუმის ღამის თავშესაფარში სულ 50 ადგილია. დღევანდელი მდგომარეობით თავშესაფარში 32 ადამიანი ცხოვრობს. პანდემიის პირობებში, მათ დღისითაც შეუძლიათ თავშესაფრის ერთ კონკრეტულ ოთახში გაჩერება. ბათუმის მერიის წარმომადგენლის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს თავშესაფარში მყოფი ადამიანები ქალაქში აღარ გადიან. თავშესაფარში ბენეფიციარები დღეში სამჯერ იკვებებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: