მთავარი,სიახლეები

საარჩევნო უბანი დაცვის თანამშრომლით და ტელევიზორით

28.11.2018
საარჩევნო უბანი დაცვის თანამშრომლით და ტელევიზორით

ბათუმის მე-15 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესს დაცვის თანამშრომელიც ესწრება, რომელიც პარალელურ რეჟიმში ტელევიზორს უყურებს და კომისიის წევრებსაც აყურებინებს.

მე-15 საარჩევნო უბანი ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაშია განთავსებული. შენობის შესასვლელში დაცვის თანამშრომლის ადგილია გამოყოფილი, რომელიც ფოიესგან ნახევრად შემინული კედლებითაა გამიჯნული. ფოიეში ამჟამად კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.

“მე არაფერს ხელს არ ვუშლი. საერთოდ არ შემოვდივარ მაქეთ, ჩემთვის ტელევიზორს ვუყურებ, ყველა არჩევნებზე აქ ვარ,”- გვითხრა უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელმა, ამირან წულუკიძემ. იგი ჩვენთან გასაუბრების დროს “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. საინფორმაციო გამოშვებას კომისიის რამდენიმე წევრიც ადევნებდა თვალს, დაცვის თანამშრომლის ჯიხურის პატარა ფანჯრიდან.

ტელევიზორის ხმა ისმოდა ფოიეშიც – დაცვის თანამშრომლის ჯიხური რეგისტრატორებს მაგიდის პირდაპირაა.

უბნის კომისიის თავმჯდომარე, იმედა შარაშიძე მიიჩნევს, რომ დაცვის თანამშრომელი არ შეიძლება ჩაითვალოს არაუფლებამოსილი პირის ყოფნად უბნის ტერიტორიაზე.

“მე ეს საკითხი განვიხილე საოლქოში, ეს ჯიხური არ ითვლება საარჩევნო უბნის ტერიტორიად,”- გვითხრა იმედა შარაშიძემ.

კითხვის დასმის შემდეგ, დაცვის თანამშრომელმა ტელევიზორს ხმა ჩაუწია, შემდეგ კი საერთოდ გამორთო.

“თუკი ტელევიზორი ხმამაღალზეა ჩართული, ეს უნდა შეფასდეს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენად,”- მიიჩნევს ანნა მდინარაძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციის” აჭარის ფილიალის თავმჯდომარე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: