სიახლეები

როგორ დაეხმარებიან პოლონელი ექსპერტები ტურიზმის სპეციალისტებსა და მუზეუმების თანამშრომლებს აჭარაში

30.09.2015
როგორ დაეხმარებიან პოლონელი ექსპერტები ტურიზმის სპეციალისტებსა და მუზეუმების თანამშრომლებს აჭარაში

პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი
პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი

29 სექტემბერს დელეგაციას არჩილ ხაბაძე შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები. ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ მდებარეობას, საზღვრისპირა რეგიონის ურთიერთობას მეზობელ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს.


ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უკვე ორმა ბათუმელმა მედიკოსმა სილეზიის რეგიონის წამყვან კლინიკაში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარა.


აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს პერიოდში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლების გადასამზადებლად პოლონეთიდან ჩამოდიან ექსპერტები, რომლებიც ტრენინგებს ჩაუტარებენ ადგილობრივ კადრებს.

 

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ასევე „თანას“ სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტების გადამზადება და დამატებითი აღჭურვილობის შეძენა ცენტრისათვის, აჭარის მუზეუმების პერსონალის სასწავლო ვიზიტი სილეზიაში, სადაც ისინი შეხვდებიან სილეზიის მუზეუმის ხელმძღვანელებს, ჩაუტარდებათ პრეზენტაციები და ტრენინგები. ასევე ტრადიციული ხელობის, ფოლკლორის ადათ-წესებისა და ტრადიციების გამოყენების მეთოდების შესწავლისა და რეგიონის ტურისტული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდება თანამშრომლობა სილეზიის კულტურის დეპარტამენტთან, რეგიონული კულტურის და განათლების ცენტრებთან. იგეგმება თანამშრომლობა კულტურული ტურიზმის კუთხით, პრეზენტაციები, მონიტორინგი თანამშრომლობის სფეროების გამოკვლევის მიზნით.

 

აჭარისა და სილეზიის რეგიონებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას საფუძველი 2011 წლის 17 ივნისიდან ჩაეყარა, როდესაც ქალაქ კატოვიცეში ხელი მოეწერა აჭარასა და სილეზიის სავოევოდოს შორის შეთანხმებას თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის განვითარების შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს ეკონომიკის, ტურიზმის კულტურისა და ხელოვნების, ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების, ასევე სასოფლო ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს. ამ მიზნით ორმხრივი კომისია, ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს სამოქმედო პროგრამას და ხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.



გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.