ქეთევან დედოფლის ნაწილების 6 თვით საქართველოში ჩამოსატანად ბიუჯეტიდან 343 310 ლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით „ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების 6 თვით საქართველოში ჩამობრძანების ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო თანხა შეადგენს 343 310 ლარს“.

ინფორმაცია, რომ ინდოეთიდან 6 თვით ქეთევან დედოფლის ნაწილებს ჩამოიტანენ და საქართველოს რეგიონებში მოატარებენ, რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, ქეთევან დედოფლის ნაწილების საქართველოში ჩამოტანის პარალელურად, მოეწყობა გამოფენები და საერთაშორისო კონფერენციები, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხები.

„ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები გადასვენებული იქნება სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში და მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებაში კი აღნიშნულია:

  • ეთხოვოთ საქართველოს საპატრიარქოსა და მუნიციპალიტეტებს, მუნიციპალიტეტებში მოძრავი გამოფენების ლოკაციების უზრუნველყოფა;
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს – დავით ლორთქიფანიძეს მიეცეს ინდოეთის მხარესთან მოლაპარაკებებისა და საქართველოს სახელით დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება.

აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით კი:

  • 2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის 254 310 ლარის გამოყოფა;
  • საქართველოს ფინანსთა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა 2018 წელს საჭირო თანხა – 89 000 ლარის ოდენობით გაითვალისწინონ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვისას.

მთავრობის ცნობით, ქეთევან დედოფლის ნაწილების დროებით საქართველოში ჩამოტანაზე ინდოეთის არქეოლოგიურ სამსახურთან შეთანხმება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, იქნა მიღწეული.


ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლ 1570-1624), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოასვენეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY –მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები სავარაუდოდ ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ამავე თემაზე:

ლისაბონში ქეთევან დედოფლის პანოს რესტავრაციისთვის საქართველო 16325 ევროს იხდის

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com