კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ხორუმის და განდაგანას ისტორია

11.07.2015 • 17953
ხორუმის და განდაგანას ისტორია

 

ფოტო აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ვებგვერდიდან
ფოტო აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ვებგვერდიდან

„გურულ-აჭარული ხორუმი, ასე იწოდება, მაგრამ უფრო მეტად განვითარდა აჭარაში. გურიაშიც კი ცეკვავენ და კოსტუმირებაც ერთნაირია, მაგრამ უფრო მეტად აჭარაშია განვითარებული. ახლა შეიძლება აჭარულ-გურულიც ვთქვათ. ხორუმი სრულდებოდა აჭარაში პატარ-პატარა ჯგუფებში. მოცეკვავეთა რაოდენობა აუცილებლად კენტი რიცხვი უნდა იყოს – სამი, ხუთი, შვიდი და ცხრა კაცი. კენტი რიცხვის მოცეკვავეები წრეს უფრო ლამაზად კრავენ“, – ამბობს ქორეოგრაფი თემურ ბიბილეიშვილი.

ხორუმი თავისი რითმით, მუსიკალური წყობით სრულიად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული ცეკვებისაგან.

„აჭარული, მთიულური, ლაზური, ორ მეოთხედზე სრულდება, ამას აქვს ხუთი მერვედი მუსიკის ზომა. ეს ცეკვა არც ერთ ცეკვას არ ჰგავს არა მარტო საქართველოში, საერთოდ დედამიწაზე. ასეთი რიტმი არ არსებობს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე. პირველ რიგში, აჭარის სიმდიდრე, რომ ასეთი უნიკალური ნომერი სრულდებოდა აქ“, – ამბობს ქორეოგრაფი.

მისი თქმით, ცეკვა ხორუმი ხუთი ნაწილისგან შედგება. ცეკვაში ბევრი ისეთი ელემენტია, რომელიც საბრძოლო მოქმედებებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ელემენტების გამო მიიჩნევენ, რომ ხორუმი საბრძოლო ცეკვაა.

პირველი ნაწილია „ჯარის“ შემოსვლა და დაბანაკება. მას შემდეგ, რაც „ჯარი“, ანუ მოცეკვავეები დაბანაკდებიან, მას მზვერავები გამოეყოფიან და არემარეს დაზვერავენ. ეს დაზვერვა ცეკვაში ხელის მოჩრდილვის დეტალითაა წარმოდგენილი.

„ძალიან ბევრი ვიმუშავე მაგაზე და ბევრი წყარო მოვიძიე, მაგრამ პირველად ვინ მოიჩრდილა ეს ხელი და ვინ შეუქმნა ამ ცეკვას ეს იმიჯი, კაციშვილმა ვერ მითხრა. გამოცდილ ქორეოგრაფებსაც ვეკითხებოდი, მაგრამ არავინ იცოდა. ზუსტად ეს ხელის მოჩრდილვა აძლევს ამ ცეკვას იმ შინაარსს, რომ ეს არის საბრძოლო ცეკვა“, – ამბობს თემურ ბიბილეიშვილი.

დაზვერვა არის ხორუმის მეორე ნაწილი. მზვერავი შეიძლება იყოს ერთი, ორი, სამი მოცეკვავე. მიდამოს ხელის მოჩრდილვით ზვერავენ, რომ გაიგონ „მტერი“ სადმე ახლომახლოს ხომ არაა. დაზვერვის ელემენტია ასევე სცენაზე გაწოლა და ყურის დადება. ცნობილია, რომ ძველად სწორედ ასე, მიწაზე ყურის დადებით იგებდნენ მზვერავები რამდენად ახლოს იყო მოწინააღმდეგის ჯარი.

ცეკვის მესამე ნაწილია ე.წ. ფრონტზე შესვლა და ჯარის გაშლა. მოცეკვავეები ამ დროს სცენაზე იშლებიან და სხვადასხვა ილეთს აკეთებენ. მეოთხე ნაწილია უშუალოდ ბრძოლა და მეხუთე ნაწილით – გამარჯვებით, ცეკვა სრულდება. ბრძოლის ნაწილში ერთი ელემენტია. მოცეკვავეები მკლავზე იწვენენ ერთ-ერთ მოცეკვავეს და ისე გაჰყავთ სცენიდან. ეს გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს, რომ მებრძოლი დაიჭრა და მისი თანამებრძოლები ამ ფორმით არიდებენ ხიფათს. თემურ ბიბილეიშვილი კიდევ ერთ მოსაზრებას გვიზიარებს, რომლის მიხედვითაც ხორუმი ერთგვარი შეჯიბრია.

„გურიაში ის ვაჟკაცი იყო ყველაზე დასაფასებელი და ძლიერი, ვინც დვაბზუდან ბუქნებით ჩამოვიდოდა ოზურგეთში. ასეთი ლექსია: „ფარცა, ფარცა, ფარცატილა ყურში სისხლი რამ გადინა? ლაშქარს ვიყავ დავიჭერი, ყურში სისხლი მან მადინა“. სინამდვილეში 5-6 კილომეტრი ბუქნით მოდიოდნენ და იმიტომ ემართებოდათ ასე. შესაძლებელია აქედანაც განვითარებულიყო ხორუმში სხვადასხვა ელემენტი. ხორუმის ცეკვის დროს მოცეკვავეები აკეთებენ ბუქნებს, წამოდგომებს, გასმებს“, – ამბობს თემურ ბიბილეიშვილი.

ხორუმის თავისებური ვერსია აქვთ ლაზებს. ლაზური ხორუმის ერთ სახეობას „მხუჯიში“ ჰქვია. აჭარული ხორუმისგან იმით განსხვავდება, რომ ილეთები ფეხის ნელი გასმით კეთდება. ამის მიზეზი ისაა, რომ თითოეულ მოცეკვავის მხარზე სხვა მოცეკვავე დგას. მოცეკვავეებს ერთმანეთისთვის მხარზე აქვთ ხელი შემოხვეული და ამ გზით ინარჩუნებენ წონასწორობას. ილეთიდან ილეთზე გადასვლა თანის თანაბარი მოძრაობით ხდება. მუსიკა, რომელიც ამ დროს ისმის, ძირითადად, ჭიბონზე და დოლზე სრულდება. მოცეკვავეები ნელი ხმით მღერიან: „შავო ბიჭო, მძივის თვალებიანო“ და ცეკვავენ.

განდაგანა

ფოტო აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ვებგვერდიდან
ფოტო აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ვებგვერდიდან

აჭარულ სატრფიალო ცეკვას „განდაგანასაც“ უწოდებენ. ცეკვაში ქალის პარტია განი-გან სრულდება. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება. აჭარულ ცეკვაში მხარისთვის დამახასიათებელი ყოფა ცხოვრების ელემენტებია გადმოცემული. სხვადასხვა ანსამბლი ცეკვას სხვადასხვაგვარად ასრულებს. ორიგინალ ვერსიაში კი აჭარულის ცეკვას ქალი იწყებს.

„ეს არის ყველაზე ლამაზი საცეკვაო ნიმუში, რომელიც აჭარაში განვითარდა. მართალია, ქალი და კაცი აჭარაში ცალ-ცალკე მუშაობდნენ, მაგრამ ლხინში მაინც ახერხებდა ახალგაზრდობა ერთმანეთთან შეხვედრას. ცალკე ნაწილებად სრულდება ვაჟთა და ქალთა ცეკვები“, – ამბობს ქორეოგრაფი თემურ ბიბილეიშვილი.

მისი თქმით, ცეკვის წარმოშობა ტრადიციულმა ყოფა-ცხოვრებამ განაპირობა. ადრე სოფლებში სხვადასხვა საქმისთვის ნადს იწვევდნენ. ქალები და კაცები იკრიბებოდნენ და მუშაობდნენ. ქალებს დამჯდარი და მოდუნებული მუშაობა დიდხანს არ შეეძლოთ. საჭირო იყო ამდგარიყვნენ და გაემართათ მუხლი. ამიტომ იწყებდნენ მოძრაობას. განდაგანას დასაწყისი სწორედ ამ ნადის განსახიერებაა. ცეკვა იწყება ქალების გამოსვლით. მიზანსცენები სხვადასხვაგვარია – საჩეჩელთან ჯდომა ან ძაფის დართვა.

„ცეკვას თითქოს განსამუხტად იწყებს ქალი. ამას ცოტა მოშორებით მდგომი ბიჭი ხედავს, გამოდის და გოგოსთან გამართავს სატრფიალო ცეკვას. ეცეკვება გოგოს და აწონებს თავს. შემდეგ შემოდიან ბიჭები და გამართავენ მხარულს. ამ მხარული ცეკვის დროს კიდევ გამოჩნდება სხვა წყვილი და ერთმანეთს ეცეკვებიან. სახასიათო მოძრაობებს აკეთებენ. ვაჟები აკეთებენ მკვირცხლ მოძრაობებს, გოგონების მოსაწონად ცეკვავენ“, – ამბობს ქორეოგრაფი.

განდაგანაში არის ერთგვარი შეჯიბრის მომენტი. სოლისტები ერთი-მეორეზე უკეთეს ილეთებს აჩვენებენ, თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს. შემდეგ ისევ ქალი შემოდის სცენაზე. ეს ნიშნავს, რომ ვაჟებმა დაიმსახურეს მისი ყურადღება. ქალები ჰაეროვნად ასრულებენ თითოეულ მოძრაობას.

„ზოგიერთი მოძრაობა ფრინველების მოძრაობასაც კი მიაგავს. მაგალითად, ულამაზესი ფრენა აქვს თოლიას. ეს გამოყენებულია ქალების ხელების მოძრაობაში და უფრო საინტერესოს ხდის მას“, – ამბობს თემურ ბიბილეიშვილი.

ფათიკო

ცეკვა ფათიკო ძირითადად აჭარაში ქორწილში სრულდებოდა. ცეკვა ერთგვარად წარმოადგენს პოლიგამიური ოჯახიდან მონოგამიურ ოჯახზე გადასვლის სურვილს. უფრო დეტალურად, მრავალქმრიანობიდან და მრავალცოლიანობიდან ინდივიდუალურ ცოლ-ქმრობაზე გადასვლას. ამიტომაც ჯოხმომარჯვებული საქმრო დასდევს იმ აბეზარ მამაკაცებს, რომლებიც ქალში ეზიარებიან. ქალის როლსაც მამაკაცი ასრულებდა, რადგან ქალებს ცეკვა ეკრძალებოდათ XIX-XX საუკუნის წესებით. ამ ცეკვას ხშირად მაყარი თხოულობდა, უმეტესად ცეკვა ფათიკოს ითხოვდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: