კვირის ამბები

აშშ-ის ელჩი ბათუმის შესახებ

03.07.2015 • 1759
აშშ-ის ელჩი ბათუმის შესახებ

 

რიჩარდ ნორლანდი გაზეთ ბათუმელების რედაქციაში
რიჩარდ ნორლანდი გაზეთ ბათუმელების რედაქციაში

 

რიჩარდ ნორლანდი: პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. როგორც ვიცი, თქვენმა ონლაინგამოცემამ, ნეტგაზეტი.ge-მ აღმოსავლეთ ევროპის პრესის პრიზი მიიღო ნორვეგიაში. მე და ჩემი მეუღლე ნორვეგიაში ვცხოვრობდით  და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ნორვეგიაში ეს ჯილდო. ასეთი ჯილდოს მოპოვება დიდი წარმატებაა და გილოცავთ.

 

ბატონო ელჩო, რა იყო თქვენთვის საქართველოში მუშაობის სამი წლის მანძილზე ყველაზე დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი მომენტები?

 

– ჩვენ ისეთ პერიოდში ვართ ახლა, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ამ უკანასკნელ წლებში, ვგულისხმობ წყალდიდობას თბილისში. მსურს გმოვხატო მწუხარება ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით.

ვიცით, რომ მრავალ ადამიანზე იმოქმედა ამ ტრაგედიამ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა მზადყოფნა, რომ ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ ქვეყანას აღდგენით თუ სამაშველო საქმიანობაში.

საქართველოს ისტორიის ბოლო სამი წლის მანძილზე, როცა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ვმსახურობდი, ჩემთვის გასაკვირია ის თვისობრივი ნაბიჯები, რომელიც წინ გადაიდგა. 23 წლის წინ ვმუშაობდი საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში ეუთოს წინამორბედ ორგანიზაციაში და ვხედავ, თუ რაოდენ დიდი გზა განვლო საქართველომ. იმ დროს არ იყო ელექტროენერგია, არ იყო გათბობა, ქვეყანას შეიარაღებული ადამიანები მართავდნენ. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ამ პერიოდში: ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და  ამავე დროს პოლიტიკური და დემოკრატიული ცხოვრების მხრივაც. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე იყო, რასაკვირველია, სხვადასხვა დაძაბულობა, წინსვლა, უკუსვლაც, მაგრამ ვხედავთ, რომ ძირითადი ხაზი მიდის დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციისკენ.

 

ამ ხნის მანძილზე ვისთან ურთიერთობას გამოყოფდით საქართველოში?

– როგორც დიპლომატისთვის, როგორც ამერიკის ელჩისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო შევხვედროდი საქართველოს ლიდერებს. როდესაც ჩამოვედი, პირველად შევხვდი პრეზიდენტ სააკაშვილს. შემდეგ გავიცანი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა არჩევნების შემდეგ. მქონდა პატივი შევხვედროდი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პრეზიდენტ მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  ლიდერს დავით ბაქრაძეს. ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა, რომ გამეცნო ეს ადამიანები, გამეგო, როგორი ხედვა აქვთ მათ საქართველოს განვითარებაზე.

 

თქვენი აზრით, თუ შეიცვალა სამოქალაქო საზოგადოება საქრთველოში ბოლო სამი წლის მანძილზე?

 

– მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ ძლიერი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში. სოროსის ფონდი თითქმის დამოუკიდებლობის დღიდან ხელს უწყობდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გაძლიერებას, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ასევე აყალიბებდნენ დიდი დაინტერესებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალი ამბების სააგენტოებს, მაგალითად, როგორიც თქვენია. ასეთი ორგანიზაციები გაძლიერდნენ ბოლო წლებში. ჩემი აზრით, მედია არის ყველაზე თავისუფალი დღეს, მოქალაქეებს შეუძლიათ ისაუბრონ თავისუფლად, რაზეც ფიქრობენ, ვიდრე ოდესმე, ყოველგვარი შიშის გარეშე, რომ მათ ეს წინ დახვდებათ. არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა: საია [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია], საერთაშორისო გამჭვირვალობა, ISFED-ი [სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება], ზოგიერთი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია – ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქართულ საზოგადოებაში.

 

თქვენ ბევრს მოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვა ელჩებისგან განსხვავებით. ამას პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ეს თქვენი მუშაობის სტილია?

 

– პირველ რიგში, ვიცი, რომ ჩემი ევროპელი კოლეგებიც საკმაოდ დიდ დროს უთმობენ მოგზაურობას. ზოგიერთი მათგანი უფრო დიდი ხანია მუშაობს საქართველოში და უფრო კარგად იცნობს ქვეყანას. ერთი რამ, რაც ყველა დიპლომატს ესმის _ თანამედროვე სამყაროში აღარ არის საკმარისი უბრალოდ იცოდე რა ხდება დედაქალაქის ფარგლებში. ზოგიერთს აინტერებს მხოლოდ ის პოლიტიკა, რაც ხდება დედაქალაქში და [თვალთახედვიდან] რჩებათ ის სურათი, რაც ხდება დედაქალაქის ფარგლებს გარეთ, ის, რაც რეალურად გავლენას ახდენს დედაქალაქის ცხოვრებაზე. დიპლომატს რომ ესმოდეს რეალურად რა ხდება ქვეყანაში, საჭიროა მოგზაურობა, საჭიროა საუბარი ადამიანებთან. კიდევ ერთი რამ, რაც უკავშირდება საქართველოში მოგზაურობას: ეს არ არის მხოლოდ სამუშაო, ძალიან ლამაზი ადგილებია საქართველოში, დაწყებული ყაზბეგიდან, გაგრძელებული მესტიით. ბათუმი, ახალციხე… დაუსრულებლად შეიძლება საუბარი ულამაზეს ადგილებზე. და ეს, რა თქმა უნდა, მეხმარება ქვეყნის უკეთ გაცნობაში. ასევე მეხმარება გავეცნო ქართულ კულტურას.

 

როგორც ვიცით, აჭარაში იმყოფებით ბოლი ათი დღის  მანძილზე. ეს სამუშაოს ნაწილია, თუ ისვენებთ?

 

– ჩამოვედით ბათუმში, რომ დავსწრებოდით კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“. შემდეგ იყო ღონისძიება უნივერსიტეტში. ველოდებოდით, რომ ჩატარდებოდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც თბილისში მომხდარი წყალდიდობის გამო გაუქმდა. ასევე, ჩვენ ჩავატარეთ ჩოგბურთის მცირე ტურნირი ბავშვებისთვის საქართველოდან და სომხეთიდან. გავაერთიანეთ სამუშაო იმ შესაძლებლობასთან, რომ გვენახა ქვეყნის ის ნაწილი, რაც ადრე არ გვქონდა ნანახი. ვესტუმრეთ ხულოს, გვქონდა შესაძლებლობა გვენახა ის ულამაზესი ველი [ელჩი იმყოფებოდა სოფელ თაგოში], ვიყავით მტირალას ეროვნულ პარკში, რომელიც ულამაზესი სანახაობაა. ვისარგებლეთ ამ შესაძლებლობით, რომ გავცნობოდით ბათუმის ისეთ ქუჩებს, სადაც სტუმარი არ ხვდება ხოლმე. ვესტუმრეთ პორტს, ნობელის მუზეუმს. ეს ყველაფერი გვახსენებს, რამდენად ისტორიული და მნიშვნელოვანი ქალაქია ბათუმი.

 

ამჟამად თან გაქვთ „ბათუმელებისმიერ გამოცემული წიგნი – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“. წაიკითხეთ ეს წიგნი?

– ეს ფანტასტიკური წიგნია. ამ ვიზიტის დროს მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი წიგნს და თითქმის ბოლომდე წავიკითხე. ეს არის ძალიან კარგი კომბინაცია დოკუმენტური ფოტოების, ძველი პრესიდან ინფორმაციის, ბრიტანეთის საკონსულოს, რუსი პოლკოვნიკების, თურქი ბეგების წერილების… ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციური კრებული ბათუმზე, რომელიც გამოცემულა ინგლისურ ენაზე. ნამდვილად ვურჩევდი ყველას, ვინც დაინტერესებულია ბათუმის ისტორიით, გაეცნოს ამ წიგნს.

 

დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის უნივერსიტეტში ამერიკელმა პროფესორმა რიპკემამ საელჩოს მხარდაჭერით წაიკითხა საჯარო ლექცია კულტურული მემკვიდრეობის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხების შესახებ. ეს თემა საკმაოდ მწვავედ დგას დღეს ბათუმში. ქალაქში იგეგმება გარკვეული საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ეს პროექტები ეხება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებს. თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა არა მხოლოდ ბათუმისთვის, არამედ თბილისისა და ნიუ იორკისთვისაც კი. ჩვენ გვყავდა სპიკერი მოწვეული ქალაქ ნიუ იორკიდან, რომელიც სპეციალიზდება სწორედ ამ თემაზე – როგორ დავაბალანსოთ ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შენარჩუნებასთან. ჩვენი ხედვით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე,  არ     იყოს რაიმე ფარული ან პოლიტიკური გავლენების საგანი, იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ განხორციელდება იმ ფორმით, რაც საუკეთესო იქნება ქალაქისთვის. თანამედროვე სამყაროში ხალხს სამუშაო ადგილები სჭირდება, ქალაქები იცვლება, ახალ ხასიათს იყალიბებს, მაგრამ ზოგჯერ, და ეს ამერიკაშიც არაერთხელ მოხდა, შემოდის ძლიერი ინვესტორი, კეთდება რაღაც, რაც არ იყო განხილვის საგანი კულტურული მემკვიდრეობის ან ისტორიის თვალსაზრისით და შედეგი შეიძლება სამწუხარო დადგეს. საქართველოში მოქალაქეები დაინტერესებული არიან, ეს როგორ დაბალანსდეს. ეს დემოკრატიული ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. გზავნილი ასეთია – მოქალაქეებს, თემს ეთქმის სიტყვა, თუ როგორ მოხდება იმ არქიტექტურის ფორმირება, სადაც ეს თემი და მოქალაქეები ცხოვრობენ.

 

როგორც ტურისტი, ხომ ვერ გამოყოფდით სამ ადგილს ქალაქში, რომელიც ბათუმის ხასიათს უსვამს ხაზს?

– პირველი – ბოტანიკური ბაღი, შესანიშნავი ადგილია. მეორე – პორტი და პორტის გარშემო ადგილები. ძალიან მიყვარს გემების ყურება, ეს ადგილი მეტყველებს იმაზე, რომ ბათუმი ინდუსტრიული, აქტიური ქალაქია და ეს არ არის მხოლოდ ის ქალაქი, სადაც ხალხი დასასვენებლად და მზეზე გასარუჯად ჩამოდის. მესამეა აბაშიძის ქუჩა, სეირნობ ამ ქუჩაზე, ათვალიერებ დაბალ შენობებს აივნებით, ნესტით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავ და თავს ისე გრძნობ, თითქოს ნიუ ორლეანში ხარ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული გრძნობაა. 

 

რას აპირებთ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, სად გეგმავთ მუშაობას?

– ვაშინგტონში გავემგზავრები, როგორც ჩანს. სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას უნივერსიტეტებში. ალბათ,  ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტში ვიმუშავებ დიპლომატიის სკოლაში. ჩემი როლი იქნება სტუდენტებს ვასწავლო დიპლომატიის პრაქტიკული მხარეები. ჩემი მეუღლე ჯორჯ თაუნის სამართლის სკოლის პროფესორია და ისიც დაუბრუნდება თავის სამუშაოს.

 

თუ აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას მომავალში მეუღლესთან ერთად დასასვენებლად?

– ნამდვილად. ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ჩვენს გულებში ყოველთვის დარჩება საქართველოს ნაწილი, ყოველთვის გვექნება სურვილი, რომ დავბრუნდეთ, ბათუმში განსაკუთრებით.

 

 

გადაბეჭდვის წესი