კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

საქორწინო ტრადიციები აჭარაში

17.04.2015 • 11128
საქორწინო ტრადიციები აჭარაში

თუ ოდესმე აჭარულ ქორწილში მოხვდებით, სადილის შემოტანის რიტუალი აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

საგანგებოდ მორთული ხუთი დიდი კალათი შუა ქორწილის დროს ხუთ ბიჭს შემოაქვს მხარზე შედგმული. კალათებით საქორწინო სუფრებს მოივლიან და მერე მეფე-დედოფლის მაგიდის წინ დადებენ. სადილი, რომელიც ტკბილეულისგან შედგება (ბაქლავა და შაქარლამა), გათხოვილი გოგოსთვის ოჯახის წევრებს მიაქვთ.

ხალხურ თქმულებას თუ დავუჯერებთ, სადილის მიტანის ტრადიცია აჭარაში გამუსლიმანების შემდეგ დამკვიდრდა. თუმცა დღეს მნიშვნელობა არ აქვს ქორწილს ქრისტიანი იხდის თუ მუსლიმი – სადილი ნებისმიერი  ქორწილის განუყრელი ნაწილია.

ციცინო სამნიძე

ქედაში მცხოვრები ციცინო სამნიძე 25 წელია ე.წ. სადილებს ამზადებს, თვეში საშუალოდ ხუთს.

„სადილი შედგება ბაქლავისა და შაქარლამისგან. სტანდარტულ სადილის კალათებში  300 ნაჭერი ბაქლავა და 80 შაქარლამა თავსდება. ახლა დაემატა შოკოლადები და  შამპანური ან ლიქიორი. წესი არის ასეთი –  სადილი უნდა შედგებოდეს ხუთი კალათისგან. აქედან ერთი კალათი გამორჩეულია –  ნეფე-დედოფლისაა, დანარჩენი ოთხი –  ერთნაირია. თუ ოჯახს საშუალება არ აქვს, უფრო ცოტა რაოდენობის კალათით მიაქვთ სადილი, თუ შეძლებულია, მაშინ კალათების რაოდენობა შეიძლება ხუთზე მეტიც იყოს. როცა გოგო თხოვდება, აუცილებელია, რომ ოჯახმა სადილი გაუკეთოს,“ –  ამბობს ციცინო სამნიძე.

ციცინო იხსენებს, რომ რვაასი ნაჭერი ბაქლავითაც გაუწყვია საქორწილო სადილის კალათები.

ადრე სადილი ქორწილის გარეშე, ცალკე მიჰქონდათ. ამ დროს გოგოს ნათესავები მიდიოდნენ ახალდაქორწინებულების ოჯახში და მიჰქონდათ ბაქლავითა და შაქარლამით სავსე კალათები. ამას გარდა ნათესავები გოგოს ჩუქნიდნენ ფულს ან სამკაულს. დღეს ეს ტრადიცია შეიცვალა და სადილი ძირითადად ქორწილებში მიაქვთ.

საქორწინო რიტუალში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სიძე-პატარძლისთვის განკუთვნილ კალათს. ეს კალათი სხვა კალათებისგან (რომლებიც ბაქლავითა და შაქარლამითაა სავსე) განსხვავებულია. სიძე-პატარძლის კალათში დევს ორი მსხლის ან ვაშლის ფორმის შაქარლამა. ამ შაქარლამებიდან ერთ-ერთში ფული ან ოქროს ბეჭედია ჩადებული. ხალხური თქმულების მიხედვით, როდესაც სიძე-პატარძალი შაქარლამას გატეხავს, ვისაც ფული ან ბეჭედი შეხვდება, ქორწინებაში ის უფრო ბედნიერი იქნება.

„როდესაც სადილს მიკვეთავენ, წინასწარ მოაქვთ ჩემთან შაქარლამაში ჩასადები ფული ან ოქრო. სადილის დამზადებას მინიმუმ ერთი დღე სჭირდება. ბაქლავას ჟარონებზე ვაცხობ. ერთი ჟარონიდან 20 ნაჭერი ამოდის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა სადილის გაკეთება. კარგი უნდა გამოვიდეს, რომ არ შერცხვე და ოჯახი, რომელსაც სადილი მიაქვს, არ შეარცხვინო. სულ ვნერვიულობ, ვფიქრობ – ნეტა ცუდი გამოვიდა თუ კარგი. ქორწილის შემდეგ, როცა ვიღებ პასუხს, რომ კარგი გამოვიდა,  ვმშვიდდები,“ – ამბობს ციცინო სამნიძე. 

დღეს ოჯახს საშუალოდ სადილის მიტანა 500 ლარი უჯდება. 

„როცა მოდიან, ვეუბნები – ერთი ნაჭერი ბაქლავა ლარ-ნახევარი ღირს. 450 ლარი ჯდება 300 ნაჭერი ბაქლავა. ამაში შედის 80 შაქარლამაც და შოკოლადიც, ასევე კალათების მორთვაც. ხოლო შაქარლამაში ჩასადები ოქრო ან ფული სადილის შემკვეთს მოაქვს. სადილის მიტანა ძვირი ჯდება, მაგრამ აუცილებელია და დიდ სირცხვილად მიიჩნევა, თუ არ მიუტან,“ – ამბობს ციცინო სამნიძე.

„იმდენად ძვალსა და რბილშია გამჯდარი, რომ ოჯახი უკანასკნელ თეთრს გაიღებს სადილის მისატანად. თუ არის ოჯახი, რომელმაც ვერ შეძლო შვილისთვის სადილის მიტანა და მაგალითად, გარდაიცვალა დედა ან მამა, ის შემდგომ შთამომავლობას აუცილებლად ანდერძივით გადასცემს, რომ გათხოვილი გოგოსთვის სადილი მისატანი აქვს და აუცილებლად უნდა მიუტანონ,“ – ამბობს ფოლკლორის სპეციალისტი ლია მახარაძე.

დღემდე ხალხში ლეგენდადაა შემორჩენილი ის ამბავი, თუ როგორ დაწესდა სადილის (ტკბილეულის) მიტანა.

თურმე ერთხელ ფეიღამბერი (უფლის მოციქული) სახლს აშენებდა, მას სამი ხელოსანი ჰყავდა დაქირავებული. ხელოსნებმა სახლი რომ ააშენეს, სამაგიეროდ გოგო სთხოვეს ცოლად. ფეიღამბერს მხოლოდ ერთი გოგო ჰყავდა, რომლისთვის უნდა მიეცა, არ იცოდა. მან ერთ ღამეს გოგოს ოდაში ძაღლი და ვირი შეაგდო. დილას კი სამი ერმანეთის მსგავსი ულამაზესი გოგო დახვდა. ადგა და ეს გოგოები მიათხოვა თავის ხელოსნებს. ფეიღამბერმა ერთ დღეს ცოლს გამოაცხობინა ტკბილეული და წავიდა ამ გოგოების ოჯახში სტუმრად. სურდა გაერკვია, თუ რომელ ოჯახში იყო მისი შვილი. მივიდა პირველთან და ჰკითხა: როგორია თქვენი რძალი, რას საქმიანობსო? უთხრეს: კარგია, მაგრამ ვირივით ჯიუტიაო. მიხვდა, ვირის სოის (ჯიშის) არისო. წავიდა მეორესთან, იმასაც ჰკითხა. იმან უპასუხა: ძალიან კაია, მაგრამ ერთი ცუდი ჩვევა აქვს –  ცუდ სიტყვებს ამბობს, ძაღლივით გვექცევაო. მიხვდა ფეიღამბერი: ის ძაღლის ჯიშისააო. წავიდა მესამესთან და იკითხა, როგორიაო? – ძალიან კარგია, ადამიანური ქცევები აქვს ყველაფერშიო. მიხვდა, რომ ის მისი შვილი იყო. გაუხარდა ფეიღამბერს, ადგა და იმ ოჯახში დატოვა პურები და ტკბილეული. ასე დაწესდა სადილის მიტანა.

ტკბილეულს, რომელიც სადილის სახით მიაქვთ ქორწილებში, იქვე, სუფრაზე ურიგებენ სტუმრებს.

ადრე ბაქლავის ნაცვლად ყათმერი მიჰქონდათ. ყათმერი ფქვილით, თაფლითა და ნიგვზით კეთდება. ცომს მაწვნით ზელენ, ცოტა რომ აფუვდება, ზემოდან ნიგოზს აყრიან და თაფლს უსვამენ. შემდეგ გამდნარ კარაქს ასხამენ და სამკუთხედად კეცავენ. მზა ფორმას კვერცხის გულს უსვამენ და აცხობენ. გამომცხვარს კი ისევ კარაქს უსვამენ. ამ ტკბილეულს ყათმერ პურს ეძახდნენ.

ძველად აჭარაში ქორწინების სამი წესი იყო გავრცელებული. მოტაცება, გარიგება და ე.წ. „დაჯდომა“.

ქორწინების ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო გარიგება. გარიგებაში, როგორც წესი, გოგოს და ბიჭის მშობლები მონაწილეობდნენ. მშობლები წყვეტდნენ ვის უნდა გაყოლოდა მათი შვილი. დიდი ყურადღება ექცეოდა ოჯახის წარმომავლობას, შეძლებულობას და პატიოსნებას. ქორწინების საქმეს შუამავალი აგვარებდა.

როგორც წესი, ძველად ძირითადად ისე ქორწინდებოდნენ, რომ გოგო და ბიჭი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მათი შეხვედრა ქორწილის დღეს დგებოდა. ქედის კულტურის ცენტრში არაერთი მსგავსი ისტორიაა შემორჩენილი. აი, რას ყვება სოფელ კანტაურში მცხოვრები ლამარა ხალვაში. 

„ნიშნობა ხდებოდა ისე, რომ გოგო და ბიჭი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ქორწილის შემდეგ გაიცნობდნენ ერთმანეთს. ქორწილი ღამით იცოდნენ. თუ შორი იყო, დედოფალი მორთულ-მოკაზმული ცხენით მოყავდათ, თუ ახლოს იყო – ფეხით. დედოფალს ტანზე ჩერჩეფი (ჩადრი) ჰქონდა მოხვეულის. პირზე ფეჩა (პირბადე) ჰქონდა ჩამოფარებული, რომ არვის დეენახა. დედოფალს ორი დადე (მეჯვარე) ჰყავდა. ეს დადეები დედოფალს ცავდენ, არვის დაანახვებდენ. ეზოში რომ მიიყვანდენ, დედამთილს დუუძახებდენ და ასე მუუმღერებდენ: „დედამთილო, გამოგვხედე, მოგიყვანეთ სახლის რძალი, ავი თვალით თუ შეხედო, ძაღლმა გახრას შენი ძვალი“.

დედამთილი რძალს კენჭი შაქარს გადააყრიდა (მაშინ კანფეტი ნაკლები იყო). საინს გაატეხიებდა, კარებზე დანებს მიასობდენ და შეიყვანდენ სახლში, მიიყვანდენ კერაზე, ხელს მოასმევიებდენ და ასე ეტყოდენ: ეს კერა შენიაო.

მერე დედოფალს ფარდაში დააყენებდენ და ფეხებთან ძირს ფეშკირს (პირსახოცს) გაუგებდენ. ვინც დედოფალს ნახავდა, ფარას აჩუქებდა და ფეშკირზე დუუდებდა. დედოფალი მადლობის გადახდით თემენას გუუკეთებდა. ბოლოს დედოფლის ძმას უნდა ეეხადა სახეზე ფეჩა, მაგრამ ამ ფეჩის ახდაში მამათილს ბევრი ფარანა მიეცა. მაყარი დილამდის სმა-ჭამით ირთობდა თავს. ქორწილის შემდეგ ამ ფეშკირს გაჭირვებულს  მისცემდენ,“ –  ეს ისტორია ლამარა ხალვაშისგან წონიარისის  კულტურის სახლის დირექტორმა თამარ ბოლქვაძემ 2012 წელს ჩაიწერა.

ხშირად ხდებოდა ისე, რომ მოტაცება გოგოს დედასთან შეთანხმებული იყო. ან იმ შემთხვევაში, თუკი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ ქორწინების. ასევე ქალს იტაცებდნენ მაშინაც, თუ წყვილს ერთმანეთი უყვარდა, სიძეს კი „ნიშან-ბოხჩის“ მიტანის საშუალება არ ჰქონდა.

ქორწინების არც თუ ისე გავრცელებული ფორმა იყო ე.წ. დაჯდომა. ქალს თუ ბიჭი მოეწონებოდა, ადგებოდა, სახლიდან გაიპარებოდა, ბიჭის ოჯახში მივიდოდა და დაუჯდებოდა. ბიჭს უფლება ჰქონდა უკან გამოებრუნებინა. ეს ქალისთვის დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ამიტომ ასეთ დროს საქმეში მაჭანკალი ერთვებოდა. მაჭანკალს აჭარაში „ჯაზი ნენეს“ უწოდებდნენ. სწორედ მისი მეშვეობით გვარდებოდა ქალ-ვაჟს შორის ურთიერთობა.

ძველებურ ქორწილში ხშირად იმართებოდა შეჯიბრება დედოფლის მაყარსა და დამხდურებს შორის როგორც ცეკვა-სიმღერებში, ასევე შაირებში, გამოცანების გამოცნობასა და ანდაზებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: