Batumelebi | შრომითი მიგრაციაააა შრომითი მიგრაციაააა – Batumelebi
RU | GE  

შრომითი მიგრაციაააა

 

შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება. დღეს, დაახლოებით, 105 მილიონი ადამიანი მუშაობს საკუთარი სამშობლოს (თავისი მოქალაქეობის ქვეყნის) გარეთ. შრომითი მობილურობა გლობალიზაციისა და გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. შრომითი მიგრანტების შემოსავალმა 2011 წელს მიაღწია 440 მილიარდ დოლარს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 350 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა ფულადი გზავნილების სახით გადაირიცხა განვითარებად ქვეყნებში.

 

რამდენადაც შრომითი მიგრაცია დაკავშირებულია საზღვრის კვეთისა და გადაადგილების საკითხებთან, ის საერთაშორისო ფენომენია. დასაქმების მიზნით გადაადგილების პროცესი დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორებიცაა: მოქალაქეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების პოლიტიკის ეფექტურობა, დემოგრაფიული ასპექტები, ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხები და სხვა. ამიტომაც, დღეს, ნებისმიერი სახელმწიფო უდიდეს ძალისხმევას მიმართავს შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვისაკენ. თუმცა, რისკები და ზიანი მაინც ახლავს შრომითი მიგრაციის პროცესს. გამომდინარე აქედან, მუდმივი დღის წესრიგია, პროცესის საკანონმდებლო რეგულირება და მისი სრულყოფა.

 

 

 

შრომითი მიგრაცია ორივე მხარისთვის – როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნებისთვის – აქტუალურია. ერთი მხრივ, წარმოშობის ქვეყნები შრომითი მიგრაციისგან იღებენ სარგებელს, რადგან ის ამსუბუქებს უმუშევრობის წნეხს, ფულადი გზავნილების საშუალებით აუმჯობესებს ვითარებას, ხელს უწყობს ცოდნის გადაცემას. მეორე მხრივ, მიგრანტთა მიმღებ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია, სათანადოდ ორგანიზებული შრომითი მიგრაციის დროს მსუბუქდება მდგომარეობა და უფრო ეფექტური ხდება მობილობა.

 

საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო რეგულირება მწირია. არ არსებობს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის როგორც ემიგრაციის ქვეყანა (საქართველოს მოქალაქეები მიდიან სხვა ქვეყნებში დასაქმების მიზნით. პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარებული მრავალმხრივი კრიზისის შედეგად ცხოვრების დონის კატასტროფულმა დაცემამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა ფიზიკური გადარჩენისთვის გამოსავალი საზღვარგარეთ დასაქმებაში ეძებნა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ვერ შემცირდა მისი ინტენსიურობა, ვერ მიიღო ხელსაყრელი და ლეგალური ფორმა), ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმღებს (დასაქმების მიზნით). შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო რეგულირება აუცილებელია, როგორც საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დაცვის, ასევე, ქვეყნის შიგნით შრომითი ბაზრის რეგულირების მიზნით.

 

საქართველოს რატიფიცირებული აქვს „ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული)“, რომლის დებულებები შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით, ქვეყნისთვის აღსასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს რატიფიცირებული აქვს, აგრეთვე, სხვა კონვენციებიც, რომლებიც გარკვეულწილად ეხება შრომითი მიგრაციის სფეროს: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 181-ე კონვენცია „დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ“; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 88-ე კონვენცია „დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ“; „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია. ასევე, კონვენციები, რომლებიც არეგულირებენ ტრეფიკინგის საკითხებს და სხვა. თუმცა საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული შრომითი მიგრაციის სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კოვენციები. პრაქტიკაც ვერ განვითარდა იმგვარად, რომ შეიქმნას და ფუნქციონირებდეს ისეთი დასაქმების ორგანიზაციები, რომლებიც კანონის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურ დასაქმებას შეუწყობდნენ ხელს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორს თანამშრომლობა შრომითი მიგრაციის რეგულირების სფეროში. ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივამ სერიოზული ბიძგი მისცა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარებას ქვეყანაში.

 

 

,,პარტნიორობამობილურობისათვის (Mobility Partnership) ფარგლებში თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. 2007 წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა კომუნიკე “ცირკულარული მიგრაცია და პარტნიორობა მობილურობისათვის ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის“,  რომლის თანახმად, მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით ახორციელებს მიგრაციის ნაკადების მართვისა (აღრიცხვა, მონიტორინგი, ანალიზი, პოლიტიკის ჩამოყალიბება) და ლეგალური მიმოსვლის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 2009 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი “პარტნიორობა მობილურობისათვის”.

 

“პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივა ითვალისწინებს თანამშრომლობას მიგრაციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიგრაციის მართვა, შრომითიმიგრაცია, რეადმისია, რეინტეგრაცია, დიასპორა, დოკუმენტაციის უსაფრთხოება, მიგრაციის ერთიანი საინფორმაციო ბაზა და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირთან, შრომის ბაზარი და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების საკითხები. აღსანიშნავია, რომ “პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს „ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ და „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“. ორივე შეთანხმება არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტია.

 

“პარტნიორობა მობილურობისათვის” ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა საფრანგეთთან. მოლაპარაკებების 2 რაუნდის შედეგად შეთანხმებულ იქნა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმების ტექსტი. შეთანხმების მთავარი კომპონენტია საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვოტების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შექმნა (500 პირი). შეთანხმება ითვალისწინებს ქართველი სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის ბინადრობის დროებითი უფლების მინიჭების, ახალგაზრდა სპეციალისტების ურთიერთგაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს (დამატებით 150 პირი).

 

2010 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის #314 დადგენილებით შეიქმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, ხოლო 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობამ #59 დადგენილებით  დაამტკიცა მიგრაციის სტრატეგია, სადაც შრომითი მიგრაციის საკითხებს ყურადღება მიექცა.  აქედან გამომდინარე, არის ძვრები იმ მიმართულებით, რომ შემუშავდეს კანონპროექტის შრომითი მიგრაციის შესახებ.

 

გარდა, ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის პროცესის საკანონმდებლო რეგულირების საჭიროებისა, მნიშვნელოვანია,  ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, სხვა ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების პრაქტიკის დამკვიდრება და განვითარება, რის ფარგლებშიც სამუშაო ძალის საზღვარგარეთ გასვლა და დაბრუნება იქნება ლეგალური, ასევე, ადგილი ექნება ღირსეულ შრომას და საბოლოოდ სამუშაოდ გასული მოქალაქეები განსაზღვრული დროის შემდეგ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვეყანას (დემოგრაფიული ასპექტი).   

 

დღეის მონაცემებით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატში  „პარტნიორობა მობილურობისათვის” ფარგლებში თორმეტი პროექტი დასრულებულია და შვიდი არის განხორციელების ფაზაში.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
რეკლამა