მთავარი,სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ მზის დაკვრის შემთხვევაში

17.08.2014 • 18944
რა უნდა ვიცოდეთ მზის დაკვრის შემთხვევაში
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს მზისა და სითბური დაკვრის საშიშროება.  ადამიანის  ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია, ანუ სხეულის ტემპერატურის მომატება. ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა – მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს.

ორგანიზმი სითხის აორთქლების გზით ჭარბ სითბოს გასცემს.  თუ ეს მექანიზმი რაიმე მიზეზით შეფერხდა, ორგანიზმი გადახურდება და სითბურ დაკვრას იღებს: იმატებს სხეულის ტემპერატურა, ფართოვდება სისხლძარღვები და ძლიერდება ოფლის გამოყოფა; ძლიერი ოფლდენის გამო ორგანიზმი დიდი ოდენობით წყალს კარგავს, რაც ზრდის სისხლის სიბლანტეს; სქელი სისხლის გადაქაჩვა ადვილად ღლის გულის კუნთს და იწვევს არტერიული წნევის დაცემას; პარალელურად იშვიათდება სუნთქვა.

მზის დაკვრის დროს ადამიანს აწუხებს სიცხის შეგრძნება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუ, ყურებში შუილი, მხედველობის დაბინდვა, გულის ფრიალი, პირის სიმშრალე, წყურვილი, ხანდახან ცხვირიდან სისხლდენა. ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა და ღებინება. კანი წითელი ფერისაა, ოფლით დაფარული. ტემპერატურა ზოგჯერ მატულობს, სისხლის წნევა დაბალია. შეიძლება განვითარდეს ხანმოკლე გულისწასვლა გახშირებული  პულსაციით. მზის დაკვრას პარალელურად შეიძლება ახლდეს მზისგან დამწვრობის ნიშნებიც: დახეთქილი და დაწითლებული კანი, ბუშტუკები სხეულზე, მძიმე შემთხვევებში ვითარდება კრუნჩხვები, ბოდვა, ჰალუცინაციები, გრძნობის დაკარგვა ხანგრძლივი დროით (კომატოზური მდგომარეობა), რასაც შეიძლება მოჰყვეს სიკვდილი. ამის მიზეზია ძირითადად მზეზე, ცხელ ამინდში დიდხანს გაჩერება შიშველი თავით და/ან სხეულით, მაგალითად გარუჯვისას ჩაძინება, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება პლაჟზე.

რისკის ჯგუფები

სითბური და მზის დაკვრის რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან:  ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, მათი ადვილად მოწყვლადი თერმორეგულაციის გამო, ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ღია ფერის კანი და თვალები.

როგორ ავიცილოთ თავიდან 

იმისათვის, რომ ეს ყოველივე თავიდან ავიცილოთ, საჭიროა: 11:00-დან 17:00 საათამდე ზღვის სანაპიროზე გასვლისგან თავის შეკავება, ვინაიდან დღის ამ მონაკვეთში მაღალია რადიაციული ფონი და მზის სიმხურვალე. ასევე მზეზე ნუ გაჩერდებით დიდი ხნით, ქოლგის ან ქუდის გარეშე, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე დღის  განმავლობაში, ატარეთ ღია ფერის სამოსი, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს. სასურველია გარუჯვისა და ზღვაში ბანაობის ხშირი მონაცვლეობა, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, საცხოვრებელი და სამუშაო შენობების კარგად განიავება, ვენტილაცია, შედარებით დაბალი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება.

თამარ ლომთაძე

პირველი დახმარება მზის დაკვრის შემთხვევაში

პირველი დახმარება მზის დაკვრის შემთხვევაში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რადგან თუ პირველი დახმარება დაგვიანდა, მდგომარეობა დამძიმდება. პირველ რიგში, დაზარალებული უნდა მოვათავსოთ გრილ ადგილას, თუ მსუბუქი გადახურებაა და უმნიშვნელო დისკომფორტს განიცდის, მაშინ უნდა მიიღოს გრილი შხაპი ხუთი წუთის განმავლობაში, სხეული კარგად გაიმშრალოს და წოლითი რეჟიმი გააგრძელოს. ნებისმიერი სიმძიმის დროს, აუცილებელია დიდი რაოდენობით ცივი სასმელი: წყალი, ლიმონათი,ხილის წვენები, მინერალური წყალი (ეს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გონზეა).ხოლო თუ შხაპის შესაძლებლობა არ არის, მაშინ თავზე უნდა დავადოთ ყინული და შევახვიოთ სველ ზეწარში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიიღებთ სხეულის დამწვრობას, ნურასოდეს დაარღვევთ დამწვრობისას წარმოქმნილი ბუშტუკების მთლიანობას, რითაც თავიდან აიცილებთ სხეულის ინფიცირების რისკის გაზრდას. ასეთ შემთხვევებში არ გამოიყენოთ მაწონი, ზეთი, მაიონეზი და სხვა მსგავსი საშუალებები (რაც ხალხში ასე ფართოდ არის გავრცელებული). უმჯობესია გამოიყენოთ მალამოები (კოლხური, თურმანიძე, ფიტომალი), ასევე ეფექტურია პანთენოლის სპრეი. ასე რომ, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ზაფხული თქვენთვის მშვიდობიანად ჩაივლის.

გადაბეჭდვის წესი