მთავარი,სიახლეები

მემტრედე ბარცხანიდან

24.06.2014 • 8690
მემტრედე ბარცხანიდან

45 მტრედი, ორი გორდონის ჯიშის ძაღლი, ორი გორდონის და ერთი პოინტერის ჯიშის ლეკვი, ორი შვილი, 4 შვილიშვილი, ერთი შვილთაშვილი და მეუღლე – ასეთია რომან მატკავას დიდი ოჯახის შემადგენლობა.

„ოჯახში რაც არ უნდა გული მომაყვანინონ, გამოვალ, მტრედებს პურის კაკალს დავუყრი, სიგარეტს მოვწევ, ძაღლებს ვაჭმევ და ვმშვიდდები. შვილიშვილებს რომ ვეძახი მოდით ჭამეთ-მეთქი, არ მიჯერებენ, მტრედებს ერთს დავუძახებ და მოდიან,“ – ასე იწყებს ბატონი რომანი საუბარს ჰობიზე, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

„მამაჩემსაც ჰყავდა ადრე, ცხონებულს, მტრედები. ძაღლებიც ჰყავდა, ნადირობდა. მერე მეც მივეჩვიე. რამდენი გზობა ვიფიქრე, არ მინდა-მეთქი,  ვითომ დავანებე თავი, მაგრამ  მაინც დავიწყე. ერთი მეშოკი პურის კაკალი მიდის თვეში ამათ ჭამაში. ეს თუ პატარები არ ჰყავთ. თუ პატარები ჰყავთ, მაშინ უფრო მეტი სჭირდებათ. ათასობით ჯიშის მტრედია. ვის რომელი უყვარს, ყველას ის ჯიში ჰყავს.  მე, მაგალითად, სამი-ოთხი ჯიშის მტრედი მყავს. მოვლა სჭირდება, შრომას მოითხოვს. სისუფთავე უნდა, წყლის გამოცვლა, ვიტამინები. ხანდახან  იცის მოწყენა. ბუნტყლის გამოცვლის დროს ვეძახით. ასეთ დროს სჭირდება  ტეტრაციკლინი, წყალში ვუზავებ და ვასმევ. სამტრედეც ყოველ მესამე დღეს უნდა გამოწმინდო. ჭამას რაც შეეხება, საერთოდ ნათქვამია, რაც მტრედს წონა აქვს, ის საკვები უნდა დღეში. 150-200 გრამამდე ჭამენ თითქმის დღიურად, პურის კაკალს, გაროხს, ბრინჯს, წვრილი სიმინდის გადაყლაპვა შეუძლიათ, დიდ სიმინდს ვღერღავ და ისე ვაჭმევ. რომ გყავს, უნდა მოუარო, ანდა უნდა შეკვეცო, არ უნდა გააწვალო. ყველაფერს მოვლა-პატრონობა უნდა. ჩემს ჭიას ვიკლავ. არავის ვაწუხებ, ვპატრონობ,“ – ამბობს რომან მატკავა.

მას შემდეგ, რაც მტრედები აპურებს, სამტრედისკენ მიმიძღვის და მტრედებს მათვალიერებინებს.

„ეს შავკუდა მტრედებია. ეს თეთრებია, აგერ წითელიც. ფოჩტარი ეგერაა, ზემოთ ასული. საფოსტო მტრედი ორი მყავს. საფოსტო მტრედებს ძირითადად ომის დროს იყენებდნენ. ორ გრამამდე მიაქვს, აბამდნენ ფეხზე წერილს და ათასობით კილომეტრს გადიოდნენ. როცა ახალი ჯიშის მოშენება გვინდა, კვერცხებს გვაძლევენ და მერე ვუდებთ მტრედებს. ბარტყი თვე-ნახევარი-ორი თვე დამოკიდებულია მშობლებზე“.

მისივე თქმით, ბარტყებს მუდმივად სითბო უნდათ, ამიტომ ღამით დედალი ზის ბარტყებთან, დღისით – მამალი. ორი თვის შემდეგ დედალი ახალ კვერცხზე მიდის და  ბარტყს აღარ აჭმევს. ამიტომ მას მხოლოდ მამა ზრდის.

„აი, წუხელ გამოუჩეკია ორი ახალი ბარტყი. მალადეც ბიჭები. წუხანდელი მატებაა ღმერთით,“ – ამბობს გახარებული რომან მატკავა და ბარტყები ბუდიდან ამოჰყავს.

„რა უნდა გამიჭირდეს ისე, რომ ესენი ვერ ვარჩინო. ძალიან ვინერვიულებ, თუ ოდესმე ისე მოხდა, რომ ვერ ვაჭამე. მაგენი მაძღარი თუ არ არიან, მე ვერ ვუძლებ.  40-50 ლარად ერთ ტომარა პურის კაკალს ვყიდულობ. ტუფლი რომ მქონდეს  გახეული,  ტუფლს არ ვიყიდი და ამგენს მშიერს  არ დავტოვებ. მტრედი უენოა. დაგინახავს, შემოგაფრინდება – მაჭამეო. თუ გყავს, უნდა მოუარო. ესენი ისეთი მტრედებია, ქუჩაში ვერ წავლენ და იქ ვერ იპოვიან საჭმელს,“ – ამბობს რომან მატკავა.

„90-იან წლებში, გაჭირვება როცა იყო, სიმინდი სოფლიდან მომქონდა. ხან ტაროაინი სიმინდი იყო, ხან ვღერღავდით. სიმინდს რომ ჩამოვიტანდით სოფლიდან, ჩვენზე მეტს მტრედები ჭამდნენ,“ – საუბარში რომანის მეუღლე, მადონა მიმინოშვილი ერთვება.

„ვერ გადმოგცემთ ჩემს დამოკიდებულებას. რაც გიყვარს, ის გყავს. მტრედები მყავს და მიხარია, შვილიშვილები მყავს და მიხარია. ქალი მეხვეწება, მტრედები კი არა ქათმები გოუშვათ, კვერცხს დადებს, ბავშვები შეჭამენო, მაგრამ მე რაც მინდოდა, იგი მყავს, რაფერც მინდოდა ოჯახი მყოლოდა, ისე მყავს. ვამბობდი, ნეტავ შვილთაშვილს მომასწრო და ჯანდაბას ჩემი თავი-მეთქი. ახლა შვილთაშვილიც მყავს. მაგრამ  პატარა შვილიშვილს რომ ვხედავ, ვიძახი, ნეტა ამის ქორწილს მომასწრო-მეთქი“, – ამბობს რომან მატკავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: