ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აჭარაში პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ბათუმელები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აჭარაში პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
პეტრე ზამბახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან „ქართული ოცნებას“ კანდიდატის გამარჯვება მიულოცა, საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკეთეს გარემოში ჩატარდა.
23: 32 ქედის მუნიციპალიტეტის # 14 უბანზე ხმების დათვლა დასრულდა, 660 ამომრჩევლიდან გამოცხადდა 443, ხმები ასე გადანაწილდა: 206 – გიორგი მარგველაშვილი, 119 – ნინო ბურჯანაძე, 78 – დავით ბაქრაძე.
ქედის # 7 საარჩევნო უბანზეც ხმები ასე გადანაწილდა: 161- მარგველაშვილი; 75 – ბურჯანაძე, 69 – ბაქრაძე და დანარჩენი სხვადასხვა პარტიებზე, უბანზე 324 ამომრჩეველმა მისცა
ქედის მუნიციპალიტეტის #16 უბნის შედეგები: რეგისტრირებული 761 ამომრჩევლიდან გამოცხადდა 438, 279 ხმით მარგველაშვილი ლიდერობს, ბურჯანაძე – 64, ბაქრაძე – 54,
#3 უბანზე 306 ამომრჩევლიდან არჩევანი 222 ამომრჩეველმა გააკეთა, 111 ხმა – მარგველაშვილი, 60 – ბაქრაძე და 25 – ბურჯანაძე.
20:00 ბათუმში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულება ფეიერვერკით აღნიშნეს.
20:00 ბათუმის # 102 საარჩევნო უბანი დახურა. ამ უბანზე 1598 ამომრჩევლიდან 394 გამოცხადდა.
18: 40 მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობას არჩევნები ბათუმის #3 უბანზე, სადაც 1488 ამომრჩევლიდან ამ დროსაითვის ხმა 458- მა ამომრჩეველმა მისცა. ამ უბანზე წელს პირველად უსინათლო ადამიანებს დამოუკიდებლად მიეცათ ხმის მიცემის საშუალება.
17: 34 ბათუმის #7 საარცევნო უბანზე ამ დროისათვის 490-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანზე სულ 1127 ამომრჩეველია რეგისტირებული. ამ უბანზე 85 ამომრჩეველია რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა სიაში.
17: 10 ბათუმის #51 საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა. საჩივრის გახდა ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია ACT – ის წარმომადგენლები, რომლებიც ეგზითპოლს ატარებდნენ, უშუალოდ სარჩევნო უბანში მუშაობდნენ. საჩივარს მოჰყვა შელაპარაკება ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ეთერ ჯორთმენაძის განცხადებით, „ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, რადგან ლამაზად მიმდინარეობდა არჩევნები და პროვოკაცია უნდოდათ.“
მეორე ინციდენტი მოხდა იგივე უბანზე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორსა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელს შორის. კოორდინატორს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
16: 20 ქედის მუნიციპალიტეტის #2 საარჩევნო უბანზე ბეჭდებს, რითაც რეგისტრატირები სარგებლობენ, ნაკვეთურები არ ჰქონდა. ფაქტის შესახებ საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა, ლაშა ბოლქვაძემ დაწერა.
15: 20: 37 მოქალაქე ვერ მისცემს ხმას #6 საარჩევნო უბანზე, ასევე, 95 მოქალაქე ვერ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში #52 უბანზე. მიზეზი საოლქოს მიერ 25 ოქტომბერს საარჩევნო კომისიებისათვის გადმოგზავნილი სიებია, სადაც ეს მოქალაქეები არ არიან. ამ ამომრჩევლების რეგისტრაციის ადგილი გაუქმებულია, რადგან, მათი საცხოვრებელი სახლების ადგილას ახალი კორპუსები შენდება.
14: 50 #8 საარჩევნო უბანზე 83 ამომრჩეველი ამოიღეს საარჩევნო სიიდან, ასევე, 27 ამომრჩეველი ვერ მისცემს ხმას #63-ე საარჩევნო უბანზე. (იხ. ქვემოთ)
14:40 #11 საარჩევნო უბანზე 51 ადამიანი ვერ აძლევს ხმას, რადგან რეგისტრაცია აქვთ გაუქმებული.
14:15 ბათუმის #12 საარჩევნო უბანზე 144 ამომრჩეველი ვერ მისცემს ხმას. მოქალაქე ნუგზარ აბაშიძეს, რომელიც უბანზე ხმის მისაცემად მივიდა, უთხრეს, რომ ის სიაში არ არის.
როგორც ირკვევა, ამ მოქალაქეების რეგისტრაცია საჯარო რეეტრს აქვს გაუქმებული. მოქალაქეების სია, რომელთაც რეგისტრაცია აქვთ გაუქმებული, ოლქმა გადასცა ორი დღის წინ უბნის საარჩევნო კომისიას. სოფო ხოჯავას, უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს არიან ადამიანები, რომელთა სახლებიც დაინგრა და მათ ადგილას ახალი კორპუსები შენდება.
14: 00 ბათუმის #12 უბანზე 4 ადამიანს არ მიეცა ხმის მიცემის საშუალება, რადგან არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში. მათ განცხადებები დაწერეს. კომისიაში ამბობენ, რომ უბანზე ათამდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
12: 30 ბათუმში, 56 საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
„30-ე, 79-ე, 34-ე და 83-ე უბნებზე დილიდანვე დამკვირვებლის არ შეშვების ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა არსებითი ხასიათის დარღვევა ამ ეტაპისთვის არის ის, რომ ამომრჩევლებს არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. ექსპლუატაციაში შესული სახლების მცხოვრებლებს აეკრძალათ ხმის მიცემა. მათ კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ აქამდე“- განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
საუბარია ბათუმის ტერიტორიაზე 56 სახლის მაცხოვრებლებზე, რომლებიც არჩევნებში ვერ იღებენ მონაწილეობას, რადგან იუსტიციის სამინისტრომ ისინი პარასკევს ამოიღო სიიდან.
პეტრე ზამბახიძე თვლის, რომ დარღვევები არაორგანიზებულობის და დაბნეულობის ბრალია.
„სამწუხაროდ ნაკლებ ორგანიზებული ჩანს საარჩევნო ადმინისტრაცია. ორ უბანზე აირია სიები. სხვაობა იყო კედელზე გამოკრულ სიასა და სამაგიდო სიებს შორის. ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ კომისიის წევრებს გამოცდილება ნაკლები აქვთ“.
12:25 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის, თამარ იაკობაძის შენიშნვნა მოჰყვა ბათუმის #65-ე უბანზე პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის ერთდროულად სამი დამკვირვებლის ყოფნას. შენიშვნის შემდეგ ბურჯანაძის ორმა დამკვირვებელმა, მაია კეჭაყმაძემ და თამარ მიქელაძემ დატოვეს კენჭისყრის ადგილი, თუმცა გარეთ გააგრძელეს ხალხის ნაკადთან მუშაობა, რასაც ასევე საიას დამკვირვებლის პროტესტი მოყვა, რის შემდეგაც დამკვირვებლებმა ტერიტორია დატოვეს. ამ დროისათვის ამ უბანზე სულ 223 ამომრჩეველი მოვიდა.
11: 55 ბათუმში, #2 საარჩევნო უბანზე მობილური ჯგუფის დამკვირვებელს, იამზე ხასაიას არ მისცეს ჩანაწერთა წიგნში მონაცემების შეტანის საშუალება. თავჯდომარე იქნა ინფორმირებული და მას არ მოუხდენია რეაგირება. დარღვევაზე დაიწერა საჩივარი ოლქში, სადაც მოთხოვნილია კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის პასუხისმგებლობა – ინფორმაციას არჩევნების პორტალი ავრცელებს.
11:45 ბათუმის #74, ე.წ. უმისამართოების უბანზე ამ დროისათვის მხოლოდ ოთხმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანზე სულ 698 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
11: 40 ბათუმის #30-ე უბანზე 55 ადამიანი ვერ შეძლებს ხმის მიცემას. „საოლქოდან გადმომიგზავნეს პარასკევ საღამოს ეს სიები. ეს ადამიანები აქ აძლევდნენ ხმას, ბარათები ჰქონდათ, მაგრამ ვინაიდან ახალ სიაში არ აღმოჩნდნენ, ამ უბანზე ხმას ვერ მისცემენ“ – ამბობს #30-ე უბნის თავმჯდომარე თეიმურაზ აფხაზავა.
„ყოველთვის აქ ვაძლევდი ხმას, ახლა მოვედი და მეუბნებიან რომ სიაში არ ვარ. ამომრჩევლის ბარათი მომივიდა. რაც მახსოვს, სულ ამ უბანზე ვაძლევდი ხმას“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ამომრჩეველმა ქეთევან ბაჯაძემ.
10: 40 ქედის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდ, #1 საარჩევნო უბანზე 10 საათისთვის 95 ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა სასურველ კანდიდატს. ამ უბანზე სულ 1287 ამომრჩეველია, მირებული ბიულეტენების რაოდენობა 1200-ია.
10: 30 #52 საარჩევნო უბანზე ოთხ ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა. მიზეზი გახდა ის, რომ სახლი, სადაც ისინი არიან რეგისტრირებული (ფარნავაზ მეფის ქ. 91/92) დანგრეულია და იმ ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლი შენდება. ერთ-ერთი ამომრჩევლის თქმით, აღნიშნულ მისამართზე 80-მდე მოქალაქე ცხოვრობდა. საარჩევნო უბნის კომიის მდივნის განცხადებით, მოქალაქეებს ადრე უნდა გადაემოწმებინათ საკუთარი თავი სიაში. ფაქტთან დაკავშირებით შენიშვნა „სამართლიანმა არჩევნების“ დამკვირვებელმა შენიშვნების წიგნში შეიტანა.
<!** Image 1 align="left" alt="დავით ბერიძე" sub="დავით ბერიძე" width="300" height="768" >
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა“ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გამართა. მათ წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს.
„სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობას“ თავმჯდომარემ, დავით ბერიძემ ერთი კვირის წინ მომხდარი ფაქტის შესახებ მოუთხრო დამსწრე საზოგადოებას. მონათხრობის მიხედვით დაბა ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიის წევრობაზე 7 ადამიანს უსაფუძვლოდ უთხრეს უარი. გარდა ამისა, ის მუნიციპალიტეტში გამგებლების მასობრივ შეცვლას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.
„დაბა ხელვაშაურის საარჩევნო უბნებზე „ქართულ ოცნებას“ შერჩეული ჰყავდა საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის კომისიის წევრები. 7 ადამიანს მიატანინეს ყველა ის საბუთი, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს მოეთხოვება. საუბნო საარჩევნო კომისიის გახსნამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რომ მათ კომისიის წევრობაზე უარი უთხრეს. შტაბში ასე განუმარტეს: ზემოდან არის დარეკილი, კონკრეტულად მურმან დუმბაძემ დარეკა – მე ჩემი ხალხი მჭირდებაო. რა თქმა უნდა, პარტიას აქვს ამის უფლება, მაგრამ მაშინ, როცა ამ ადამიანებს დრო აღარ ჰქონდათ სხვა პარტიიდან ყოფილიყვნენ კომისიაში წარდგენილი, ვფიქრობ, არასამართლიანია ასეთი ქმედება. ეჭვს იწვევს მურმან დუმბაძეს კარუსელის დატრიალება ხომ არ სურს?“
დისკუსიას „დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის“ ბათუმის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თამარ გუდავამ მათან მიმართებაში დარღვებზე ისაუბრა:
„წერილობით მივმართეთ ქალაქის მერიას, საკრებულოს, რომ განგვეთავსებინა სააგიტაციო ბანერები გარე განათების ბოძებზე, რა თქმა უნდა, საკრებულოს დადგენილების ნორმების მიხედვით. მივიღეთ აბსოლუტურად გაუგებარი პასუხი სადაც ეწერა, რომ მათ საჭიროდ არ მიაჩნიათ გამოყონ ადგილები ბანერების გასათავსებლად. სატელევიზიო ინტერვიუში კი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა ასეთი რამ განაცხადა – გარეგანათების ბოძები ვერ გაუძლებენ სარეკლამო ბანერებსო.
როგორც არასამთავრობოებმა გვირჩიეს, ვაპირებთ ცსკოში საჩივრის შეტანას, რადგან ის პასუხი, რომ გარეგანათების ბოძები ბანერებს ვერ გაუძლებენ, უსაფუძვლოა“.
რაც შეეხება შვიდ ადამიანს, რომელთაც კომისიის წევრობაზე უარი უთხრეს, დავით ბერიძე ამბობს, რომ იმათგან ერთ-ერთი უნდა მისულიყო „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე, მაგრამ იმის გამო, რომ შტაბში ახლობელმა მიიწვია სამუშაოდ, დისკუსიაში ჩაბმისგან თავი შეიკავა.
საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის“, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა.
თუ რატომ გახდა პრიორიტეტული სტუდნტების ინფორმირება, სემინარის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, ხელმძღვანელი რატი იონათამოშვილი განმარტავს:
„სტუდენტები არის ის ძალა, ვისაც უნდა დაეყრდნოს ის ცვლილებები, რა ცვლილებების წინაშეც დღეს ვდგავართ, რომ იყოს საზოგადოების ცნობიერება ამაღლებული და ჩვენი უფლებების არ გათვალისწინება ან დარღვევა ვერავინ გაბედოს. ახლოვდება არჩევნები და გვინდა მაქსიმალურად აქტიურები ვიყოთ უნარშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. მოძრავი ყუთის მეშვეობით კი არა საარჩევნო უბანზე მისვლით ვიღებდეთ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ჩვენთვის პრინციპული ღირებულება“.
საარჩევნო სიმულაციამ სტუდენტებს აჩვენა თუ როგორ შეუძლია უსინათლოს, ეტლით მოსიარულეს საარჩევნო უბანზე მისვლით ხმის მიცემა დამოუკიდებლად. თუმცა ამისთვის, საჭიროა საარჩევნო უბანი უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცედურების ამსახველი სურდო-თარგმანითა და ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის ადაპტირებილი.
„თანაბარი საარჩევნო გარემო ნიშნავს იმას, რომ მათ სხვისი დახმარების გარეშე მიიღონ მონაწილეობა და არ დასჭირდეთ გადასატანი ყუთი…
ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამუშაო ჯგუფი 2011 წლიდან არსებობს. მან შეიმუშავა 2012-2014 არჩევნების სამოქმედო გეგმა. ეტაპობრივად ვცდილობთ პრობლემურ საკითხებზე მუშაობას, ეს ეხება სმენადაქვეითებულ ამომრჩეველთა საარჩევნო პროცედურების ამსახველი სურდო-თარგმანით უზრუნველყოფას, ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის იდენტიფიცირებული საარჩევნო უბნების ადაპტირებას, ასევე მობილური ჯგუფებით ამომრჩეველთა მომსახურებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ კენჭისყრაში უსინათლოების დამოუკიდებლად მონაწილეობას“, – ამბობს ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფორსი სოფიო სიჭინავა.
ამჟამად არ არის ცნობილი რამდენი ადაპტირებული უბანი იქნება საქართველოში. სოფიო სიჭინავას თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. რვა ადაპტირებული საარჩევნო უბანს უშუალოდ სტუდენტები გააკეთებენ.
წელს 1500 ეტლით მოსიარულე გაიგებს თუ როგორ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო 555 სმენადაქვეითებულ ადამიანის გადაეგზავნება SMS შეტყობინება საარჩევნო უბნებზე სურდო თარგმანის არსებობის შესახებ.
მსგავსი სიმულაციების ჩატარება სხვა ქალაქებში, ბათუმის შემდეგ კი თბილისშიც იგეგმება. აჭარის რეგიონში ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა.
ბათუმის უნივერსიტეტისთვის საინფორმაციო სემინარი – „სტუდენტების როლი და ინიციატივა თანაბარი არჩევნების უზრუნველყოფისათვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ორგანიზაციები მოითხოვენ აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. ორგანიზაციებმა ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე გაავრცელეს.