დღეს, 28 ნოემბერს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საფეხბურთო კლუბების – „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრები ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ თურქული და ისრაელის საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც „ბათუმელებს“ შსს-ში უთხრეს, სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. მათივე ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენეთ, რომ 26 ნოემბერს, ბათუმი არენაზე, სადაც თურქული „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შეხვედრა იმართებოდა, ბეშიქთაშის გულშემატკივარი პოლიციას დაუპირისპირდა. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა ფეხბურთის ფანებმა კი სტადიონზე სკამები დაამტვრიეს და პოლიციას დაუშინეს.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დაპირისპირების შედეგად დაშავდა 3 პოლიციელი, თურქეთის 16 მოქალაქე კი დააკავეს. თუმცა ისინი პოლიციამ იმავე ღამეს გაათავისუფლა.

პოლიციის მიერ ქომაგების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პრეტენზიები განცხადა თურქეთის შს მინისტრმა. სატელეფონო ზარები იყო საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორისაც.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version