ბათუმის მერია და შპს „გრანდ მოლი“ შეთანხმდნენ, რომ 7 სატრანსფორმატორო პუნქტის გარემონტების სანაცვლოდ, კომპანია 140 ათას ლარს გადაუხდის „ენერგო-პრო ჯორჯიას“. საკითხი ქალაქის საკრებულომ 27 ნოემბრის სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს.

სატრანსფორმატორო პუნქტების გარემონტება ერთ-ერთი პირობა იყო, რომ „გრანდ მოლისთვის“ საკუთრებაში გადაეცათ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომპანიის კუთვნილი ობიექტი [სავაჭრო ცენტრის შენობა] დგას.

ამ 57 კვადრატული მეტრი ნაკვეთის საკუთრებაში მიღება „გრანდ მოლს“ 421 ათას 127 ლარის გადახდისა და 120 კვადრატული მეტრი ნაკვეთის [რომელზეც 72 კვ.მ ნაგებობაა განთავსებული] დათმობის ფასად უწევს. 

თავდაპირველი შეთანხმებით „გრანდ მოლს“ შემდეგი პირობები უნდა შეესრულებინა:

  • ბათუმის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 281 ათას 127 ლარი
  • თავისი ტერიტორიიდან უნდა გამოეყო 120 კვადრატული მეტრი მიწა და 72 კვადრატული მეტრი შენობა [სატრანსფორმატორო] და საკუთრებაში გადაეცა „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“
  • ამასთან, „გრანდ მოლს“ საკუთარი ხარჯებით ბათუმის ტერიტორიაზე 7 სხვადასხვა სატრანსფორმატორო პუნქტი უნდა გაერემონტებინა [„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებით].

ამ პირობებით, აღნიშნულ 57 კვადრატულ მეტრ მიწას ბათუმი საკუთრებაში გადასცემდა აჭარას, ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – „გრანდ მოლს“.

მერიისგან საკრებულოში შეტანილ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 2026 წლის 27 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დიდი ნაწილი „გრანდ მოლს“ უკვე შესრულებული აქვს.

კერძოდ, ბათუმის ბიუჯეტში გადახდილი აქვს მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური 281 ათას 127 ლარი. ამასთან, კომპანიამ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N29-ში მდებარე 120 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 72.8 კვ.მ შენობა ნაგებობა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში გადასცა.

„რაც შეეხება 7 ერთეული სატრანსფორმატორო პუნქტის საკუთარი ხარჯებით გარემონტებას, კომპანია აცხადებს, რომ „გრანდ მოლი“ არ საქმიანობს სამშენებლო მიმართულებით. ამასთან, ქვესადგურის გარემონტება წარმოადგენს სპეციფიკურ სარემონტო სამუშაოს, გამომდინარე აღნიშნულიდან და შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით „გრანდ მოლმა“ „ენერგო პრო ჯორჯიას“ შესთავაზა ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ რემონტის საფასურის, ჯამში 140 000 ლარის გადახდა“, – წერს მერია განმარტებით ბარათში.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ აქვთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანხმობის წერილიც.

აქედან გამომდინარე მერია საკრებულოს თხოვს ადრე მიღებულ განკარგულებაში შეიტანოს ცვლილება და ტრანსფორმატორების გარემონტების ვალდებულება შეიცვალოს შემდეგი შინაარსის ტექსტით:

„შპს „გრანდ მოლიმ“ საკუთარი ხარჯებით სს ,,ენერგო პრო-ჯორჯია“-სთან შეთანხმებული პირობებით და ვადით უნდა უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული 7 (შვიდი) ერთეული სატრანსფორმატორო პუნქტის გარემონტება ან/და შპს „გრანდ მოლიმ“ უნდა უზრუნველყოს სარემონტო ხარჯების ჯამში 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარის სს ,,ენერგო პრო ჯორჯია“-სათვის გადახდა.“

ვიდრე მერია და საკრებულო განკარგულებაში ცვლილებების შეტანას განიხილავენ, აღნიშნული 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის 2026 წლის 28 ივლისის ამონაწერით, უკვე „გრანდ მოლის“ საკუთრებაშია. თუმცა, „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით“.

დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

რას ითხოვს ბათუმის მერია „გრანდ მოლისგან“, რომლის შენობაც ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version