„ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ მოხარული იქნება, თუ ამერიკული ბაზები განლაგდება უკრაინაში ისე, როგორც ახლო აღმოსავლეთშია. საუბარია ჯერ კიდევ ქმედით გარანტიებზე: მე-5 მუხლი იქნება ეს, თუ მსგავსი მოდელი შეიქმნება უკრაინისთვის.

ამას დასჭირდება გარანტიები სხვადასხვა მხრიდან… ნებისმიერ შემთხვევაში ყინული დაძრულია. ალბათ ეს მოლაპარაკებები უკვე იმ ფაზაშია, რომ რაღაცა შედეგზე უნდა გავიდნენ,“ – ამბობს გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომის სიახლეებს.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინას ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. „დარტყმითი შესაძლებლობები ძალიან კარგად აქვს და მშვენივრად გამოიყენა ყირიმის ხიდის მიმართულებით…. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო რუსეთისთვის. პუტინი ჩადის ჩინეთში და თვითმფრინავში დააწიეს ამბავი, ყირიმის ხიდი აგვიფეთქესო,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რა იცვლება ჩინეთში ჩატარებული სამიტის შემდეგ, სადაც ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა? სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, თუმცა არ ახსენეს რუსეთ-უკრაინის ომი. 

ჩემი აზრით, ამ სამიტით არც არაფერი არ იცვლება. მერცმა თქვა ამ სამიტის შესახებ ენამოსწრებულად: ფოტოსესიისთვის იყო შეხვედრაო. პრინციპში ასეა. მნიშვნელოვანი არაფერი არ გადაწყვეტილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რაღაც საერთო განცხადებები გაკეთდა.

პუტინს ჰქონდა დიდი მოლოდინი, რომ ეს „ახალი იალტა“ [პარალელი განიხილებოდა 81 წლის წინ ჩატარებულ ეპოქალურ კონფერენციასთან იალტაში: რუზველტის, სტალინის და ჩერჩილის მონაწილეობით] იქნებოდა, რაც არ გამოვიდა. თქვეს, რომ რაღაც დეკლარაცია მიიღეს ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით.

  • დეკლარაციაში ჩაწერეს: „სამივე სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასდროს არ უნდა დაიწყოს…“

დიახ და პასუხისმგებლობებზე გააკეთეს ჩანაწერი. ასევე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს არ მისცემს უფლებას, ბირთვული იარაღი შექმნას. კარგად მოგეხსენებათ, რა არჩევნები ჩატარდა აშშ-ში და როგორი გამარჯვებულიც ჩავიდა ტრამპი ჩინეთში.

  • არჩევნების წაგების მიუხედავად, ტრამპი პუტინს მაინც მეგობარს უწოდებს. ეს არ არის მნიშვნელოვანი გზავნილი? 

ვფიქრობ, არ არის მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, რა მოლაპარაკებები აწარმოვეს უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ? ან ევროპის გარეშე რა მოილაპარაკეს? აი, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჩინეთმა და ამერიკამ რუსეთის იქ ყოფნით?

ტრამპი ასე ჩრდილოეთ კორეასაც უწოდებს მეგობარს. თუნდაც ძმაკაცი უწოდოს, რას ცვლის ეს? ვფიქრობ, ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტრამპის გამონათქვამებს. ლოგიკა და ტრამპის გამონათქვამები ერთმანეთისგან შორსაა.

  • ლოგიკური შეიძლება იყოს ამ მოცემულობაში იმის მოლოდინი, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის? ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ახლოს არიან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შეთანხმებასთან, მაგრამ „უკრაინას ცოტა განსხვავებული ფორმა ექნება“. 

მე მაინც იმედი მაქვს, რომ გაიზრდება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, მათ შორის, ამერიკიდან.

სამიტს რომ დავუბრუნდეთ: პუტინი ჩადის ჩინეთში და თვითმფრინავში დააწიეს ამბავი, ყირიმის ხიდი აგვიფეთქესო. თანაც, ჩინეთში ჩასულს დაახვედრეს სახელმწიფოს მეხუთე პირი, სამჯერ მაღალი იყო ის კაცი, მგონი, პუტინზე. ჩინეთში რომ ამას მოძებნი… ტრამპს კი, თვითონ სი ძინპინი დახვდა. საერთო სურათის გადაღების დროსაც, ნახავდით: გვერდით გაწიეს პუტინი და სი ძინპინის ცოლის გვერდით დააყენეს. ტრამპი იდგა სი ძინპინთან.

  • რა აწყობს ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომში? 

აწყობს, რომ გაგრძელდეს ეს დაპირისპირება და რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდეს. ჩინეთისთვის რუსეთიც სუსტდება და ევროპაც. ამერიკაში წარმოებულ იარაღს ევროპა ყიდულობს და ახლა ფულზე უარს არ იტყვის არასოდეს ტრამპი.

სხვათა შორის, სტარლინკის შემცველი მონახეს უკრაინელებმა ისრაელის HiSky. რუსებში ამაზე დიდი აჟიოტაჟი და პანიკაა ატეხილი. ეს ისეთი სისტემაა, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინელებს, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე მისწვდნენ სამიზნეს ევროპული სატელიტების გამოყენებით უკვე.

სტარლინკიც მიეწოდებათ, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდვები აქვს. ამის ფულს პოლონეთი იხდიდა. არავის ეგონოს, რომ მასკი ვინმეს რამეს ჩუქნიდა. ევროპას არ აქვს ამერიკაზე ნაკლები ტექნოლოგიები. ეს სისტემა, რასაც ახლა იყენებს უკრაინა, დამატებით საშუალებას აძლევს უკრაინელ ოპერატორებს, რომ პირდაპირ ფრენის დროს შეუცვალოს მარშრუტი დრონს.

ბოლო დარტყმები, რომელიც განხორციელდა რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ეგ აჩვენებს იმას, რომ დარტყმები ხორციელდება ძალიან შერჩევით და ზედმიწევნით ზუსტად.

აქამდე თუკი დრონი მიფრინავდა და წინასწარ ჰქონდა ჩადებული მიმართულება, შეიძლება ერთ აფეთქებულ, დაზიანებულ სამიზნეს მეორე დრონიც მოხვედროდა, რადგანაც წინასწარ იყო ჩადებული ეს მონაცემები – ახლა პირდაპირ შეიძლება გადამისამართება ისე, რომ შემოუაროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს.

  • ბრიუსელის „რამშტაინის“ შედეგზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? კონკრეტული ჩამონათვალი გამოქვეყნდა, თუ რით დაეხმარებიან უკრაინას ამჯერად. ძირითადად საჰაერო თავდაცვის საშუალებებია… რა იცვლება არსებითად უკრაინისთვის? რუსეთი ისევ ახერხებს უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსებსა თუ ენერგოობიექტებს დაარტყას. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც „რამშტაინზე“ მოხდა.ზელენსკიმ მოითხოვა 40 F-16, ასევე „რამშტეინს“ შესთავაზა, დასაწყობებული Patriot-ები გადაეცათ უკრაინისთვის და ევროპას მიეღო ის Patriot-ები, რაც შეუკვეთა ამერიკას.

ნორვეგია 10 F-16-ს აძლევს უკრაინას, საფრანგეთი – 2 Mirage-ს წლის ბოლომდე. გერმანია უკრაინას მილიარდი ევროს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემს, რადარები და IRIS T-ები, დანიამ 600 მილიონი, ნორვეგიამ – 800 მილიონი, ბრიტანეთი 1000-მდე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას და რადარებს მიაწვდის, ფულს აძლევენ ასევე უკრაინას სამხედრო მრეწველობის განვითარებისთვის.

ამ შეხვედრაზე პირდაპირ დასცინეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე რუსეთის სიღრმეში უკრაინის დარტყმები აღიზიანებს რუსეთს და ეს ომის დასრულების შესაძლებლობას ამცირებსო. მას ჰკითხეს: ხომ არ გეშლება, ვინ არის აგრესორი?

უკრაინას ამ ეტაპზე სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მას დარტყმითი შესაძლებლობები ძალიან კარგად აქვს და მშვენივრად გამოიყენა აგერ ყირიმის ხიდის მიმართულებით. იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო რუსეთისთვის.

  • პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, რა სამხედრო სირთულეები შეუქმნა რუსეთს ყირიმის ხიდის მოშლამ?

სულ ორი მიმართულებაა, საიდანაც ახერხებენ რუსები ყირიმის უზრუნველყოფას – ზღვაში ვეღარ გადიან. ერთი არის ქერჩის ხიდი, ანუ ხიდი, რასაც ახლა დაარტყეს და მეორე მიმართულებაა – როსტოვი, მარიუპოლი, მელიტოპოლი, ჩონგარი – ჩონგარზეც ორი ხიდია: სარკინიგზო და საავტომობილო.

ჯანკოიში ჰაბია და იქიდან ნაწილდება ყირიმის ნახევარკუნძულზე მიწოდებული სატრანსპორტო საშუალებები. ჩონგარის ხიდები დაბომბილია, იბომბება მუდმივად და დარტყმის ქვეშაა. გზა, რომელიც უკავშირდება მარიუპოლ-მელიტოპოლის მიმართულებას, უკრაინელებმა დაარტყეს, დააზიანეს მდინარეზე მდებარე ძალიან მნიშვნელოვანი 200-მეტრიანი ხიდი. ეს გამოიწვევს ამ ტვირთების და მოძრაობის შეფერხებას.

რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ყირიმში მდგომი დაჯგუფება მძიმე მდგომარეობაშია, ასევე მოსახლეობა. შუქი არ არის, წყალი არ არის, გამუდმებული დარტყმის ქვეშ არიან. ყირიმის 80% უდაბნოა. იქ უკრაინიდან შეყვანილი არხებით ხდებოდა მორწყვა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიღება, თორემ ისე არის კირქვული მასივი – რაც მოდის წვიმა, სულ მიწის ქვეშ მიდის. ეს არხი დაკეტილია და წყალი არა აქვთ.

იძულებულები არიან, რომ მიწისქვეშა წყლები აქტიურად გამოიყენონ. მიწისქვეშა წყლების აქტიური და დიდი რაოდენობით გამოყენება იწვევს იმას, რომ მის ადგილს იკავებს ზღვის წყალი, რომელიც ამლაშებს ნიადაგს. უახლოეს მომავალში ძალიან დიდი კატასტროფა იქნება ყირიმში.

  • ეს ხომ არ ქმნის იმის წინაპირობას, რომ ყირიმის დაბრუნება შეძლოს უკრაინამ? 

დაბრუნება რთული იქნება მაინც, რადგან ამისთვის უკრაინას უნდა ჰყავდეს თავისუფალი დაჯგუფება, რომ მოხსნას სხვა ფრონტიდან და ყირიმის მიმართულებით გადაიყვანოს. ყირიმში მყოფი დაჯგუფება რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამყოფოს, ეს შეუძლია უკრაინას.

ყირიმის დარტყმის შემდეგ დღეს დილით ძალიან მძიმე დარტყმები იყო კიევზე და დასავლეთ უკრაინაზე. ამ დრომდე გრძელდება ბალისტიკური განგაში. წინასწარი მონაცემებით, 14-მდე დაღუპულია მთელი უკრაინის მასშტაბით. დიდი რაოდენობით იყო გაშვებული დრონიც და რეაქტიული დრონიც, ფრთოსანი რაკეტა და ბალისტიკური რაკეტებიც. დარტყმები იყო კიევის ხიდებზე, დნეპრზე გამავალ ხიდებზე. მნიშვნელოვანწილად შეფერხდა გადაადგილება კიევში მარცხენა ნაპირიდან მარჯვენა ნაპირზე.

ქერჩის სირცხვილის და „სახეში გალაწუნების“ შემდეგ, გასაგები იყო, რომ პუტინს ექნებოდა ძალიან მწარე პასუხი.

  • საითკენ მიდის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი, როგორ ატყობთ? ზელენსკის თქმით, მოლაპარაკების დროს ამერიკულმა მხარემ უკრაინას ჰკითხა: არის თუ არა მზად უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან ჯარები გაიყვანოს? ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კუშნერი კი ამბობს, რომ ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი მოდელის ამოქმედებაზე რუსეთი უკვე დაითანხმა. 

ეს წინ გადადგმული ნაბიჯებია. უკვე სახელდება პირობები, რომელზეც ვაჭრობა მიდის, ანუ სავაჭრო ობიექტი გამოჩნდა. ჩემი განსახილველი ეს არ არის, მაგრამ უკრაინისთვის მისაღები უნდა იყოს, მაგალითად, ნატო-ში გაწევრიანება დონბასის ხარჯზე. ყოველ შემთხვევაში, დღეს ქვეყანა გადარჩება და გაძლიერდება მნიშვნელოვანწილად, როგორც ეს თავის დროზე ფინეთში მოხდა – ტერიტორიის ნაწილი დაკარგეს, მაგრამ ქვეყანა გადარჩა და განვითარდა. თანაც, როგორ აშენდა ყველა ვხედავთ. ვხედავთ იმასაც, რუსეთი რა დღეშია.

იგივე დონბასში დარჩენილია დაახლოებით 20 %. ამას დათმობს თუ არა უკრაინა, ეს არაა მთავარი. ცხადია, ეს საკითხი რეფერენდუმზე იქნება გასატანი. უკრაინელების გადასაწყვეტია, რას როგორ გააკეთებენ.

ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ მოხარული იქნება, თუ ამერიკული ბაზები განლაგდება უკრაინაში ისე, როგორც ახლო აღმოსავლეთშია. საუბარია ჯერ კიდევ ქმედით გარანტიებზე: მე-5 მუხლი იქნება ეს, თუ მსგავსი მოდელი შეიქმნება უკრაინისთვის. ამას დასჭირდება გარანტიები სხვადასხვა მხრიდან. თუ ამერიკის, ან ნატო-ს ბაზები განთავსდება უკრაინის ტერიტორიაზე, ეს გარკვეული გარანტია იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში ყინული დაძრულია. ალბათ ეს მოლაპარაკებები უკვე იმ ფაზაშია, რომ რაღაცა შედეგზე უნდა გავიდნენ. იმედი მაქვს, რომ დასაწყისი იქნება მაინც ცეცხლის შეწყვეტა, რასაც უკრაინელები სთავაზობდნენ აქამდეც: ჯერ შევწყვიტოთ ცეცხლი და მერე მოვილაპარაკოთო. რუსები იძახიან: ჯერ მოვილაპარაკოთ და მერე შევწყვიტოთ ცეცხლიო. ლოგიკურად ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს.

ფრონტის ხაზზე მინიმუმამდე შემცირებულია აქტივობები. ძალისხმევა გადატანილია საჰაერო დარტყმებზე, რომ მაქსიმალურად მძიმე ზამთარი შეუქმნან უკრაინას. „რამშტაინის ფორმატში“ ამაზეც იყო საუბარი, რომ ენერგეტიკული მორატორიუმი შეიქმნას: ორივე მხარე იქნება თანახმა, რომ აღარ დაარტყან ენერგომატარებლებს ზამთრის პერიოდში. ამაზეც არის საუბარი.

Exit mobile version