ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ივანიშვილის პარტია, „ქართული ოცნება“ ავრცელებს დღეს, 6 ნოემბერს.
„პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.
ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ“ – წერს „ოცნება“.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირველი საჯარო შეხვედრა ისრაელის ელჩთან, გასული, 2025 წლის ივლისში ისრაელის საელჩოს კრიტიკის შემდეგ. მაშინ ისრაელის საელჩომ რადიო „თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომ შეშფოთებულია, რადგან „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელმა სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა „ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულთა“ გამო.
ამავე თემაზე: