„იკვეთება ტენდენცია, რომ რუსეთი ეგუება იმას, რომ სამშვიდობო პაკეტზე თუ არა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შესაძლებელი გახდეს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთმა ამჯერადაც ვერ მოახერხა დონბასის აღება, რასაც ნოემბრისთვის აანონსებდა. პირიქით, უკან დახევა მოუწია, თუმცა ამავდროულად, პუტინი ცდილობს ევროპის ქვეყნებში დივერსიული მოქმედებებით უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შესუსტდეს:
„რუსებმა ვერ მოახერხეს გარდატეხის შეტანა. პირიქით, „ვივალდის ოპერაციის“ შემდეგ მოიხსნა კრამატორსკი-სლავიანსკის ალყაში მოქცევის საფრთხე. რუსები იძულებული გახდნენ, მდინარე ჟერებეცამდე დაეხიათ. ამასობაში, უკრაინელებმა მარჯვენა ნაპირის კონტროლი დაიწყეს. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გადავიდნენ კიდეც მარცხენა სანაპიროზე…
რუსებმა ვერავითარი უპირატესობა ვერ მოიპოვეს. პირიქით, მათ მიიღეს მნიშვნელოვანი დარტყმა „ვივალდის ოპერაციის“ შედეგად. ეს შედეგი აჩენს იმის წინაპირობას, რომ შესაძლებელია, უფრო მოქნილი, დამყოლი გახდეს რუსეთის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს რუსეთის რიტორიკაშიც თითქოსდა გამოჩნდა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.
- ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, რა შეიცვლება არსებითად უკრაინისთვის ტრამპის არჩევნებში დამარცხებით? ზელენსკიმ უკვე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება უკრაინისთვის ამერიკული დახმარების გაზრდას გამოიწვევს და ეს პუტინზე ზეწოლას გააძლიერებს, რათა მან ომი დაასრულოს.
არჩევნების ეს შედეგი ალბათ მნიშვნელოვნად შეუკვეცავს ტრამპის მოქმედების არეალს. ამავდროულად, დემოკრატების უმრავლესობა, როგორც გვახსოვს, მხარს უჭერს უკრაინას. სავარაუდოდ ამიტომაც გაუმჯობესდება უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან.
თუ დავაკვირდებით: ზელენსკის რიტორიკაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ტრამპის მიმართ. ევროპის მხარდაჭერის პირობებში, უფრო პრინციპული გახდა.
ზელენსკიმ განუცხადა ტრამპს: უკრაინა მზად არის, არ დაარტყას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს იმ ვადით, რა ვადითაც ტრამპი მისცემს „პატრიოტებს“ უკრაინას: თუ ერთ თვეს მეყოფა ეს პატრიოტები, ერთი თვე არ განვახორციელებ დარტყმას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სხვა შემთხვევაში, უკრაინას არ შეუძლია, არ უპასუხოს რუსეთის დარტყმებს უკრაინის ენერგოობიექტებზეო.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მზად არის, შეხვდეს სტამბოლში ტრამპს და პუტინს. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ჩართულობა. ამ შემთხვევაში, უკვე ერდოღანი ტრამპთან ერთად ხდება მშვიდობის გარანტი.
ზელენსკი ამით ხაზს უსვამს იმას, რომ მარტო ტრამპი ვერ წყვეტს რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და მასთან ერთად საჭიროა წონიანი პოლიტიკოსი, რათა მშვიდობის გარანტიები იყოს მყარი.
საინტერესო იყო ამ კუთხით ლუკაშენკოს განცხადებაც: „2027 წელს ომი თუ არ დამთავრდება, დაიწყება მესამე მსოფლიო ომიო“. რუსეთის მხრიდან იგრძნობა ისეთი განწყობა, რომ თითქოს რუსეთს რიტორიკა გადააქვს ევროპაზე და უკრაინა გადადის მეორეხარისხოვან პლანზე. ეს იძლევა ამის განცდას: რუსეთი ეგუება იმას, რომ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტაზე მოხდეს შეთანხმება.
რუსეთზე წინასწარ ვერასოდეს ვერაფერს იტყვი, მაგრამ პუტინის, ლავროვისა და შოიგუს ეს აქცენტი: ჩვენ შეგვიძლია ომი ევროპასთან, მაგრამ თუ იქნება მშვიდობა, ეს იქნება მშვიდობა ევროპასთან და არა უკრაინასთან. ეს გზავნილები ამ შთაბეჭდილებას ტოვებს: თითქოს რუსეთს იმის წარმოჩენა სურს, რომ მშვიდობა მყარდება ევროპასთან და არა უკრაინასთან.
ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, იკვეთება შემდეგი ტენდენცია: რუსეთი ეგუება იმას, რომ სამშვიდობო პაკეტზე თუ არა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შესაძლებელი გახდეს.
ოლეშკის მაგალითიც ამის კარგი ნიმუშია, საიდანაც ევაკუაცია განხორციელდა მელანია ტრამპის ინიციატივით. ოლეშკი მდებარეობს უშუალოდ ქალაქ ხერსონის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მარცხენა სანაპიროზე.
ეს ქალაქი ომის დაწყებიდანვე ოკუპირებული იყო რუსების მიერ და ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო მუდმივად ორმხრივი დარტყმების ქვეშ იყო. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტა, თუკი მისი გარანტორია წონიანი პიროვნება.
- ჩანს ამის ტენდენცია, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა სურს? ლავროვის აშშ-ში ვიზიტის დროს რა გამოჩნდა ამ კუთხით? „დიდი ოცეულის“ სამიტზე, აშშ-ში მიწვეულია პუტინიც, მანამდე კი, 10 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება შეხვედრა ომის მხარეების და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის.
აბუ-დაბიში აქცენტი კეთდება ომისშემდგომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ანუ უკვე ომისშემდგომ გარანტიებზეა საუბარი! ამ მოლაპარაკებებში ჩართული იქნებიან საფრანგეთი და ბრიტანეთი. დღეს ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, ჯარები გააგზავნონ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებიდან ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ერთ თვეში.
ესენი არ იქნებიან უბრალო დამკვირვებლები – ეს იქნება შეიარაღებული ძალების კონტინგენტები, რომელთაც ექნებათ უფლება, რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევაში, უპასუხონ ასევე ცეცხლით.
ამ სამშვიდობო ოპერაციის მხარდაჭერაზე მზადყოფნა უკვე განაცხადა 11-მა ქვეყანამ. მაგალითად, თურქეთი ამზადებს სწავლებას, რომელიც შეეხება მშვიდობიან პერიოდში შავი ზღვის განაღმვას. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია.
მოვლენები გვაჩვენებს, რამდენად ეფექტური იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ტენდენცია ნამდვილად იკვეთება.
- რუსული სოცქსელების მიხედვით, აღარ არის რუსეთში მობილიზაციის პანიკა. რამდენად რეალურია, რომ რუსეთი აღარ აპირებს მობილიზაციას, ჩანს თუ არა მორიგი კამპანიის სამზადისი?
დიახ, ჩემი დაკვირვებითაც ასეა: მობილიზაციის სამზადისი არ ჩანს. ფრონტის ხაზზე ახლა გვიანი შემოდგომაა – ფოთოლცვენაა, იწყება წვიმების სეზონი. ეს ართულებს დრონებისაგან თავის დაცვას და შენიღბვას. შესაბამისად, ფრონტის ხაზზე აქტიურობა დაქვეითებულია. შემცირებულია, რამაც თავის მხრივ დანაკარგების შემცირებაც გამოიწვია.
ამას დავუმატოთ ისიც, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს გარდატეხის შეტანა. პირიქით, „ვივალდის ოპერაციის“ შემდეგ მოიხსნა კრამატორსკი-სლავიანსკის ალყაში მოქცევის საფრთხე. რუსები იძულებული გახდნენ, მდინარე ჟერებეცამდე დაეხიათ. ამასობაში, უკრაინელებმა მარჯვენა ნაპირის კონტროლი დაიწყეს. ზოგი წყაროს ინფორმაციით, გადავიდნენ კიდეც მარცხენა სანაპიროზე.
მთლიანობაში, ფრონტზე დიდი აქტიურობა აღარ არის და რუსეთს ამ ეტაპზე შესაძლოა არც სჭირდება მასიური მობილიზაცია. შეიძლება ითქვას, რომ სადღაც 10-15%-ით შემცირებულია კონტრაქტორების რაოდენობა, რომლებიც თავისი სურვილით მიდიან კონტრაქტის გასაფორმებლად.
- რუსები ძირითადად მაინც საჰაერო დარტყმების იმედად არიან? მაგალითად, ბოლოს ზაპოროჟიეში საჰაერო დარტყმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. ეს აჩვენებს, რომ საჰაერო თავდაცვის ორგანიზება ისევ უჭირს უკრაინას?
რომ უჭირს, ფაქტია. რატომ ითხოვს უკრაინა „პატრიოტის“ რაკეტების დიდ რაოდენობას? უკრაინა „პატრიოტებს“ იმიტომ ითხოვს, რომ ეს სისტემა ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. ომი საბრძოლო შესაძლებლობების ლაბორატორიაა და გამოჩნდა, რომ Patriot-ი ყველაზე ეფექტურია ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. სხვა სისტემები რეალურად ნაკლებად ეფექტური გამოდგა.
ენერგოობიექტების გარდა რუსებმა თავიანთ ტაქტიკას დაუმატეს ხიდებზე დარტყმები. ახლახან ოდესაში ორ ნაპირს შორის დამაკავშირებელ ხიდზე განხორციელდა იერიში 16 რეაქტიული დრონით.
ცდილობენ, მწყობრიდან გამოიყვანონ ხიდები. კიევში და, ზოგადად, უკრაინაში მდინარეთა განვითარებული ქსელია და ბევრი ხიდია. რუსები ცდილობენ, ამით დაარღვიონ ლოჯისტიკა და კომუნიკაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფრონტის ხაზის მომარაგების თვალსაზრისით.
კიევში შემჩნეულია ასევე გეპარდები ხიდებზე. ჰაერსაწინააღმდეგო თვითმავალი საშუალება, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებიდან იყენებენ. ყველაზე ეფექტური ეს აღმოჩნდა მაინც დრონების წინააღმდეგ.
უკრაინელებმაც შეცვალეს ტაქტიკა რუსეთის ტერიტორიაზე: თუ მანამდე ერთ მნიშვნელოვან კვანძს არჩევდნენ, ახლა ქარხნის ტერიტორიას ურტყამენ დიდი რაოდენობით ათეულობით დრონის გამოყენებით, რომ მთლიანად საწარმო გამოვიდეს მწყობრიდან და არა მისი რომელიმე ელემენტი.
- რუსებს მოლოდინი აქვთ, რომ ცივი ზამთარი ამჯერად შესაძლოა გახდეს პირობა კაპიტულაციისთვის?
კაპიტულაციაზე ნაკლებად. ალბათ უფრო გათვლაა იმაზე, რომ მოლაპარაკებაზე დაიყოლიებს უკრაინას მისთვის სასურველი პირობით. ცხადია, ეს დარტყმები მიმართულია ძირითადად მოსახლეობის განწყობაზე. ხიდების გარდა, ურტყამენ სამგზავრო ავტობუსებს, მატარებლებს და ასე შემდეგ. არ არჩევს მიზანს რუსეთი.
ცინიკური კადრებიც კი გაავრცელეს იუთუბზე, როგორ დაარტყეს ხერსონში ადამიანს, რომელიც ძაღლს ასეირნებს. იღუპება ძაღლი და პატრონიც. ესეც ხომ სამხედრო ობიექტი არ იყო? ესაა რუსებისთვის დამახასიათებელი მოქმედება – ზემოქმედება მოსახლეობაზე, რათა მოსახლეობის განწყობა შეიცვალოს ომის მიმართ.
- ამასობაში, უკრაინელების დარტყმები რუსეთში რა მასშტაბს აღწევს?
როგორც კი, ურტყამენ უკრაინელები რომელიმე ობიექტს, ეგრევე ჩნდება რიგები რუსეთში რომელიმე რეგიონის ბენზინგასამართ სადგურებზე. 16 % ნავთობგადამამუშავებელი პროდუქცია იქნა განადგურებული მხოლოდ მას შემდეგ, რაც ე.წ. ენერგეტიკული მშვიდობა დასრულდა. იაროსლავის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამ დრომდე იწვის.
განცხადება იყო FP7-ის ბალისტიკური რაკეტის გამოყენებაზე, რომელსაც 300 კილომეტრ მანძილზე გადააქვს 200 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა. ძირითადად მაინც დონეცკსა და ლუგანსკიში სამხედრო და ლოჯისტიკის ობიექტებზე იქნება ეს გამოყენებული.
რატომ სჭირდებათ ბალისტიკური რაკეტების გამოყენება უკრაინელებს? ბალისტიკური რაკეტა ჯდება 600 ათასი დოლარი და მის მაგივრად შეუძლიათ გამოიყენონ 50-ათასიანი დრონი, რომელიც იმავე მანძილზე დაფრინავს და ცოტა ნაკლები ოდენობით ტვირთის გადატანა შეუძლია.
საქმე ისაა, რომ ბალისტიკის გადაჭერა გაცილებით რთულია. მის გადასაჭერად ძვირიანი სისტემები უნდა გამოიყენო, რომელთა რაოდენობა ბევრი არ აქვთ არც უკრაინელებს და არც რუსებს.
- დივერსიულ აქტების გააქტიურებაზეც მინდოდა მეკითხა უკრაინაში: დააკავეს ქალი, რომელიც აცხადებდა, რომ თითქოს საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს უკრაინელებმა და ადამიანებს აწამებდნენ, რაც არ დადასტურდა.
ეს არის პროპაგანდისტული, საინფორმაციო ომი, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება. რუსეთმა მსგავსი ქმედებები გაააქტიურა კიდევ უფრო მეტად.
დიდი ალბათობით დივერსიული აქტებით გააქტიურდება რუსეთი ევროპის მიმართულებითაც. მაგალითად, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კალინინგრადის რაიონში შემჩნეულია საეჭვო ჯგუფები, რომლებიც საზღვრის მახლობლად გადაადგილდებოდნენ. ამის გამო, პოლონეთმა გააძლიერა საზღვრის კონტროლი.
ტუსკისვე ცნობით, შემოდგომის ბოლოდან მოსალოდნელია ევროპაში რუსების ჰიბრიდული დივერსიები, საბოტაჟის გააქტიურება.
დრონების აღმოჩენა იქნება სადმე, თუ ფრენების გაჩერება, კიბერთავდასხმები სურსათის მაღაზიებზე, ცრუ განგაშის შეტყობინებები – რთული დასადგენია, ამას რუსები აკეთებენ, თუ მათი მოკავშირეები, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო.
- ეს გამიზნულია ევროპის ქვეყნების მოსახლეობის განწყობის შეცვლაზე: ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა რომ შეწყვიტოს?
დიახ. საქართველოშიც იყო ეს პრობლემა, როცა ლტოლვილების საკითხი ვიღაცაში გაღიზიანებას იწვევდა. განსაკუთრებით პოლონეთსა და გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ეს იწვევს იმ მოსახლეობის გაღიზიანებას, ვინც არაა ჩახედული პოლიტიკაში და თავისი საზრუნავი აქვს.
იგივე ტუსკმა ამ კუთხით თემის გააქტიურების შემდეგ განაცხადა: ვინც ასე ექცევა უკრაინელებს, პოლონეთის მტერიაო.
გერმანიაში მიიღეს წესი, რომლის მიხედვითაც წვევამდელი ასაკის უკრაინელებს არ იღებენ და აგზავნიან უკან. გერმანიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც, რომლებიც წვევამდელი ასაკის არიან, აგზავნიან უკან, უკრაინაში.
რუსეთში შესაბამისად იციან, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამომრჩევლის განწყობაზე. ეს ყველაფერი მიდის არჩევნებამდე, რაც მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის.
- ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რასაც უკრაინა აშშ-გან იღებდა, იყო სტარლინკი და ამერიკული დაზვერვა. ბოლო პერიოდში იყო განცხადებები, რომ სტარლინკის მომსახურებას იღებდა უკრაინა ტექნიკური შეზღუდვის გამოსწორების შემდეგ, თუმცა უკრაინული მხარე აღნიშნავდა, რომ სტარლინკს ფაქტობრივად ვეღარ იყენებენ. რა ხდება ამ კუთხით?
როგორც უკრაინელებმა განაცხადეს, ამ დროისთვის აღდგენილია სრულად სტარლინკი.
საუბარი იყო სიჩქარის ნაკლებობაზე, რაც საომარი მოქმედებების დროს არის განსაკუთრებით პრობლემაა. ვინც უყურებს კინოს ინტერნეტში, ან ინტერნეტთამაში უთამაშია, ყველამ კარგად იცის, როგორი პრობლემაცაა სიჩქარის ვარდნა.
ამის შემდეგ ხომ მარტივად წარმოსადგენია, რა სირთულეს შექმნის სიჩქარის ვარდნა, როცა დრონის ჩამოგდებაზეა საუბარი და შენი ინფორმაცია გვიან მიდის? ამ დროს ერთდროულად სხვადასხვა დონეზე ინფორმაციის გადაცემას ოპერატორი ვეღარ შეძლებს და იძულებული ხდება, რადიოკავშირი გამოიყენოს.
ამაში სჯობნიდნენ რუსებს უკრაინელები – სწრაფად დანახვაში, ინფორმაციის სწრაფად მიღებასა და შესაბამისად, სწრაფად დაზიანებაში. ამიტომაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო უკრაინელებისთვის. თითოეული ასეთი შეფერხება დამოკიდებულია მებრძოლის, ადამიანის სიცოცხლესთან, საბრძოლო ამოცანის შესრულებასთან.
- რომ შევაჯამოთ: იკვეთება, რომ რუსეთი ამ ეტაპზე არ ემზადება ახალი კამპანიისთვის და უფრო გონივრულია მოლოდინი ცეცხლის შეწყვეტაზე?
ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლის ველზე ინტენსივობა შემცირებულია და კიდევ უფრო შემცირდება. თოვლზე კვალი ჩანს და გადადგილების მონიტორინგი უფრო კარგად იქნება შესაძლებელი. სითბური ხედვის საშუალებით ასევე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება მოწინააღმდეგე.
ამიტომაც, გაზაფხულამდე ფრონტის ხაზზე აქტიურობა შემცირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჰაერო დარტყმები შემცირდება ორივე ქვეყნის ობიექტებზე, ხიდებსა თუ ლოჯისტიკის ცენტრებზე.
ფაქტია, რომ ის ამოცანა, რაც ჰქონდა დასახული რუსეთის შეიარაღებულ ჯარებს პუტინის მიერ – ნოემბრამდე დაეკავებინათ დონბასი – კვლავ ჩავარდა. ეს იქნება გადატანილი ისევ მომავალი წლისთვის. რუსებმა ვერავითარი უპირატესობა ვერ მოიპოვეს.
პირიქით, მათ მიიღეს მნიშვნელოვანი დარტყმა „ვივალდის ოპერაციის“ შედეგად. ეს შედეგი აჩენს იმის წინაპირობას, რომ შესაძლებელია, უფრო მოქნილი, დამყოლი გახდეს რუსეთის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს რუსეთის რიტორიკაშიც თითქოსდა გამოჩნდა.
ვერ ვიტყვით, საბოლოოდ, ეს რამდენად სწორი დასკვნაა, ვინაიდან ცვლადია რუსეთის პოლიტიკა და მათი პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩემი აზრით, მაქსიმალურად იქნება აქცენტი გადატანილი ევროპაზე.
- იმ გათვლით, რომ აი, ევროპელებს თუ უარს ვათქმევინებთ უკრაინის მხარდაჭერაზე, შემდეგ მიზნის მიღწევა უკრაინაში გამარტივდება?
კი, ამით გაზრდიან ზელენსკიზე ზეწოლას, რომ დათანხმდეს პუტინის პირობებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.