„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვას ესწრება, ფეისბუქზე წერს, რომ „ყველამ წინასწარ იცის“ ამ საქმის შედეგი.

„თუ გინდათ, რომ საინტერესო საყურებელი გახდეს ეს ისტორიული პროცესი, დაივიწყეთ ილუზიები, უსაფუძვლო ოპტიმიზმი და უყურეთ იმას რაც სინამდვილეში ხდება:

1. ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის. არავინ ელის რაიმე ექსტრაორდინარულს

2. ყველამ იცის რომ ბიძინა უყურებს

მანდატურებიც კი გამოაწყვეს სპეციალურ მუნდირებში.

ყველამ იცის ბოლოს რაც მოხდება და რა როლი აქვს მიმდინარედ.

მაგრამ მაინც არის მათ თამაშში განსხვავებული ნიუანსები

ა) ზოგი ცდილობს თავი მოაწონოს ბიძინას, საჯაროდ პირველად ახდენს საკუთარი მორჩილების დემონსტრირებას.

ბ) ზოგი ასევე ცდილობს თავი მოაწონოს ბიძინას, ოღონდ უკვე „ფავორშია“ და პოზიციის შენარჩუნება უნდა.

გ) ზოგი ცდილობს ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე, და ასე გამოძვრეს, იქნებ საერთოდაც აღარავის გაახსენდეს მომავალში.

დ) ზოგი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ, საკუთარი წარსულიდან და ბიძინას გამძაფრებული პარანოიიდან გამომდინარე, და განსაკუთრებული „შეუპოვრობით“ გამოირჩევა.

ასეთი სპექტაკლია.

ბოლოს შეგვიძლია რამე პრიზიც დავაწესოთ როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს აკრძალოს 5 ძირითადი ოპოზიციური პარტია, მათ შორის – გირჩი მეტი თავისუფლება“.

21-23 ოქტომბერს ბათუმში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

ვრცლად ამ თემაზე:

რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version