დღეს, 9 ოქტომბერს, რადიო „თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, გამოცემის ცნობით, ჩაწერილია 2024 წელს და რომელშიც ისმინება, როგორ სთხოვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ნანა ყენიშვილი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენელს, დავით ორჯონიკიძეს ბიზნესის წილს. „ 51 პროცენტი რომ თქვენა გქონდეთ და 49% რომ ჩვენა გვქონდეს? ხომ მაქვს 300 მილიონი [ბრუნვა], ძალიან კარგად მილიარდიცა მქონდეს ბრუნვა. ანუ, მარტივი არი, ჩვენთვის არი მარტივი იმიტომ, რომ უკვე ვიცით“, – ისმის ჩანაწერში.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ფარული ჩანაწერი სუსთან შეთანხმებით 2024 წელსაა გაკეთებული, ბიტექსჩეინჯმა“ ჩანაწერი სუსს გადასცა, რასაც სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. კომპანიაში კი ეროვნული ბანკი შემოწმებაზე შევიდა და პირიქით – „ბიტექსჩეინჯი“ ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა. 

ასევე, რადიო „თავისუფლება“ წერს, რომ მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია, სულ მცირე, რამდენიმე თვეა იციან ეროვნულმა ბანკმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„ამ უწყებებს რადიო თავისუფლებამ შეკითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა. შეკითხვების გაგზავნიდან 3 დღის შემდეგ პასუხები არ მიგვიღია“, – წერს „თავისუფლება“.

დღეს, 9 ოქტომბერს კი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

„თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ხმოვან ჩანაწერში ისმის დიალოგი, რომელიც, გამოცემისვე ცნობით, ნანა ყენიშვილსა და კომპანიის წარმომადგენელს, დავით ორჯონიკიძეს შორის შედგა:

ნანა ყენიშვილი: ჩვენსაში შემოვიდეს თქვენი 50 პროცენტით თქვენი კომპანია…

დავით ორჯონიკიძე: დიახ…

ნანა ყენიშვილი: ვითო წილი იყიდა ჩვენს კომპანიაში. 51 პროცენტი რომ თქვენა გქონდეთ და 49% რომ ჩვენა გვქონდეს? ხომ მაქვს 300 მილიონი [ბრუნვა], ძალიან კარგად მილიარდიცა მქონდეს ბრუნვა. ანუ, მარტივი არი, ჩვენთვის არი მარტივი იმიტომ, რომ უკვე ვიცით.

დავით ორჯონიკიძე: დიახ.

ნანა ყენიშვილი: შენ უბრალოდ არ იცი პსპ-ეს რა კაი შემოსავალი აქვს…

დავით ორჯონიკიძე: ეგ თქვენს პსპ-ს აქვს კარგი შემოსავალი და ყველას არა აქვს…

ნანა ყენიშვილი: არა. ნებისმიერს აქვს, თუ ააწყობ. მე ძალიან კარგად ვიცი მოძრაობის წესები. ძალიან კარგად ვიცი, წითელზე როდის უნდა გავჩერდე, მწვანეზე როდის უნდა გავიარო…

დავით ორჯონიკიძე: გაქვთ კიდევ ურთიერთობა ბატონ ბიძინასთან?

ნანა ყენიშვილი: აბა! ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანია.

დავით ორჯონიკიძე: ჩვენთვისაც, ნამდვილად.

ნანა ყენიშვილი: ახლა ვის რა აზრი აქვს არ ვიცი, მაგრამ მაგას არასდროს არ შევეხები.

„რადიო თავისუფლება“ დღეს, 9 ოქტომბერს, ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებას აანონსებს ამ თემაზე.

ამავე დროს, პროკურატურის განცხადების შემდეგ განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმაც. ბანკის განცხადებით, „გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან“.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის 21 სექტემბერს დანიშნა. ყეინიშვილამდე საკანონმდებლო ორგანომ იმავე თანამდებობაზე გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები დაიწუნა.

ფოტოზე: ნანა ყენიშვილი, nbg.gov.ge

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version