საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში: ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები გუშინ, 3 ოქტომბერს ჩატარდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნები „ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს. „ოცნების“ მთავრობის მიერ ორგანიზებულ მორიგ არჩევნებში „ლელოს“ გარდა, არცერთი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა არ მონაწილეობდა. ამ მოცემულობის მიუხედავად, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები „კონკურენტული“ იყო.

„კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა,“ – აღნიშნა 3 ოქტომბრის ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს მონაცემებით, დმანისში „ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი სარსევანიძემ ხმების 98 % მიიღო, „ლელოს“ კანდიდატმა, ვაჟა ნონიაშვილმა 1.5 %.

წალკაში „ოცნების“ კანდიდატმა, ნანული ხინიკაძემ 96.7 % მიიღო, „ლელოს“ კანდიდატმა, ზაზა შანთაძემ – 3.2%

ვანში „ოცნების“ კანდიდატს, ვაჟა ხელაძეს ხმების 87.1 % მიუღია, „ლელოს“ კანდიდატს, ბექა კოპალაძეს – 12.8%.

ახმეტაში კი, „ოცნების“ კანდიდატი, ლევან ითიურიძე მარტო მონაწილეობდა – მან ხმების 100% მიიღო.

შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდა ოთხივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

შუალედური არჩევნები ჩატარდა: ახმეტაში, სოფელ კასრისწყალში; წალკის სოფლებში: იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში; ვანში, სოფელ ფერეთაში და დმანისის სოფლებში: ველისპირსა და განახლებას შორის;

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06 %-ია.

2024 წელს საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ოპოზიციურმა ძალებმა ბოიკოტი გამოაცხადეს პარლამენტში შესვლაზე. მათი დიდი ნაწილი არალეგიტიმური მთავრობის პირობებში არჩევნებში არ მონაწილეობს და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. ამ მოთხოვნით თითქმის 2 წელიწადია პროევროპული საპროტესტო აქციები ქვეყანაში გრძელდება.

Exit mobile version