„აღარ არსებობს ზღვარი, რასაც „ოცნება“ არ იკადრებს. რომელიმე პარლამენტარი როგორ შეიძლება აი, პენსიონერს დაელაპარაკოს, თვალებში ჩახედოს, რამე საკითხზე დაელაპარაკოს, როცა იცის, რომ თავისი ანაზღაურება არის 12 800, გაისად გახდება 13 880, ამ დროს კი, პენსიონერს 20 ლარი დაუმატე?“ – ამბობს გოტა ჭანტურია „ბათუმელებთან“.

მას „ოცნების“ თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის ახალ მაჩვენებელზე ვესაუბრეთ: მაშინ, როცა ჩინოვნიკების ხელფასები ათასობით ლარი იზრდება, პენსიონერს 20-60 ლარს უმატებენ.

„საზოგადოება კარგად ხედავს, ამ დაუფარავად აგდებულ დამოკიდებულებას… მივდივართ სოციალურ კოლაფსამდე, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ღარიბდება და ძალიან მცირე ჯგუფი ფაქტობრივად აკონტროლებს, დომინირებს საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. ამ დროს მარტივდება უმრავლესობის დაქვემდებარება, უფრო მარტივი ხდება მანიპულირება სოციალური საკითხებით,“ – ამბობს გოტა ჭანტურია.

„ბათუმელებმა“ გოტა ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო გოტა, ისევ ათასებით იზრდება თანამდებობის პირების ხელფასები, პენსიონერების კი, 20-60 ლარით. ეს არის მხოლოდ სოციალური უთანასწორობის გაღრმავება, თუ სხვა რამ? 

ჩემი აზრით, სოციალურ უთანასწორობამდე, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის დაცინვა საზოგადოების და ამ შემთხვევაში პენსიონერების. ისინი ისედაც უკვე ელიტურ ჯგუფებს განეკუთვნებიან – საქართველოს მოსახლეობის 5-10%-ში შედიან, რომლებსაც 10 000 ლარზე მეტი აქვთ ანაზღაურება და ამ დროს მათ ემატებათ ისევ ხელფასი, მაგალითად, 1350 ლარით გაიზრდება პრეზიდენტის, თუ პრემიერის ხელფასი და ექნებათ 16 000 ლარის ნაცვლად 17 350 ლარი.

ეს ყველაფერი ანომალიაა. ეს აჩვენებს იმას, თუ რა არის პრიორიტეტი „ოცნების“ მთავრობისთვის. ეს აჩვენებს იმას, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული არც სოციალური უთანასწორობის შემცირებით, არც საზოგადოების რეალური პრობლემების გადაჭრით. პირიქით, მათი მიზანია რეპრესიული მანქანის გაძლიერება და რეჟიმის გამყარება.

ეს გადაწყვეტილებაც ამ მიზანს ემსახურება – არსებობდეს ფინანსური მოტივაცია თავიანთი დაჯგუფებისთვის.

გოტა ჭანტურია
  • ოფიციალურად ვისმენთ „ოცნების“ მთავრობის არგუმენტს, რომ თუ გვინდა ეფექტური მთავრობა, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კორუფციის რისკები. ეს განცხადებები როგორ ჟღერს დღეს? 

შეუძლებელია ამხელა განსხვავება, ასიმეტრია არსებობდეს თანამდებობის პირსა და, მაგალითად, მასწავლებელს შორის, ხომ? მასწავლებლის ანაზღაურება თუ საშუალოდ 1000 ლარია, რა გამოდის, რომ მისი შრომა ნაკლებად პრიორიტეტულია, ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ვიდრე მთავრობის რომელიმე წევრი, ან პარლამენტარი?

ჩვენს ქვეყანაში მინიმალური ხელფასიც კი არაა განსაზღვრული. ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამ მიმართულებით რეალურად არაფერი კეთდება. ახლახან გვქონდა პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან და, მათ შორის, მენეჯმენტთან გვქონდა დასმული ეს საკითხი: მიუხედავად ამ ვერდიქტისა, სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარის თუ პრემიერ-მინისტრს მაინც ნაკლები ხელფასი აქვთ, ვიდრე, მაგალითად, თინათინ ბერძენიშვილს.

ამ მასშტაბის ასიმეტრიას ვუყურებთ და ამ დროს ათასობით ადამიანია სოცდაუცველთა სიაში, კიდევ მეტი ელოდება ამ დახმარებას. იმდენად მძიმეა ჩვენი სოციალური ფონი, რომ მიჭირს კიდეც ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. მიჭირს, რადგან საზოგადოება კარგად ხედავს, ამ დაუფარავად აგდებულ დამოკიდებულებას.

  • შესაძლებელია იგივე პენსია მინიმუმ 100 ლარით მაინც გაიზარდოს, როცა ყოველწლიურად ამ მასშტაბით იზრდება თანამდებობის პირების ხელფასები? 

ეს არის პრიორიტეტების საკითხი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ პრიორიტეტი იქნება სოციალური დაცვა. დანარჩენი ყველაფერი არის მანიპულაცია, რომ თითქოს პენსიის 100 ლარით გაზრდა შეუძლებელია.

ამიტომაც ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისთვის, რომ ეს ნიშნავს სხვა სიკეთეებთან ერთად ღირსეულ შრომით პირობებს, გარემოს, სადაც ამხელა ასიმეტრია არ არსებობს. მაგალითად, ექთანი, რომელიც ადამიანის გადარჩენისთვის იბრძვის, ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ვიდრე დეპუტატი? ამ დროს მისი ანაზღაურება დაახლოებით 300-400 ლარია ჩვენს ქვეყანაში.

  • ექთნებს რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მუშაობაც უწევთ – დეფიციტის აღმოსაფხვრელად კი, ნაბიჯები არ იდგმება

რა თქმა უნდა, დეფიციტის აღმოფხვრას და სიტუაციის გაუმჯობესებას აქ არავინ ცდილობს. ჩვენ ვხედავთ, რომ თანამდებობის პირები მხოლოდ პირადი და მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან გადასული. ამ დროს ირაკლი კობახიძემ, მაგალითად, თქვა, რომ თითქოს ტერიტორიული პრინციპით შეარჩია მისი შვილისთვის კერძო სკოლა, მაგრამ კერძო სკოლაში დაჰყავს შვილი, იქ ხარჯავს ასეულობით ათას ლარს.

სამედიცინო სფეროშიც ვხედავთ, რომ ეს მაღალბიუჯეტიანი თანამდებობის პირები დასავლეთში მიდიან სამკურნალოდ, იქ მშობიარობენ კიდეც…

სამწუხაროდ, შრომითი პირობების გაუმჯობესება ამ ქვეყანაში არასდროს იყო პრიორიტეტი. 30 წელია ვუყურებთ, როდის დაარეგულირებს ბაზარი რაღაცას. ამასობაში, მივიღეთ სოციალური უთანასწორობის ისეთი მასშტაბი, რაც მგონი არასდროს არ გვქონია.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა, რაც 1377.3 ლარია, ხოლო საშუალო ხელფასი გახდა 2389 ლარი. ეს მაჩვენებელი რამდენად რეალურია? 

ესეც არის მანიპულაცია, რადგან ასე საშუალოს დათვლა არ ხდება: თუ ერთ ადამიანს არაფერი არ აქვს და მეორეს აქვს 10 000 ლარი, საშუალო 5 000 ლარი გამოდის ხელფასი. მედიანურის შემთხვევაში გაცილებით დაბალია ეს ციფრი და უფრო ახლოსაა რეალობასთან.

რომც დავუჯეროთ ამ მაჩვენებელს, რამდენით იმატებს პარალელურად ინფლაცია? როგორ ძვირდება ჩვენი ცხოვრება, საკვები პროდუქტები, კომუნალური ხარჯები, ყოველდღიურობა?

  • რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, თქვენი დაკვირვებით, როცა მმართველი პოლიტიკური გუნდი არ ერიდება უთანასწორობის კიდევ უფრო გაზრდას – საკუთარ ჯამაგირს ათასებით ზრდის, პენსიონერს კი, 20-60 ლარს უმატებს?

მგონი, თქვენ რაც თქვით, ზუსტად მაგას ნიშნავს – აღარაფერს აღარ ერიდება. მისთვის უკვე აღარ არსებობს რაღაც ბარიერი, რომელსაც არ გადალახავს. ის გველაპარაკება პრიმიტიული პროპაგანდით, რომ თითქოს ამ დროს ეკონომიკა იზრდება, ხელფასები იზრდება და კარგად ვცხოვრობთ. ეს არის ის, რაც ხდება ზოგადად ავტორიტარულ ქვეყნებში.

აღარ არსებობს ზღვარი, რასაც „ოცნება“ არ იკადრებს. მაგალითად, რომელიმე პარლამენტარი როგორ შეიძლება აი, პენსიონერს დაელაპარაკოს, თვალებში ჩახედოს, რამე საკითხზე დაელაპარაკოს, როცა იცის, რომ თავისი ანაზღაურება არის 12 800. გაისად გახდება 13 880, ამ დროს კი პენსიონერს 20 ლარი დაუმატე?

  • რა რისკებს შეიცავს უთანასწორობის ამ მასშტაბით გაზრდა, რას გამოიწვევს ეს?

მივდივართ სოციალურ კოლაფსამდე, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ღარიბდება და ძალიან მცირე ჯგუფი აკონტროლებს, დომინირებს საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. ამ დროს მარტივდება უმრავლესობის დაქვემდებარება, უფრო მარტივი ხდება მანიპულირება სოციალური საკითხებით.

უმთავრესი რისკი ეს არის, რომ ტოტალურ, სოციალურ კოლაფსამდე მივდივართ, როდესაც უთანასწორობის ასეთი მაჩვენებელი გვაქვს. ამ დროს ახალგაზრდა თაობა ფიქრობს, რომ აქ პერსპექტივა აღარაა და მიდის ემიგრაციაში. რისკი მატულობს ამ კუთხითაც, რომ ემიგრანტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

როცა დემოკრატიულ ქვეყნებში თანამდებობის პირების ხელფასი იზრდება, თანაც ამ მასშტაბით, ეს აუცილებლად ხდება საყოველთაო განხილვის საგანი, რადგან ეს უნდა დაასაბუთონ: რამდენად არის ეს აუცილებელი? ხომ არ აჯობებს ეს ფინანსური რესურსი სხვა პრობლემის გადასაჭრელად გამოვიყენოთ? ნიუ-იორკის მერს, ზოჰრან მამდანს ჰკითხეს, ხელფასის ზრდაზე რატომ ამბობთ უარსო, მან უპასუხა: არაერთი ნიუ-იორკელის კარზე დავაკაკუნე და არავის უთქვამს, რომ ეს აწუხებთ ჩემი ხელფასის ოდენობაო, არავისთვის წუხილი ეს არ იყოო.

ჰოდა, იგივე ამბავია: ვინ შეწუხდა ამ ქვეყანაში, მაგალითად, იმაზე, რომ თურმე ყაველაშვილს დაბალი ხელფასი ჰქონია და უნდა გავუზარდოთ? მოსახლეობაში არავინ გამოთქვამს ამაზე წუხილს, როცა ამდენი პრობლემაა ჯანდაცვაში, განათლებაში, ყველა მიმართულებით უმწვავესი პრობლემებია. ამ დროს მთავრობა გვთავაზობს იმას, რომ საკუთარ ხელფასებს გაზრდის თანაც წელიწადში ორჯერ. რეფერენდუმზეც რომ გავიტანოთ ეს საკითხი, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა მინიმუმ გაანახევრებს მათ ხელფასებს, რადგან ზუსტად ესაა ადეკვატური. ახლა რაც აქვთ ანომალიაა და ზრდა საერთოდ.

ეს არის საზოგადოების ღიად შეურაცხყოფა და თანაც, რომ თურმე ყველაფერი კანონიერად ხდება.

სასკოლო კვებაც კი ვერ გახდა პრიორიტეტი, თურმე თანხა საკმარისი არ გვქონია. ამ დროს მინისტრების და პარლამენტარების ხელფასების გაზრდისთვის გვაქვს თანხები.

___

ამ თემაზე:

ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება

 

Exit mobile version