პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა დაზარალებული.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს“ – წერს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, არასრულწლოვანის, 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ) და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა იუწყება, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.