დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის #15 მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებაზე ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ქალი, რომელიც ავტობუსს ელოდება, ამბობს, რომ ეს „ფაქტობრივად მობილური გაჩერებაა“.

გაჩერებას არც ერთ გვერდზე შუშა არ აქვს, ბათუმური წვიმა ყველა მხრიდან ასხამს, სკამზეც რომ შედგე, მაინც მოგწვდება, ამიტომ, ფაქტობრივად, ავტობუსს წყლის გუბეში ჩამდგარი ელოდები.

ამ გაჩერებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში 2026 წლის 9 იანვარს აცხადებდნენ, რომ შუშები ჩასვეს, მაგრამ „აღნიშნული მოსაცდელების კონსტრუქციის ერთი მხარე, რომელიც შედგება ბილბორდის მინისგან, ხშირად ზიანდება, მცირე ქარის დროსაც. ამ დროისთვის დაზიანებული მინა ამოღებულია და ტერიტორია დასუფთავებულია მინის ნამსხვრევებისგან“.

მოსაცდელის წინ მცხოვრები ქალი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მერია იტყუება, რადგან ამ მოსაცდელზე გვერდითი შუშები არ დაუმონტაჟებიათ და თავიდანვე იმ სახით იყო, როგორც ახლაა.

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მოსაცდელთან ჩერდება ავტობუსი. ფიქრობ, რომ გეშველა, მაგრამ ადიხარ ავტობუსში და ყველა სკამი სველია – წვიმს ავტობუსშიც.

იძულებული ხარ, ფეხზე იდგე.

ერთი ქალი გამოსავალს უმალ პოულობს, ხელსახოცს იღებს ჩანთიდან, სკამს ამშრალებს, ჯდება და მერე ხელსახოცს სხვასაც სთავაზობს. ამ დროს ფეხზე მდგომ ახალგაზრდა ქალს ავტობუსის მოულოდნელი დამუხრუჭებისგან ფეხი ეცლება და ეცემა, ცდილობს წელი არ დაარტყას რკინის კონსტრუქციას.

„ჩადის ვინმე?“ – კითხულობს მძღოლი.

„ყველა სკამი სველია, ამიტომ კარგად ვდგავართ. ჯერ არ ჩავდივართ“ – უკვე ფეხზე წამომდგარი პასუხობს გაღიზიანებული ქალი.

შემინვის გარეშე ავტობუსის გაჩერება ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის ბოლოშია და ეს ამბავიც ამ გაჩერებიდან მეორე სკოლასთან არსებულ გაჩერებამდე გრძელდება.

9 თვის წინ, 2026 წლის 9 იანვარს,  ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი ჩანაცვლდება“.

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის მერიას აღარ ვუსვამთ შეკითხვას, როდის ჩასვამენ ავტობუსის გაჩერებაზე შუშებს. თუ მერია თავად დაუკავშირდება რედაქციას, მასალა განახლდება და მათი განცხადება ამავე ტექსტში აისახება.

მაგრამ აუცილებლად ველით პასუხს ამ კითხვაზე:  შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებისთვის 2026 წლის ქალაქის ბიუჯეტში 24,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. რაში იხარჯება ეს თანხა, თუ კი ავტობუსის გაჩერების მოწესრიგებაც ვერ ხერხდება?! 

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version