„სამწუხაროდ, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმც გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ იზრდება თანხების გამოტანა და ეს ძალიან მზარდი პროცესია. ჯერჯერობით არ არის საბანკო პანიკა, თუმცა დასავლურმა გამოცემებმა ამ პროცესს დაარქვეს „ნელი საბანკო პანიკა“ [Slow-motion bank run],“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ზაზა ბროლაძე. მას რუსეთში ბანკებიდან მასობრივად თანხების განაღდებაზე ვესაუბრეთ: რა დაეტყო უკვე რუსეთის ეკონომიკას და საითკენ მიდის პროცესი?
„განსაკუთრებით ბათუმში ალბათ ძალიან კარგად შეიმჩნევა, რატომაც იქცევიან ასე რუსეთის მოქალაქეები – ბოლო პერიოდში გაიზარდა მობილიზაციის შიშით საქართველოში ჩამოსული რუსების რაოდენობა. ეს პროცესი სავარაუდოდ უკავშირდება მოსალოდნელი მობილიზაციის შიშს.
რუსები მაქსიმალურად ცდილობენ თანხები გარეთ გაიტანონ, კრიპტოვალუტა შეიძინონ და ასე შემდეგ. მოქალაქეები რუსეთში მაქსიმალურად ცდილობენ, თანხები გაარიდონ რუსეთის სისტემას,“ – გვიყვება ეკონომისტი.
„ბათუმელებმა“ ეკონომისტ ზაზა ბროლაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო ზაზა, რის მაჩვენებელია რუსეთში ბანკებიდან ნაღდი ფულის მასობრივად გატანის ტენდენცია? რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 2 ტრილიონი რუბლი [24 მილიარდი დოლარი] გაიტანეს ბანკიდან მოქალაქეებმა.
ანაბრებიდან დიდი რაოდენობით თანხების გატანის მეორე ეტაპია ეს. პირველი დაიწყო 2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მაშინ ეს მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. დაახლოებით 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო მეორე ეტაპი და ახლა არის, შეიძლება ითქვას, პიკური სიტუაცია – მიმდინარე წლის ივლისში წლის ყველაზე დიდი გადინება იყო. პრინციპში ეს ტენდენციაა.
ამის შესახებ წერდა „ვაშინგტონ პოსტიც“, რომ 2026 წლის პირველ 7 თვეში ბანკებიდან დაახლოებით 27 – 28 მილიარდი დოლარი გავიდა, ანუ თვეში დაახლოებით 300 მილიარდი რუბლი.
როგორც გითხარით, ივლისი ყველაზე პიკური თვე იყო და სადღაც 643 მილიარდი რუბლი, ანუ 7.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა მიმოქცევაში ნაღდი ფული. აგვისტოს პირველ ნახევარშიც დაახლოებით 300 მილიარდი რუბლი გაიტანეს…

განსაკუთრებით ბათუმში ალბათ ძალიან კარგად შეიმჩნევა, რატომაც იქცევიან ასე რუსეთის მოქალაქეები – ბოლო პერიოდში გაიზარდა მობილიზაციის შიშით საქართველოში ჩამოსული რუსების რაოდენობა.
- ეს ციფრები რამდენად მასშტაბურია რუსეთის ეკონომიკისთვის? შეიძლება ამ ტენდენციამ მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე, ომის რესურსებზე?
ანაბრებიდან გატანილი თანხები დაახლოებით წლის ბოლომდე იქნება 6 ტრილიონ რუბლამდე, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის მიხედვით, დაახლოებით 70 მილიარდ დოლარამდე გაიტანენ ნაღდ ფულს რუსეთის კომერციული ბანკებიდან. მთლიანი ანაბრების ოდენობა არის სადღაც 69 ტრილიონ რუბლამდე – დაახლოებით 792 მილიარდი დოლარია, გამოდის, რომ მთლიანი თანხის დაახლოებით 6%-მდე გამოიტანეს.
სამწუხაროდ, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმც გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ იზრდება თანხების გამოტანა და ეს ძალიან მზარდი პროცესია. ჯერჯერობით არ არის საბანკო პანიკა, თუმცა დასავლურმა გამოცემებმა ამ პროცესს დაარქვეს „ნელი საბანკო პანიკა“ [Slow-motion bank run].
ამ ეტაპზე მკვეთრი ინფლაციური პროცესები არ მიმდინარეობს – ინფლაცია 6%-მდეა ოფიციალური სტატისტიკით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სცოდავს როსსტატი ინფორმაციის გამოქვეყნების მხრივ. რუსეთის ცენტრალური ბანკი აკეთებს ცალკე კვლევებს, სადაც ითვლიან მოსახლეობის ინფლაციურ მოლოდინებს, სადაც მეტ-ნაკლებად რეალური ციფრებია. ინფლაციური მოლოდინები მოსახლეობას აქვს სადღაც 14-15%-ის ფარგლებში. მოლოდინი არსებობს, რომ წლის ბოლოსთვის იქნება დაახლოებით 15%-მდე ინფლაცია, რაც რეალურია.
არავის არ სჯერა ომში მყოფი რუსეთის სტატისტიკის სამსახურის. მაგალითად, პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3%-იანი კლება დაფიქსირდა. ყველა მაჩვენებელი მიუთითებდა, რომ სიტუაცია არ გამოსწორებულა, პირიქით, უფრო გაუარესდა და ამ დროს როსტატმა 1.3%-იანი ზრდა აჩვენა მეორე კვარტალში. გამორიცხულია რუსეთს მზარდი ციფრები ჰქონდეს, მით უმეტეს არსებული სანქციების გათვალისწინებით.
- სხვადასხვა წყაროს მონაცემით, რუსეთიდან ასევე 2026 წელს 321 მლრდ რუბლი რუსებმა საზღვარგარეთ გადარიცხეს. ეს რაზე მიანიშნებს და როგორ ხერხდება რუსეთიდან საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვა?
დიახ, უცხოეთში გზავნილებიც იზრდება.
თანხების გადარიცხვის სისტემები „ვიზა“ და „მასტერქარდი“ რუსეთში, მოგეხსენებათ, შეზღუდულია საერთაშორისო სანქციების გამო, ასევე, „სვიფტის“ გამო. უცხოეთში თანხის გადარიცხვა პრობლემურია. ამ ფონზე ცდილობენ რუსები მაქსიმალურად გარეთ გაიტანონ თანხები – კრიპტოვალუტა შეიძინონ და ასე შემდეგ.
დასავლელი ანალიტიკოსების გაანგარიშებით, როგორც არ უნდა წავიდეს ეს პროცესი ეკონომიკაში – თუნდაც კოლაფსი და სტაგნაცია არ მოხდეს – რუსეთს აქვს რესურსი, რომ 2027 წლის ბოლომდე მინიმუმ შეძლოს ომის დაფინანსება, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით რეზერვები აქვთ დაგროვებული. ისინი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ამ სცენარისთვის. რუსეთში შექმნეს ე.წ. ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, სადაც დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდეა, ამის გარდა 2300 ტონამდე ოქრო აქვთ ცენტრალური ბანკის დეპოზიტებზე განთავსებული.
ჯერჯერობით სრული ემბარგო რუსულ ნავთობისა და გაზის ექსპორტზე მსოფლიოს არ შეუძლია. შესაბამისად, რუსებს მიმდინარე შემოსავლებიც აქვთ, რაც აძლევთ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ეკონომიკური სიძნელეების პირობებშიც 2027 წლის ბოლომდე მინიმუმ შეძლებენ ომის გაგრძელებას და ეკონომიკის შენარჩუნებას.
ჩემი აზრით, რუსეთში ეკონომიკური კოლაფსი არ ექნებათ, თუმცა სერიოზული პრობლემები რუსეთის ეკონომიკაში უკვე არსებობს.
- რა სახით გამოჩნდა ეს პრობლემები რუსეთის ეკონომიკაში?
2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3%-იანი შემცირება იყო. ინფლაცია საკმაოდ მაღალია – 6-7% და ცენტრალურ ბანკს მიზნობრივი ინფლაცია აქვს 4%.
როგორც უკვე გითხარით, ინფლაციური მოლოდინები მოსახლეობას აქვს 14-15%-ის ფარგლებში. თავად ცენტრალური ბანკი აღნიშნავს პრობლემას და ივლისის გადაწყვეტილებაში წერს, რომ მოსახლეობის, ბიზნესისა და ფინანსური ბაზრის მონაწილეების ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ეს ოფიციალური უწყება, სადაც მართლაც სერიოზული ანალიტიკოსები მუშაობენ. სამთავრობო უწყება რომ ამას ამბობს, ეს დაახლოებით დოჩანაშვილის პერსონაჟს მახსენებს: „ყველაფერი არც თუ ისე გენიალურადაა“.
შრომის ბაზარი არის ძალიან საინტერესო – დემოგრაფიული კლება აქვთ მობილიზაციისა და ემიგრაციის გამო. შრომის დეფიციტია რუსეთში. უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი არის 2.2%. რუსეთში კვალიფიციური კადრები ზოგი გაიქცა, ზოგი – ომში წაიყვანეს. მიგრანტების ხარჯზე არიან და ის მიგრანტები კვალიფიციურ სამუშაო ადგილებს ვერ ავსებენ. ამიტომაც, სერიოზული პრობლემები აქვთ.
ბიუჯეტში საკმაოდ მაღალი დეფიციტია – მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ასევე, ცხადია, რომ დაეცა ნავთობისა და გაზის შემოსავლები – 2026 წლის პირველ კვარტალში 45%-ით.
- როგორ აისახება ეს კრიზისი მოსახლეობაზე? შეიძლება, მაგალითად, პენსიების გაცემა რუსეთში მთავრობას გაუჭირდეს?
როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთს აქვს უზარმაზარი რეზერვი, იგივე 2300 ტონა ოქრო. ამიტომაც, ჩემი აზრით, რუსეთში მსგავს მიმდინარე პრობლემებს არ დაუშვებენ. არ აწყობთ უამრავი პრობლემის ფონზე, რომ პენსიებმაც დაიგვიანოს. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება, პენსია რომ ვერ დარიგდეს, ან საბანკო ანაბრები გაიყინოს? მერე დაიწყებენ ვიდეოების ჩაწერას: „ვერნიტე მაი დენგი“ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მართლა კოლაფსი მოხდება და ეს არ აწყობთ.
წითელი ხაზები არსებობს, რაც იციან, რომ არ უნდა გადაკვეთონ.
მე ვახსენე „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“ და ამ ფონდში ომის დაწყებამდე ჰქონდათ დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი. დღეისთვის ამ ფონდში კიდევ დარჩათ 48 მილიარდი დოლარი. 2280 ტონა ოქროა ჯამურად დეპოზიტებზე, რაც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულება. ამიტომაც, რეზერვები საკმაოდ დიდი აქვთ.
- პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გარდა, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს უახლოეს პერიოდში?
დავაკვირდეთ სოფლის მეურნეობას: ქვეყანაში არ შედის დასავლური ტექნოლოგიები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერიოზული დეფიციტია. ამას ემატება დიზელის დეფიციტი, ცნობილი მიზეზების გამო – უკრაინელები მიზანმიმართულად და სწორად ბომბავენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსეთში. ნელ-ნელა მათ სოფლის მეურნეობას კრიზისის ნიშნები უჩნდება: მოსავლის მოყვანასა და აღებაში პრობლემა აქვთ, ამ მოყვანილი პროდუქციის ექსპორტის პრობლემა აქვთ, იმიტომ რომ ჩაკეტილია, ხომ? ცალკეა ემბარგო, მერე მხრივ, უკრაინა ცალკე უზღუდავს საზღვაო მიმართულებას.
იგივე ავიაციაში სერიოზული პრობლემები აქვთ – ძირითადად იმპორტული იყო სათადარიგო ნაწილები.
- შემოვლითი გზებით და სხვა ქვეყნების გამოყენებით რუსეთი ვერ ახერხებს ამ ტექნიკის შეძენას?
ახერხებენ, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, გაცილებით ძვირად და სტანდარტი დაბალია. არცერთი დასავლური კომპანია ღიად ე.წ. შემოვლით სქემებში არ მიიღებს მონაწილეობას დასანქცირების შიშით.
- რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს რუსეთში არსებული საბანკო კრიზისის გაღრმავებაზე? ცნობილია, რომ რუსეთში ომამდე ამუშავდა ეკონომიკური სისტემების ახალი მოდელი, რასაც დასავლეთში უწოდეს „ციხესიმაგრე რუსეთი“ [Fortress Russia]. ამ მოდელით რუსეთი მოემზადა იზოლაციისთვის. როგორ მუშაობს ეს მოდელი?
დიახ, ათწლეულებია რუსები ამ მოდელს აშენებენ და საკმაოდ დიდი თანხები მოაგროვეს. შექმნეს სარეზერვო ფონდი, ასევე ალტერნატიული საგადახდო სისტემები – მოსალოდნელი იყო და გაუჩერეს კიდევაც „სვიფტის“ არხით სარგებლობა. დღეს მათ აქვთ ალტერნატიული, რუსული საგადახდო საშუალებები. მაგალითად, „ვიზას“ მაგივრად იყენებენ გადახდის სისტემას „მირს“ და ამით ძირითადად ჩინეთზე არიან მიბმულები
ასევე, კრიპტოვალუტის მიმოქცევა განავითარეს სერიოზულად, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოც ეხმარება. მათ აქვთ თანხების მოძრაობის ალტერნატიული საშუალებები შექმნილი. უცხოური ინვესტიციებიც შეზღუდეს და რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ხალხს დაუკავშირეს სტრატეგიული ბიზნესი.
ალტერნატიული, დახურული ინტერნეტიც აქვთ შექმნილი, რითაც შეუძლიათ, რომ დასავლეთის ინტერნეტთან კავშირი მაქსიმალურად შეზღუდონ…
იმდენად დიდი რესურსები იყო წლების განმავლობაში ამ ყველაფერში ჩადებული, რომ დღემდე რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ეს ზუსტად ამ „ციხესიმაგრე ეკონომიკის“ დამსახურებაა – ამ სისტემამ შეინარჩუნა სიცოცხლისუნარიანობა. რა თქმა უნდა, ჩინეთის როლიც საკმაოდ სერიოზულია, თუმცა მხოლოდ ჩინეთის იმედზე ვერ დარჩებოდა რუსეთის ეკონომიკა.
მყისიერად რუსეთის ეკონომიკა ვერ ჩამოიშლება. ირანის ეკონომიკა გაცილებით დაბალი მასშტაბისაა და ირანის ეკონომიკაც კი ინარჩუნებს ძირითად მაჩვენებლებს მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაა იქ ჩარეული და სერიოზული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუზიანა, ირანის ეკონომიკაც კი, არ ჩამოიშალა. ჩვენ კი ძალიან გვინდა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალოს და უკრაინის გამარჯვება უფრო თვალსაჩინო იყოს, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და ზუსტად ვიცოდეთ, რა ხდება – რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა უახლოეს მომავალში არ მოხდება.
ეს ომი არის გამოფიტვაზე. ერთ მხარეს არის უკრაინა და მას მხარს უჭერს დასავლეთი. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას ძალიან გაუჭირდებოდა. მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელსაც, ფაქტობრივად, მხოლოდ ჩინეთი უდგას გვერდით. ამიტომაც, ეს გრძელვადიანი პროცესია. რამდენი ხანია ფრონტის ხაზი, ფაქტობრივად, გაყინულია და მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არცერთი მიმართულებით არ ხდება.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინას უკან დასავლეთია და გაცილებით ძლიერი ეკონომიკები, დარწმუნებული ვარ, რუსეთი აუცილებლად გამოიფიტება, თუმცა ისე სწრაფად ეს არ მოხდება, როგორც გვინდა.
- საბანკო კრიზისი რუსეთში აისახება საქართველოზე, რადგან აქ რუსეთიდან ათასობით მოქალაქე შემოდის?
რუბლებში ქართულ ბანკებში ანაბრები ძალიან დაბალია – სადღაც 100 მილიონ ლარამდეა [38 მილიონი დოლარი], ამიტომაც, ეს უმნიშვნელოა. თუმცა არაპირდაპირი არხი არის ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში, რომელიც კლებულობს სერიოზულად. სადღაც 42 მილიონი დოლარი იყო, მაგალითად, 2026 წლის ივლისში. ეს ნაკადი კლებადია. ომის დაწყების შემდგომ რუსული გზავნილების ბუმი იყო საქართველოში – რუსები გამორბოდნენ და თან გადმოჰქონდათ ფული. შემდეგ ეს ტენდენცია შეწყდა და დასტაბილურდა. ახლა იმაზე ნაკლებია, რაც ომამდე იყო.
თეორიულად რუსული საბანკო კრიზისი თუ გაღრმავდა, ამას შეიძლება პოზიტიური ეფექტი ჰქონდეს, რადგან რუსეთის მოქალაქეებმა შეიძლება დანაზოგები უფრო სტაბილურ იურისდიქციაში, ამ შემთხვევაში საქართველოში გადმოიტანონ. ეს მოხდა 2022 წელს, ანაბრები გახსნეს აქ, რაც ქართულ საბანკო სექტორს პოზიტიურად წაადგა. სხვა საქმეა, რამდენად მორალურად გამართლებული იყო ეს, მაგრამ ფაქტია, რომ პოზიტიურად წაადგათ.