„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სინდისის პატიმრები შეიწყალა.

ამის შესახებ 27 აგვისტოს, გვიან ღამით გახდა ცნობილი.

დადასტურებული ინფორმაციით, შეწყალებულები არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს:

  • დავით ხომერიკი
  • საბა ჯიქია
  • ფრიდონ ბუბუტეიშვილი

საბა ჯიქია 20 წლისაა და მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მუსიკოსი დავით ხომერიკი 26 წლისაა და მას 4,5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი 20 წლისაა და 2025 წლის იანვარში 5 წელი მიუსაჯეს.

შეწყალებულები არიან დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები:

  • გურამ ხუტაშვილი
  • დანიელ მუმლაძე

გურამი 26 წლისაა, დანიელი კი 23 წლის. მათ 3-3 წლით ჰქონდათ პატიმრობა მისჯილი.

შეწყალებულთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები:

  • სიმონ მახარაძე
  • თორნიკე მჭედლიშვილი
  • ავთანდილ თოფჩიშვილი

სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული და სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი ჰქონდა მისჯილი.

თორნიკე მჭედლიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი – მას ედავებოდნენ ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ავთანდილ თოფჩიშვილს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული და ერთი წელი უნდა ყოფილიყო პატიმრობაში, 3 წელი კი პირობითი მსჯავრი ექნებოდა. პროკურატურა მასაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version