ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

როგორც თავის დროზე, ისე დღესაც, ორი ცნობილი ამერიკელი მკვლევარი სრულიად დარწმუნებულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა მოსკოვის მხრიდან ხანგრძლივი, მიზანმიმართული მზადებისა და შორსმიმავალი სტრატეგიული გეგმის შედეგი იყო.

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ, მკვლევარი სტივენ ბლენკი და ევრაზიის საკითხთა ექსპერტ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მრჩეველ, პოლ გობლი ავტორები არიან კრებულისა: „2008 წლის აგვისტოს ზარბაზნები: რუსეთის ომი საქართველოში“.

მათი შეფასებით, დასავლეთის მხრიდან რუსეთის აგრესიის დროულად შეუკავებლობამ პირდაპირ განაპირობა შემდგომი კრიზისი და სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.

ორივე მათგანს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე DC Notebook ესაუბრა. გთავაზობთ მათ შეფასებებს სტრატეგიული შეკავების, დასავლეთის პოლიტიკური შეცდომებისა და საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის შესახებ.

  • 2008 წლის ომიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% რჩება ოკუპირებული, რასაც თან ახლავს ე.წ. „მცოცავი ბორდერიზაცია“. რეტროსპექტივაში, როგორ მისცა აშშ-ისა და ნატოს გადაწყვეტილებამ მოსკოვთან ურთიერთობების სწრაფ გადატვირთვაზე („Reset“ პოლიტიკა) კრემლს სიგნალი, რომ სუვერენული მეზობლის ოკუპაციის ფასი მართვადი იყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ აგრესიას უკრაინაში?

დოქტორი სტივენ ბლენკი: „მიმაჩნდა, რომ 2009 წლის „გადატვირთვის“ პოლიტიკა იყო დაუმსახურებელი და მცდარი, რადგან მან უარი თქვა რუსული აგრესიის რეალობასთან პირისპირ დადგომაზე. მაშინვე ვაფრთხილებდი, რომ ამას მეტი მოჰყვებოდა. დღესაც იგივე მდგომარეობაა: თავდაცვის ხარჯების ზრდის მიუხედავად, ევროპას ჯერ კიდევ არ სურს გააცნობიეროს, რომ ის, ისევე როგორც უკრაინა, თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში ვხედავთ აშკარა სტრატეგიულ არაკომპეტენტურობას არა მხოლოდ ირანთან, არამედ უკრაინასთან მიმართებაშიც. უფრო ძლიერი პასუხი იქ, ისევე როგორც საქართველოში, დიდი ალბათობით, დიდი ხნის წინ გამოიწვევდა რუსეთის დამარცხებას იმ სისხლისღვრის ნაცვლად, რასაც ახლა ვხედავთ.“

  • მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ხშირად ადანაშაულებს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის ომის „დაწყებაში“ და ამ საკითხზე სამართლებრივ დავაზეც კი საუბრობს. თუმცა თქვენი კვლევა დეტალურად ასახავს რუსეთის სამხედრო მზადებას, მათ შორის სწავლებას „კავკასია 2008“, ლოგისტიკურ განლაგებასა და საზღვრის უკანონო გადმოწევას 7-8 აგვისტომდე. რამდენად უგულებელყოფს ომის თბილისის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებად წარმოჩენა ჰიბრიდული ესკალაციისა და რუსეთის წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის რეალობას?

დოქტორი სტივენ ბლენკი: „სააკაშვილი და მისი კოლეგები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ვერ გააცნობიერეს მთავარი: პროვოკაციას არ უნდა წამოეგო. მაგრამ ეს ომი გამოწვეული იყო რუსული იმპერიალიზმით, რომელსაც არ შეუძლია პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიღება.

როგორც არაერთხელ დამიწერია, რუსეთის იმპერია, რა ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს ის, შეუთავსებელია ევროპულ უსაფრთხოებასთან. რამდენადაც საქართველო ევროპის ნაწილია, მისი უსაფრთხოება (ისევე როგორც უკრაინის) განუყოფელია.“

  • 2008 წლის ხელისუფლების კრიტიკოსები 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხშირად დიპლომატიურ კაპიტულაციად აფასებენ. საერთაშორისო სამართლისა და სტრატეგიული თვალსაზრისით, რამდენად შეაჩერა ამ შეთანხმებამ თბილისში რეჟიმის სრული ცვლილება და როგორ შეუნარჩუნა ქვეყანას სუვერენიტეტი?

პოლ გობლი: 2008 წლის შეთანხმებამ არ შეაჩერა, არამედ მხოლოდ შეანელა მოსკოვის მცდელობა, მიეღწია რეჟიმის შეცვლისთვის თბილისში. მოსკოვმა პირობა დადო, რომ გაიყვანდა თავის ჯარებს, მაგრამ ეს პირობა დაუყოვნებლივ უგულებელყო, საერთაშორისო საზოგადოება კი მხოლოდ სინანულის გამოხატვას დასჯერდა. შედეგად, რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენდა მოსკოვის მორიგ მცდელობას, გაენადგურებინა საქართველოს დამოუკიდებლობა.

  • თქვენს ანალიზში ხაზს უსვამთ, თუ როგორ გამოიყენა მოსკოვმა ნარატიული ბუნდოვანება სამხედრო მზადების დასაფარად. რამდენად მისცა დასავლეთის შეგუებამ ამ „ახალ რეალობასთან“ რუსეთს საშუალება, დაეხვეწა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები და ერწმუნა, რომ გახანგრძლივებული ოკუპაციის ფონზე დასავლეთი საბოლოოდ ნარატიულ დაღლილობას დანებდებოდა?

პოლ გობლი: „საქართველოს შემთხვევა არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი პუტინის იმ მცდელობებს შორის, რომლებიც ეფუძნებოდა გათვლას, რომ დასავლეთი მას წინ არ აღუდგებოდა იმის შიშით, უარესად არ მოქცეულიყო. დასავლეთის უუნარობამ, წინ აღსდგომოდა მოსკოვს ჯერ ჩეჩნეთში, შემდეგ კი საქართველოში, მიგვიყვანა უკრაინამდე, სადაც დასავლეთი აკეთებს მეტს, მაგრამ არა საკმარისს იმ პრინციპების დასაცავად, რომლებსაც თავად აცხადებს.

ამან უსაზღვრო ტანჯვა მოუტანა ამ ხალხებს, მაგრამ უარესი ის არის, რომ ამან ძირი გამოუთხარა საერთაშორისო სამართლის სისტემას, რომელიც დასავლეთის ფუნდამენტად იყო მიჩნეული და გზა გაუხსნა პუტინის მზარდ აგრესიულობას.

ის, რაც დასავლეთს ახლა არ ესმის – ისევე როგორც ბევრს არ ესმოდა ჰიტლერის შესახებ 1930-იან წლებში – არის ის, რომ ყოველი კომპრომისი და დათმობა სიტუაციას მხოლოდ აუარესებს და მის მომავალში გამოსწორებას გაცილებით ძვირადღირებულს ხდის“.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version