საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრებას ეხება. ამავდროულად, სასამართლომ უარი თქვა სადავო ნორმის შეჩერებაზე, ვიდრე მოსამართლეები ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად წლების განმავლობაში აჭიანურებს, როცა საქმე რეზონანსულია და დემოკრატიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო შემადგენლობით: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე.

მათგან მხოლოდ ერთმა, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობაზე – ამ მოსამართლის აზრით, სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეჩერებულიყო.

  • რატომ არ შეაჩერა „ტროტუარზე პროტესტის აკრძალვის საქმეზე“ სადავო ნორმების მოქმედება საკონსტიტუციომ? 

„მოსარჩელეების განმარტებით, ტროტუარზე პროტესტის ამკრძალავი ნორმები რეალურად არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ან სხვა ლეგიტიმურ ინტერესს, არამედ მიმართულია აქციის მონაწილეთა დასჯისა და დაშინებისკენ.

აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოქმედი რეგულაციით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს, კანონდარღვევის შესაწყვეტად მიცემული 15-წუთიანი ვადა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. მოსარჩელის შეფასებით, ასეთი მიდგომა პრევენციული მიზნის ნაცვლად რეპრესიულ ხასიათს ატარებს და მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ამოცანა არა წესრიგის აღდგენა, არამედ საპროტესტო აქტივობის ჩახშობაა,“ – აღნიშნულია პირველი კოლეგიის საოქმო ჩანაწერში.

საუბარია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კონკრეტულ, ახალ ჩანაწერზე, ისე „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონზე“, ასევე სისხლის სამართლის კოდექსზეც – ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიერ ხელახლა ქმედების ჩადენა უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობამ ტროტუარზე პროტესტის გამოც დაიწყო მოქალაქეების დაპატიმრება, ერთდროულად რამდენიმე სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მაგალითად, 2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს და მათგან ხუთს პატიმრობა შეუფარდეს.

სასამართლოში ამ კუთხით 6 სხვადასხვა სარჩელი შევიდა. სასამართლომ სარჩელები გააერთიანა და ერთ საქმედ განიხილავს.

სასამართლო ასაბუთებს, რატომ არ შეაჩერა გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმების მოქმედება:

„საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები…

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“

შეკრების თავისუფლების შეუქცევადად დაზიანების კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო რეგულაცია არ ართმევს პირს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. სადავო რეგულაცია ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს შეკრება/მანიფესტაცია და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მისი დარღვევისთვის.

მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც სარგებლობს შეკრების უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. სადავო რეგულაცია მიემართება შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მათ არ მიიღებდა არსებითად განსახილველად, თუმცა სადავო რეგულაციის კონსტიტუციურობის შეფასება, წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შესაფასებელ მოცემულობას. მოცემულ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ იწვევს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს გამოუსწორებელი შედეგის არსებობის ალბათობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი,“ – აღნიშნულია საოქმო ჩანაწერში.

  • მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი 

„საოქმო ჩანაწერის თაობაზე გამოთქმული განსხვავებული აზრის ფარგლებში, არ გავიზიარე ჩემი კოლეგების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტა,“ – ვკითხულობთ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის მიერ ერთ-ერთ სარჩელთან დაკავშირებით მომზადებულ განსხვავებული აზრის დოკუმენტში, – „რამდენადაც მივიჩნიე, რომ გამოუსწორებელი ზიანის არსებობა-არარსებობის საკითხის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ, ფაქტობრივად, არ იქნა გათვალისწინებული განსახილველი საკითხის კონსტიტუციურსამართლებრივი თავისებურებები და სადავო ნორმებით შეზღუდული უფლებების ბუნება.

იმავდროულად, აღვნიშნე, რომ, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია, არამედ, უპირველესად, როგორც, მათ შორის, შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომელსაც აღნიშნული უფლების განხორციელების შეკავების რეალური და მძლავრი პოტენციალი გააჩნია.

იმავდროულად, ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია, აღემატებოდა თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის ან/და საჯარო ინტერესებისათვის შესაძლო ზიანი იმ ზიანს, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შენარჩუნებით შეიძლება წარმოიშვას მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ და რა გავლენას ახდენს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებაზე ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლების რეალიზების პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის კანონმდებელი აწესებს პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ ფორმას – თავისუფლების აღკვეთას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ხსენებულ უფლებასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, განსაკუთრებით მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რეაგირების მიუღებელ, მკაცრად გაკრიტიკებულ და რთულად გამართლებად ფორმად მიიჩნევა.

დამატებით, მოცემულ შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს არც ის მიუღიათ მხედველობაში, რომ საპატიმრო სასჯელების შემუშავებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ დასაცავი სიკეთე, თვისებრივად, არ არის იმგვარი, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე მსგავსი სანქციის/სასჯელის დაწესების საპირწონე იქნებოდა,“ – აღნიშნულია მოსამართლის განსხვავებულ აზრში.

კიდევ ერთ სარჩელთან დაკავშირებით გიორგი კვერენჩხილაძე წერს:

„ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია/სასჯელი, არამედ, უპირველესად, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომელსაც აღნიშნული უფლებების განხორციელების შეკავების რეალური და მძლავრი პოტენციალი გააჩნია.

იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია, აღემატებოდა თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის ან/და საჯარო ინტერესებისათვის შესაძლო ზიანი იმ ზიანს, რომელიც სადავო ნორმების მოქმედების შენარჩუნებით შეიძლება წარმოიშვას მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ.

ჩემს კოლეგებს სათანადოდ არ უმსჯელიათ, რა გავლენას ახდენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლებების რეალიზების პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის კანონმდებელი აწესებს პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ ფორმას, თავისუფლების აღკვეთას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ხსენებულ უფლებებთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, განსაკუთრებით მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რეაგირების მიუღებელ, მკაცრად გაკრიტიკებულ და რთულად გამართლებად ფორმად მიიჩნევა…

…სადავო ნორმების საფუძველზე, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საკითხის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობისა და სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის, როგორც ადამიანის თავისუფლების მზღუდავი ღონისძიების სპეციფიკით, არამედ უნდა გაეთვალისწინებინა თავად გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების ბუნება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის ჭრილში, უნდა შეეფასებინა ის, რა გავლენას ახდენდა სადავო რეგულირება უშუალოდ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელებაზე, მათ შორის, ქმნიდა თუ არა „მსუსხავ ეფექტს“ მათ რეალიზებაზე და აღნიშნულ პროცესში, იწვევდა თუ არა იმგვარ შეუქცევად შედეგებს, რომელთა აღმოფხვრის პოტენციალი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააჩნია.

რაც შეეხება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობისგან თავის შეკავებით გამოწვეულ ზიანს, ვფიქრობ, მსგავსი ზიანი, თავისი ბუნებით, ვერ ექვემდებარება შემდგომ სრულ აღდგენას.

აღნიშნული უფლებები არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდის მიერ საკუთარი შეხედულებების აბსტრაქტულ ან მომავალში გამოხატვის შესაძლებლობას, არამედ მათი კონსტიტუციური ღირებულება, არსებითად, სწორედ კონკრეტულ დროს, ადგილსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტში განხორციელების შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული.

ამ გარემოებათა ერთობლიობა განსაზღვრავს, მათ შორის, პოლიტიკური პროტესტის, საჯარო დისკუსიისა და კოლექტიური გამოხატვის რეალურ მნიშვნელობას.

შესაბამისად, თუ პირს ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის საფრთხე განგრძობითად აიძულებს, უარი თქვას კონკრეტულ შეკრებაში მონაწილეობაზე ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვაზე, აღნიშნული შესაძლებლობა შემდგომ ვეღარ აღდგება.

მოგვიანებით ჩატარებული შეკრება ან იმავე საკითხზე სხვა დროს გამოხატული პოზიცია ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენაზე, სახელმწიფო გადაწყვეტილებასა თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე დროული რეაგირების შესაძლებლობას.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმები პასუხისმგებლობის სახით საპატიმრო სანქციებს/სასჯელებს ითვალისწინებს, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პირმა, პოტენციური სანქციის თავიდან აცილების მიზნით, აბსოლუტურად თავი შეიკავოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობისგან, ხოლო ამგვარი თავშეკავებით დაკარგული შესაძლებლობა, თავისი დროითი და კონტექსტური სპეციფიკის გამო, შემდგომი სამართლებრივი საშუალებებით სრულად ვეღარ აღდგება.

შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სადავო ნორმები წარმოშობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხეს მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებისათვის“ – წერს მოსამართლე განსხვავებულ აზრში.

Exit mobile version