„წუხელ ქუჩაში დამხვდნენ და დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, დაჭრით, ეს უკვე თავდასხმის მერამდენე შემთხვევაა აღარ ვიცი… გუშინვე, ამ შემთხვევამდე კაცმა პიაცაზე ქვა მესროლა,“ – ამბობს კობა ფარტენაძე, „აჭარის ტელევიზიის“ მეტეოროლოგი.

კობა ფარტენაძე ფეისბუკში ვიდეოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მას კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს.

„ვიდეოში, რომელსაც ნახულობთ მოუსმინეთ ბოლომდე და განსაჯეთ, თუ როგორ ძალადობს ადამიანები ჩემზე ქერა თმის ფერის გამო და მთხოვენ წავყვე ბნელ ადგილოს, რომ დანა დამარტყან.

რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?

მე ვითხოვ სამართალს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ძალადობა ჩვენს ყოველდღიურობად არ იქცეს,“ – ამბობს კობა ფარტენაძე და სამართალდამდცავ ორგანოებს მიმართავს.

შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა ვერ გვითხრეს, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კოფა ფარტენაძე თავდასხმასა და მუქარაზე საუბრობს. მან აქამდე არაერთხელ მიმართა გამოძიებას. მოჰყვა თუ არა რომელიმე გამოძიებას შედეგი? – შსს-ს პრესცენტრში ამ კუთხითაც ვითხოვეთ ინფორმაციის მოწოდება. ამ ეტაპზე შსს-ს პასუხი არ მიგვიღია.

„გუშინ საღამოს ჯერ ჩამოვიარე პიაცასთან, ახლობლები იყვნენ, შევიარე და აგვისტოს ომზე ვსაუბრობდით…,“ – უყვება „ბათუმელებს“ კობა ფარტენაძე, – „ვახსენებდი, რომ მეც ვიყავი ჯარში… ამ დროს ჩამოიარა ვიღაც პირმა და შენ ვინ წაგიყვანა ჯარში მძორო, პიდასტოო და ქვა მესროლა.

შემდეგ აჭარის ტელევივიის შენობასთან მეგობრებს შევხვდი, ოთხმა პირმა ჩამოიარა და ერთმა მომაძახა ტელევიზიის მისამართით: შენი ჟურნალისტობა და ტელევიზია მ…ო!

მერე მობრუნდნენ უკან და ვიგრძენი მოსალოდნელი აგრესია, ამიტომაც ვუთხარი მეგობრებს, რომ ეს უნდა გადაეღოთ. აქვე მოვკლათო, ეს თავდამსხმელი ამასაც ამბობდა,“ – გვითხრა კობა ფარტენაძემ.

Exit mobile version