„კონფლიქტი ირანს და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით ფართოვდება,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, კონფლიქტი შავ ზღვასაც შეეხოს.

„ირანს აქვს იმის იმედი, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანში.

რეალურად ირანს რა ოდენობით აქვს გამდიდრებული ურანი და სად ინახავს, არავინ იცის. მთათა სისტემაშია ჩამალული – სიღრმეებში. მე ირანში ვსწავლობდი და ბევრჯერ მაქვს ნანახი ეს უცნაური მთათა სისტემა, უცნაური ბუნება. ამ ინფორმაციას ძნელად თუ გაიგებს ვინმე, თუ „გუშაგთა კორპუსში“ სერიოზული აგენტურა არ ჰყავთ ამერიკელებს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვასილ ღლონტი.

„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ირანისტია, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი.

  • ბატონო ვასილ, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის თქმით, მათი ახალი სამიზნე წუხელ გახდა „გუშაგთა კორპუსის“ ათობით ობიექტი. მანამდე ირანი თავს დაესხა იორდანიაში ამერიკულ ბაზას, ასევე სამ ტანკერს ჰორმუზის სრუტეში. კიდევ უფრო ფართოვდება კონფლიქტი ირანს და აშშ-ს შორის? 

ეს კონფლიქტი არ არის ხანმოკლე და დიდ ხანს გაგრძელდება. როგორც ცნობილია, 24 ივლისს ტრამპმა შეაჩერა დაბომბვები და ამით ირანელებს მისცა შანსი, რაღაც კომპრომისზე წასულიყვნენ. ამით აშშ-მ დააფიქსირა კეთილი ნება, რომ არ სურს ომის გაგრძელება, თუმცა საპასუხოდ ირანმა იორდანიაში დაბომბა ამერიკული ბაზები, რაც იშვიათი შემთხვევაა: მანამდე ირანელები უფრო საპასუხო დარტყმების მიყენების პროცესში იყვნენ. ახლა უკვე შეტევაზე გადადიან.

სხვათა შორის, წინა კვირას ირანელი სამხედროების ზედა ფენამ განაცხადა: თუ ამერიკა არ მოვა ჭკუაზე და ცოტა რეალურ პოლიტიკას ჩვენთან მიმართებით არ გაატარებს, აქედან დავიწყებთ მაგათ დაბომბვებსო. როგორც ჩანს, მათ მართლა გადაწყვიტეს ასეთი პოლიტიკის გატარება, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ამერიკული ბაზები უკვე საპასუხოდ კი არა, თავისივე ინიციატივით დაებომბათ.

ირანს იოლად შეუძლია თავისი სარაკეტო დეფიციტის აღმოფხვრა – იქვე არიან, თავიანთ ქვეყანაში, ამერიკელები კი, იძულებულები არიან, რაკეტები სხვა ბაზებიდან გადაიტანონ. ამაზე დრო მიდის, ხარჯები მეტია.

როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ, ამერიკელმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ირანმა ასეთი რთული აქცია განახორციელა, უკვე დაიწყეს საპირისპიროდ ირანის დაბომბვა.

  • რა მასშტაბს იძენს ეს კონფლიქტი? ეგვიპტის მთავრობა აცხადებს, რომ მის ორ ტანკერს დაარტყეს ხმელთაშუა ზღვაში სავარაუდოდ ირანული დრონებით. ისევ არსებობს საფრთხე, რომ ჰორმუზის სრუტის გარდა წითელ ზღვაზეც მოიპოვოს კონტროლი ირანმა? 

„ანსარულაჰი“ და „ჰუსიტები“ როცა გააქტიურდნენ, ვამბობდი, რომ არსებობს გეგმა – წითელი ზღვის მიმართულებითაც გადაკეტოს ირანმა ტერიტორიები. ეს არის შანტაჟი და რეკეტი ირანის მხრიდან. ირანი ისევ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს და წითელი ზღვაც ამოიღო სამიზნეში.

ახლა ირანი, ფაქტობრივად, ორ უმნიშვნელოვანეს მსოფლიოს სატრანსპორტო მაგისტრალს ატერორებს. პირველი ეს არის ჰორმუზის გასასვლელი, რითაც ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას და მეორე ეს არის ბაბელმანდების გასასვლელი, ანუ სუეცის არხის მიმართულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევაა მსოფლიო გლობალური ბიზნესისათვის.

ვასილ ღლონტი

ჰორმუზის გასასვლელი გახდა ბერმუდის სამკუთხედი – ირანელებმა ნებისმიერი გემი შეიძლება ჩაძირონ. მერე მიდი და ელაპარაკე: ვინ ჩაძირა, როგორ ჩაძირა. ირანს წითელი ზღვის მიმართულებითაც იმავეს გაკეთება უნდა. ამისთვის „ანსარულაჰი“ კარგად ჰყავს შეიარაღებული.

„ჰუსიტებმა“ ერთი პერიოდი შეუტიეს საუდის არაბეთის ნავთობპუნქტებს და ამ დღეებში გაჟღერდა, რომ საუდის არაბეთმა ამერიკელებთან ერთად საპასუხო დარტყმა მიაყენა „ჰუსიტებს“. საუდის არაბეთის მიმართულებითაც გაფართოვდა ეს ომი.

დღეს ასევე გაჟღერდა, რომ ქუვეითის ტერიტორიაზე მოქმედი ჩინური კომპანიის ფილიალი დაბომბა ირანმა. არ ვიცი, შემთხვევით მოხდა ეს თუ მიზანმიმართულად, მაგრამ ჩინეთის საკითხიც ამოტივტივდა.

თავისუფლად შეიძლება ეგვიპტეც ამ პროცესში ჩაერთოს: ჯერ ერთი, ეგვიპტეს ამერიკასთან ძალიან კარგი ურთიერთობები აკავშირებს და თუ დადასტურდა 100%-ით, რომ ეს ირანული დრონები იყო და ირანმა დაბომბა, რა თქმა უნდა, ეს მკვეთრად გააუარესებს ეგვიპტე-ირანის ურთიერთობებს – სავარაუდოდ ეგვიპტეც შეუერთდება საუდის არაბეთს ირანის წინააღმდეგ.

  •  ევროპის ქვეყნების ამ ომში აქტიურად ჩართვის მოლოდინიც არსებობს, როცა უსაფრთხოების გარდა, საუბარია გლობალური სავაჭრო გზების ბლოკირებაზე?

ევროპა რატომღაც ამ კონფლიქტში აქტიური ჩაბმისგან თავს იკავებს. ფაქტია, რომ ამერიკა იბრძვის ძირითადად და ისრაელი. ტრამპმა განაცხადა კიდეც: ნატოს წევრები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ჩვენს ომში არ უნდათ მონაწილეობის მიღებაო. გერმანიამ ორი სამხედრო გემი გააგზავნა, მაგრამ დაძაბულობის გამო უკან გამოიყვანა.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპის მოწოდებით და ზეწოლით ევროკავშირის ქვეყნები გააქტიურდნენ, თუ ირანის შანტაჟმა იმოქმედა ევროკავშირის ქვეყნებზე. ირანისთვის ძალიან რთული იქნება, ამჯერად ევროპაც გადაიკიდოს. ირანი ისეთი გამწარებულია ბოლო დროს, ხშირად არალოგიკურ ნაბიჯებს დგამს.

  • ირანის ამოცანა რა არის ამ ეტაპზე და რის მიღწევას ცდილობს აშშ საჰაერო თავდასხმის გააქტიურებით? ბირთვული პროგრამის რეალურად დახურვა ამ გზით შეიძლება იყოს მიღწევადი? 

ირანის ხელისუფლებას, პირველ რიგში, უნდა ქვეყნის შიგნით შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც სერიოზულადაა შერყეული. იმდენი მასშტაბური გამოსვლა იყო, ლამის სამოქალაქო ომამდე მივიდა საქმე. მხოლოდ მკაცრი რეპრესიების შედეგად ჩააქრეს ეს მუხტი.

ბოლო ხანებში ბევრი ოპოზიციონერი ჩამოახრჩვეს, აქციების მონაწილეები სიკვდილით დასაჯეს, ბევრი ციხეში ჰყავთ და ისე ხოცავენ… როგორც მე მაქვს ინფორმაცია და როგორც ირანული წყაროები წერენ, ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი, რეპრესიული აპარატი ამუშავდა.

საერთოდ, ყველა რეჟიმის პირველი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, აქედან გამომდინარე, ირანის პირველი მიზანიც ეგ არის. ქვეყნის გარეთ კი ირანის დღევანდელი რეჟიმი ცდილობს, რომ როგორღაც დრო გააჭიანუროს და ამ ომში არ დამარცხდეს. აქ გამარჯვებაზე ლაპარაკიც არ არის, მაგრამ ირანს უნდა როგორღაც თავისი შეიარაღებული ძალები, რეპრესიული აპარატი და თავი გადაირჩინოს.

ირანელები ყველაფერს შეჰპირდნენ ამერიკელებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნაკლებად მგონია, რომ ირანი რეალურ დათმობებზე წავიდეს.

  • მაგრამ შესაძლოა მიიღოს ირანმა უფრო ძლიერი დარტყმა აშშ-გან, ეს აწყობთ? 

ირანს აქვს იმედი, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანში. ირანში ფიქრობენ: ამერიკამ რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, ისე გაიჭედება, როგორც ვიეტნამში. მართლაც გასათვალისწინებელია, რომ ირანი დიდი ქვეყანაა ძალიან დიდი სამხედრო პოტენციალით. ფაქტია, რომ ეს არ იქნება ამერიკის შესვლა ერაყში, რომელიც პატარა ქვეყანაა.

თუ ირანმა ბირთვული პროგრამა გააგრძელა და ატომური იარაღი შექმნა, რა თქმა უნდა, ეს ირანის რეგიონულ წონას ძალიან გაზრდის.

ბოლო დღეებში ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისთვის ემზადება ამერიკა. მზად გვყავს „ზღვის ლომები“ – სპეციალური დანიშნულების რაზმი, რეინჯერები და სერიოზული სამხედრო სპეცნაწილები, რომლებიც ირანში ჩაატარებენ სპეცოპერაციას და გამდიდრებული ურანის მარაგს ირანიდან გამოიტანენო. მე მაქვს სპეცსამსახურში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ არ ვარ სამხედრო. რა ინფორმაციაც მაქვს, ვიცი, რომ ეს იქნება ტექნიკურად ძალიან რთულად განსახორციელებელი.

რეალურად ირანს რა ოდენობით აქვს გამდიდრებული ურანი და სად ინახავს, არავინ იცის. მთათა სისტემაშია ჩამალული – სიღრმეებში. მე ირანში ვსწავლობდი და ბევრჯერ მაქვს ნანახი ეს უცნაური მთათა სისტემა, უცნაური ბუნება. ამ ინფორმაციას ძნელად თუ გაიგებს ვინმე, თუ „გუშაგთა კორპუსში“ სერიოზული აგენტურა არ ჰყავთ ამერიკელებს.

  • ეს თუ შეძლეს ამერიკელებმა, ამას მოჰყვება რეჟიმის ცვლილება ირანში? 

ვერ ვიტყოდი მაგას. დავუშვათ, გააკეთა ამერიკამ ასეთი სპეცოპერაცია და ურანი გაიტანა, ეს ურთულესი საქმეა. ტრამპი ამბობს, პრობლემა არ მაქვს აიათოლებთან და „გუშაგთა კორპუსთან“, მთავარია, ბირთვული პროგრამა არ იყოს და სარაკეტო წარმოება შეჩერდესო. თუ ტრამპმა შეძლო ურანის გატანა, იტყვის, რომ ირანი, ფაქტობრივად, კასტრირებულია, განადგურებული.

ჰორმუზის გასასვლელში რომ იბომბება ირანული სამხედრო ბაზები და სამხედრო ნაწილები, გამოვიდა ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა და ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ამან ეფექტურობა დაკარგა. ახალი რამ უნდა მოვიფიქროთ, ან ორკვირიანი განუწყვეტელი შეტევა უნდა გვქონდეს, რომ ერთიანად გავუნადგუროთ ყველაფერიო.

ამიტომაც, ამ ეტაპზე მე, მაგალითად, საომარი მოქმედებების საბოლოო შეჩერებას არ ველი. ვფიქრობ, ეს ომი გაგრძელდება. შესაძლოა, რამდენიმე დღე შესვენება იყოს, მაგრამ ვიდრე ამ ორი, დაპირისპირებული მხარის პოზიციები არ დაახლოვდება და „შეხების წერტილები“ არ გამოჩნდება, ეს კონფლიქტი გაგრძელდება.

საუდის არაბეთმა ამ დღეებში ამერიკელებთან ერთად დაბომბა ერაყში პროირანული დაჯგუფებების პოზიციები და ბაზები, რაც იშვიათია, რადგან არ ერეოდა აქამდე საუდის არაბეთი.

ამითაც ჩანს, რომ კონფლიქტი ყველა მიმართულებით ფართოვდება.

  • ამ რეალობაში რამდენად გაგრძელდება აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ?

როგორც იცით, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ირანის ხომალდი, რომელსაც გადაჰქონდა დაუდგენელი წარმოშობის, ანუ დაუდგენელი ტვირთი ირან-რუსეთს შორის. ამ დროს დაიღუპა ერთი ირანელი მეზღვაური. ამ ფაქტმა გამოიწვია ირანში დიდი ვნებათაღელვა: უკრაინამ ასეთი ნაბიჯი გადადგაო და ამ დროს იმას არ უყურებენ, პირველი თვითონ რომ ჩაება ირანი რუსეთის მხარეს თავის დროზე.

ირანის პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ნეზამედდინ მუსავმა განაცხადა, შავ ზღვაზე გავცემთ პასუხს უკრაინასო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანის პარლამენტი „გუშაგთა კორპუსის“ გავლენის ქვეშ იმყოფება: სპიკერიც გენერალია. ბოლო წლებია სპიკერები, მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები ან არიან „გუშაგთა კორპუსის“ გენერლები და პოლკოვნიკები, ან მაგათთან დაკავშირებული პირები. აი, შეიძლება ადამიანი არ იყოს „გუშაგთა კორპუსის“ წევრი ოფიციალურად, მაგრამ სინამდვილეში იყოს მაგათი კაცი.

ეგ ნიშნავს იმას, რომ „გუშაგთა კორპუსში“ მომწიფდა აზრი უკრაინაზე.

აშშ-მ როცა ეს სამხედრო მოქმედებები დაიწყო ირანში, თქვენ პირველ ინტერვიუში ვამბობდი, რომ ეს ორი ომი – აშშ-ირანის და რუსეთ-უკრაინის – დაკავშირებულია ერთმანეთთან: ფაქტობრივად, ერთი და იგივე ომის ორი შტოა. არავინ არ ამბობს, მაგრამ ეს ახალი მსოფლიო ომია.

შავი ზღვის თემაც თუ გააქტიურდა, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს არც პოლიტიკურად წაადგება, არც ეკონომიკურად და არც უსაფრთხოების კუთხით.

ამერიკა, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოს ნომერ პირველი ძალა. ნომერ პირველი ეკონომიკა, ნომერ პირველი სამხედრო პოტენციალი და ასე შემდეგ, მაგრამ არის მომენტები, როცა პროცესები ისე ვითარდება, რომ ბოლომდე ამერიკასაც კი უჭირს კონკრეტული პრობლემების მოგვარება. მით უმეტეს, ამერიკის მოსახლეობა გამოხატავს უკმაყოფილებას იგივე საწვავის გაძვირების გამო.

ასე რომ, ტრამპიც გაჭედილია. არ ვიცი, აშშ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან რთულია ეს განსაზღვრო.

Exit mobile version