რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, Telegram-ის თანადამფუძნებელს პაველ დუროვს რუსეთში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაზე ბრალი წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
„ტასის“ ცნობით, Telegram-ის ადმინისტრაციამ არ წაშალა მესენჯერზე არხები, რომლებსაც აქტიურად იყენებენ უკრაინის დაზვერვის ჯგუფები „…რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის მსხვერპლი, მათ შორის ქალებისა და ბავშვების, ასევე მილიარდობით დოლარის მატერიალური ზიანი“.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას პირის წაქეზებისთვის, დაქირავებისთვის ან სხვაგვარად ჩართვისთვის სულ მცირე ერთი ტერორისტული დანაშაულის ჩადენაში და ითვალისწინებს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შესაძლო დამატებითი ჯარიმით 700 000 რუბლამდე ან მსჯავრდებული პირის შემოსავლის ოდენობით ორიდან ოთხ წლამდე ვადით, ან სამუდამო პატიმრობით.
პაველ დუროვმა Telegram 2013 წელს დააფუძნა, რუსეთის კი 2014 წელს დატოვა, როდესაც მის მიერ შექმნილი კიდევ ერთი სოციალური ქსელის VKontakte-ს მონაცემების მიწოდებაზე უთხრა უარი რუსეთის ხელისუფლებას და კომპანიის გაყიდვა მოუხდა.
გასულ თვეში პაველ დუროვს საქართველოში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვაკო თურნავამ უმასპინძლა. თურნავამ მაშინ „ბიზნეს ინსაიდერს“ განუცხადა, რომ დუროვთან საქართველოს IT სექტორის საინვესტიციო პოტენციალზე მსჯელობს.
თავად პაველ დუროვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველომ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას „ბიზნესზე ორიენტირებული“ უწოდა. დუროვის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება და დააანონსა, რომ ძალიან მალე აუცილებლად დაბრუნდებოდა.
საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას Telegram-მა მისი ფოტოთი უპასუხა. ფოტოზე დუროვი შუა თითს აჩვენებს.