იცოდით, რომ ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან ტაბლოზე გამოსახული ციფრები კონკრეტული ავტობუსის დარჩენილი გაჩერებების რაოდენობას აჩვენებს და არა დროს?

მოქალაქეების ნაწილისთვის ეს ამბავი ცნობილია, ნაწილს კი ჰგონია, რომ ციფრები ავტობუსის მოსვლამდე დარჩენილ წუთებს ასახავს.

ბათუმში ჩამოსული ტურისტები, რომლებიც მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობენ, დიდი ალბათობით მიიჩნევენ, რომ ციფრები ტაბლოზე კონკრეტული ავტობუსის გაჩერებასთან მისვლამდე დარჩენილ დროს ასახავს, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, მგზავრმა ტაბლოდან გაიგოს, რამდენ წუთში მოვა მოსაცდელთან კონკრეტული ავტობუსი. მით უმეტეს, უცხო ქალაქში ყოფნისას მოსაცდელამდე არსებული გაჩერებების რაოდენობის გაგება არაფერს ცვლის.

რას აჩვენებს ტაბლოზე ნაჩვენები ციფრები? – „ბათუმელები“ ამ კითხვით დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზს, სადაც ოპერატორმა გვიპასუხა, რომ ეს „ციფრები დროს აჩვენებს“.

თუმცა სხვა რამეს ამბობს „ავტოტრანსპორტი“ ოფიციალურ პასუხში:

„ავტობუსების მოსაცდელებთან განთავსებულ ელექტრო საინფორმაციო ტაბლოებზე გამოსახული ციფრები აღნიშნავს კონკრეტულ გაჩერებამდე ავტობუსისთვის დარჩენილი გაჩერებების რაოდენობას,“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრიდან დღეს, 28 ივლისს.

„ავტოტრანსპორტს“ ვთხოვეთ განმარტება, რატომ აქვს ორგანიზაციას ამ კითხვაზე ორი პასუხი, თუმცა  განმარტება ჯერ არ მიგვიღია.

Exit mobile version