ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება, 26 ივლისს, შსს-ს მიერ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებას.

ორგანიზაციის განცხადებით, პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს.

„2026 წლის 26 ივლისს, თბილისში აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს არაძალადობრივი, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული გამოხატვით სარგებლობისას. მოგვიანებით, ასევე დააკავეს თბილისის საკრებულოსთან მის მხარდასაჭერად მისული ათამდე დემონსტრანტი.

გავრცელებულ კადრებში დემონსტრანტების მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება ან წესრიგის დამრღვევი ისეთი ქცევა, რომელიც მათ დაკავებას ან მათზე ამგვარ ძალადობას გაამართლებდა, არ ჩანს. ამასთან, დემონსტრანტისთვის პოლიციელის მხრიდან სახეში ხელის გარტყმა იმგვარი ქმედებაა, რაც არაადამიანური / დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს. ეს ქმედება საპოლიციო სისტემაში ძალადობის ნორმალიზების და სისტემურობის კიდევ ერთი შემთხვევაა.

შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობისთვის დაკავებული პირები და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა.

აქციების ამგვარი ფორმით დაშლა არა მხოლოდ უკანონობა, არამედ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია – შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა (სსკ მუხლი 161)“ – წერს საია.

  • რა ხდება?

26 ივლისს, თბილისში, აქტივისტ თორნიკე თოშხუას მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, პოლიციამ 10-მდე მოქალაქე დააკავა.

თავად თორნიკე თოშხუა დაახლოებით ნახევარი საათით ადრე დააკავეს, საკრებულოს შენობასთან გაშლილი საპროტესტო პლაკატის გამო, რომელზეც ეწერა: „ბიძინა ყ***? კი – არა“.

თორნიკე თოშხუას დაკავების შემდეგ, მის მხარდასაჭერად მოქალაქეები მალევე საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ და იმავე წარწერის მქონე პლაკატები გაშალეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით დააკავეს 9 მოქალაქე, მათ შორის: ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარიძე და ნატო ბოლქვაძე.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს დაკავებისას როგორ ურტყამს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დავით მამაგეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ სანდრო სეხნიაშვილს ხელს.

ამავე თემაზე: 

საკრებულოსთან სოლიდარობის ნიშნად გაშლილი ბანერის გამო 10-მდე მოქალაქე დააკავეს

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version