ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 ბიჭი-მოსწავლე ამავე სკოლის 2 ბიჭს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. მათ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან

ბათუმში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის 5 მოსწავლეს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის ყაჩაღობად კვალიფიცირება აბსურდია.

საქმის მასალების მიხედვით, სკოლის მოსწავლე 5 ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლე 2 ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, „წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა არასრულწლოვნებს… ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა“, – აღნიშნულია საქმის მასალებში.

ბრალდების შესახებ დადგენილებით არ ირკვევა, გამოართვეს თუ არა ფული ბრალდებულებმა დაზარალებულებს.

ეს შემთხვევა 2024 წელს მოხდა. ბრალდებული არასრულწლოვნები სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილთან. დღეს, 8 ივლისს, ამ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, თუმცა სხდომები დახურულია, რადგან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან.

ერთ-ერთ სხდომაზე სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა, მაგალითად, ბრალდებულის ბებიამ, რომელსაც უთქვამს, რომ მისი შვილიშვილს თავდასხმის დროს სცემეს.

„ის თანხა მოსთხოვეს, რაც ჯიბეში ექნებოდათ, ამაზეა ლაპარაკი, ეს იყო უბრალოდ კამათი და ჩხუბი არასრულწლოვან ბავშვებს შორის, სკოლის მოსწავლეებს შორის და არა მატერიალური სიკეთის მიღებაზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ზაზა პაპიძე. – „დაზარალებული თავგამოდებით ამტკიცებს, ეს არის ყაჩაღობაო და ეს გაიზიარა პროკურატურამ.

კამათსა და კონფლიქტზე ყაჩაღობის ბრალდების წაყენება არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. არამართლზომიერია პროკურატურის ასეთი მიდგომა არასრულწლოვანთან მიმართებით. აქ შესაძლოა ყოფილიყო ძალადობაზე საუბარი, რომ შესაძლოა არასრულწლოვანმა ტკივილი განიცადა, მაგრამ ყაჩაღობა არის დაუშვებელი. ჯერ ფულადი თანხა არ ჰქონია არასრულწლოვანს და მერე რა თანხა უნდა მოეთხოვათ? არც თანხა არის ამოღებული, თანხა არ წაურთმევიათ და ამიტომ ეს ბრალი არის აბსურდული.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს… ჩხუბი და შეხლა-შემოხლა გვქონდა, მანამდე შეურაცხყოფა მომაყენეს და ამიტომო,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

ადვოკატის თქმით, ცემის შედეგად მოზარდებს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა [სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტი] ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თუმცა მოსამართლეს არასრულწლოვნების კოდექსი უფლებას აძლევს, ეს სასჯელი შეცვალოს.

Exit mobile version