„აქ არავინ გვიცნობს. გთხოვთ, დაწერეთ ჩვენზე, ღვთის სახელით, გთხოვთ“, – ამ შინაარსის შეტყობინებებს ამიდი დღეში რამდენჯერმე აგზავნის „ბათუმელების“ რედაქციაში. ის 43 წლის კაცია, რომელსაც არც მოქალაქეობა აქვს, არც დოკუმენტები და არც სამუშაო. ის ავადმყოფი დედის და საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის.

ამიდი ფოტოებს გვიგზავნის, რითაც გვიზიარებს დედის დიაგნოზს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო არც მას შეუძლია მუშაობა. თავი მოწყალე ადამიანების მხარდაჭერით გააქვთ.

„დედას 4 სხვადასხვა ოპერაცია სჭირდება. ყოველ დღე წნევა აქვს 250-მდე. მეც თავში ძლიერი სპაზმი მაქვს, ყველა ძვალი – მენჯი, ხერხემალი, სახსრები, მუხლები მტკივა. სუსტად ვარ. გამუდმებით სასწრაფოს ვიძახებ. ჯერჯერობით, ექიმები გვშველიან.

მე წარმოშობით უზბეკეთიდან ვარ, დედაჩემი აზერბაიჯანის მოქალაქეა, მაგრამ ჩვენ საბუთები წაგვართვეს. დედას სახელმწიფო პენსიას არ აძლევს, არ გვეხმარებიან. მე ამიდ მამედოვი ვარ, 43 წლის. დედაჩემი, ქალბატონი სევილ მამედოვა კი 64 წლის არის“, – ეს სხვა შეტყობინებაა, რაც ასევე ამიდისგან მივიღეთ.

ამიდი ფიქრობს, რომ თუ მათ შესახებ სტატიას გამოვაქვეყნებთ „ბათუმელებზე“, მოქალაქეები დაეხმარებიან. ეს მათთვის იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხნით მაინც აღარ იქნებიან მშივრები და გადაიხდიან ოთახის მესაკუთრის ვალს, რომელიც ახლა უკვე 1300-მდე ლარია.

გასულ წელს დედა-შვილი თბილისში ცხოვრობდა, სადაც ბინას დღიურად ქირაობდნენ. როგორც ამიდი ამბობს, ბინის  ქირას ვერ იხდიდნენ, 2800 ლარი დაუგროვდათ, ამის გამო ბინის მესაკუთრემ სახლიდან გამოაძევა, ხოლო მათი პირადი ნივთები და საბუთები, დაიტოვა. ამიდი ამბობს, რომ პოლიციასაც მიმართა, თუმცა ამაოდ.

სივილ მამედოვას თქმით, გადაუხდელი ქირის გამო, ბინის მეპატრონემ, ვისგანაც თბილისში ბინას ქირაობდა, დაიტოვა ბევრი მნიშვნელოვანი ნივთი, საბუთები და 300-მდე ლარი თანხაც.

ახლა დედა-შვილი ბათუმში დღიურად ქირაობს ბინას და ყოველ დღე ერთი და იგივე საწუხარი და პრობლემა აქვთ – როგორ გადაიხადონ ბინის ფული და როგორ იშოვონ საკვებისთვის საჭირო თანხა? 

„2008 წლიდან სახლის გარეშე დავრჩით აზერბაიჯანში, მოატყუეს დედა, 3 000 დოლარად გაყიდა ბინა და ქუჩაში დავრჩით. ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან სუსტი, შერყეული ჯანმრთელობა მაქვს, მიჭირს ფიზიკურად შრომა.

8 წლის წინ საქართველოში ჩამოვედით. ევროპაში, მესამე ქვეყანაში გვინდა წასვლა, არ გვინდა აქ დავრჩეთ და ქუჩაში მოვკვდეთ“, – გვითხრა ამიდმა.

ბათუმში ამიდ და სივილ მამედოვები ისე ჩამოვიდნენ, რომ არანაირი პირადი ნივთი არ ჰქონდათ თან. აუცილებელი, პირველადი ტანსაცმლის შეგროვება შეძლეს, თუმცა ამიდი ამბობს, რომ პრობლემები ამით არ სრულდება.

„ყოველ დღე ქუჩაში ადამიანებს ვუყვები ჩემს ამბავს და დახმარებას ვთხოვ. არაერთმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ჩამწერა, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი გულგრილია, არ აინტერესებთ.

ამიდ და სევილ მამედოვების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე: 

თიბისი ბანკი:

GE93TB7748645064300027

მიმღები: ამიდ მამედოვი 

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version