„გასროლას ჰქონდა ადგილი… გამოძიება დაწყებულია“, – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა ლაშა ლოლუამ ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე.

17 მარტს ხელვაჩაურში სპეცოპერაციის შედეგად 72 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ბრალდებულის დედა – თამარ მიქელაძე დაშავდა. ქალი ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა. ის კლინიკაში გადაიყვანეს და იმავე დღეს გაწერეს, თუმცა როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მდგომარეობა დამძიმდა და დაშავებული ქალი დღეს, 19 მარტს, „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს.

შსს-მ და პროკურატურამ 17 მარტს არაფერი თქვეს გამოძიების დაწყების შესახებ. სპეცოპერაციის ჩატარების დღეს ბათუმში მყოფმა შს მინისტრმა, გელა გელაძემ გამოძიების და ექსპერტიზის გარეშე პირდაპირ განაცხადა, რომ ქალი არ დაუჭრიათ: ,,საპოლიციო ღონისძიების დროს მოქმედებაზე უნდა გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განცხადება და ქალი გაწერილია სახლში“, – განაცხადა 17 მარტს გელა გელაძემ.

„ბათუმელებს“ დაშავებულის ოჯახის წევრებმა 17 მარტსვე აცნობეს, რომ ოთახში, სადაც გასროლა მოხდა, ტყვიის ნაწილი იპოვეს, ასევე, ოთახი დაათვალიერეს და ნატყვიარიც აღმოაჩინეს იატაკზე.

თამარ მიქელაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ სპეცოპერაციის ჩატარების ადგილზე ეს ტყვია იპოვეს
სავარაუდოდ ნატყვიარის კვალი თამარ მიქელაძის სახლში

დაშავებული ქალის, თამარ მიქელაძის ოჯახის წევრების თქმით, მათთან გამომძიებელი ამ შემთხვევიდან მეორე დღეს, 18 მარტს მივიდა და დაშავებული გამოჰკითხა. ასევე, ქალს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

გუშინ, 18 მარტს, შსს-მ ისევ ვერ გვითხრა, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ შემთხვევაზე.

დღეს, 19 მარტს სპეცოპერაციით დაკავებული ბრალდებულების სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ლაშა ლოლუამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გასროლა ნამდვილად მოხდა და გამოძიება დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ პროკურორიც შს მინისტრის მსგავსად გამორიცხავს იმას, რომ ჭრილობა შესაძლოა უკავშირდებოდეს გასროლას ცეცხლსასროლი იარაღიდან.

„ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია. ასევე, დავადასტურებ და ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ თამარ მიქელაძეს არ აქვს მიყენებული დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, ასევე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით დასტურდება, მას აღენიშნება მხოლოდ ზედაპირული ნაკაწრები, რაც არ არის მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად,“ – გვითხრა ლაშა ლოლუამ.

პროკურორი ლაშა ლოლუა

პროკურორმა ვერ გვითხრა, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავებაზე. მისი თქმით, იგი ამ საქმის ზედამხედველი პროკურორი არ არის და არ იცის, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა.

მაშინ რის საფუძველზეა დარწმუნებული პროკურორი, რომ ქალს ფეხი გასროლის შედეგად არ დაშავებია? – პროკურორმა ამ კითხვაზე პასუხის დროს აღნიშნა, რომ „გასროლას ჰქონდა ადგილი“.

„გასროლას ჰქონდა ადგილი, თუმცა მიყენებული დაზიანება არ იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიღებული დაზიანება. ეს არის ზედაპირული დაზიანება, სავარაუდოდ შუშის ნამსხვრევების შედეგად მიყენებული… მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ პროკურორმა ლაშა ლოლუამ.

პროკურორმა ასევე ვერ გვითხრა, რა ვითარებაში და რის გამო დასჭირდა სპეცრაზმელს გასროლა.

„ერთი გასროლა იყო,“ – კიდევ ეს დასძინა პროკურორმა.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version