აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანელებს მიმართავს, განაგრძონ პროტესტი და „დახმარება გზაშია“. ამის შესახებ ტრამპი truthsocial-ზე წერს.

„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი – დაიკავეთ თქვენი ინსტიტუტები!

დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან.

მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ ოფიციალურ პირებთან მანამ, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ truthsocial-ზე.

ამავე დროს, აშშ-ის ვირტუალური საელჩო ირანში მოუწოდებს ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ ირანი.

„დატოვეთ ირანი ახლავე. შეადგინეთ ირანიდან გასვლის გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე. თუ წასვლას ვერ ახერხებთ, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელში ან სხვა უსაფრთხო შენობაში. იქონიეთ საკვების, წყლის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი ნივთების მარაგი“ – ნათქვამია ვირტუალური საელჩოს განცხადებაში.

ბოლო ცნობების თანახმად, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2 000 ადამიანია მოკლული, მათ შორის – უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია ირანელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა დღეს, 13 იანვარს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ხელისუფლებამ აღიარა ორკვირიანი საყოველთაო არეულობის მკაცრი ჩახშობის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version