მთავარი,სიახლეები

ბათუმის ცენტრში 5 სართული უკანონოდ ააშენეს – მერია დუმს

10.10.2025 •
ბათუმის ცენტრში 5 სართული უკანონოდ ააშენეს – მერია დუმს

ბათუმში, ქალაქის ცენტრში, ბათუმის მერიიდან ზუსტად ერთ კვარტალში, მშენებელმა 5 სართული უკანონოდ ააშენა.

ვაჟა-ფშაველას 11/7 ნომერში მშენებლობას შპს „ელ ქსელი“ აწარმოებს. „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა 8 სართულზეა გაცემული.

თუმცა კორპუსი უკვე 13 სართულიანია.

„ახალი, ოქროს ეპოქის ბინები“ – ამ მარკეტინგული სლოგანით ცდილობს კომპანია „ელ ქსელი“ ბათუმის ცენტრში საცხოვრებელი ბინების გაყიდვას.

არცერთი პასუხისმგებელი უწყება – არც ბათუმის მერია და არც ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია არ პასუხობს კითხვას, როგორ მოახერხა კომპანიამ ქალაქის ცენტრში 5 სართულის უკანონოდ აშენება.

„ბათუმელები“ კომენტარის მისაღებად სამშენებლო კომპანიის გაყიდვების ოფისშიც იმყოფებოდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, შპს „ელ ქსელი“ ე.წ. ახალი, „ოქროს ეპოქის ბინების“ გაყიდვას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს. მას შემდეგ, რაც კომპანიის წარმომადგენელმა გაიგო, რომ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებითაც გვქონდა კითხვები, ბათუმის მერიაში გადაგვამისამართა.

„მერიაში ყველაფერი იციან“ – ასეთი იყო კომპანიის წარმომადგენლის პასუხი.

რა იციან ბათუმის მერიაში, ქალაქის შუაგულში უკანონოდ აშენებულ 5 სართულზე, ჯერჯერობით უცნობია. ბათუმის მერია კითხვებს არ პასუხობს.

2025 წლით დათარიღებულ დოკუმენტში კი, რომელიც „ბათუმელებს“ ხელთ აქვს, წერია, რომ „ვაჟა-ფშაველას#11/7-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის მიზნით 2019 წლის 31 დეკემბერს დამტკიცდა არქიტექტურული პროექტი რვა სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, ხოლო 2024 წლის 25 მარტს გაიცა მშენებლობის ნებართვა“.

ამ დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ რვასართულიანი სახლის მშენებლობა 2026 წლის 25 მარტამდე უნდა დაასრულოს. შეიცვალა თუ არა რამე ბოლო სამ თვეში, ამ კითხვით მივმართეთ ბათუმის მერიას. ორ დღიანი ლოდინის მიუხედავად, მერიამ კითხვებს არ უპასუხა. 

როგორც „ბათუმელებს“ აცნობეს, უკანონო მშენებლობის შესახებ არაერთი შეტყობინება შევიდა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში, თუმცა მუნიციპალურ ინსპექციას ამაზე რეაგირება არ ჰქონია.

„ბათუმელებმა“ 9 ოქტომბერსაც მიმართა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, მუნიციპალურ ორგანოს, რომლის ვალდებულებაცაა შეისწავლოს ქალაქში არსებული უკანონო მშენებლობები.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ვერ პასუხობს კითხვას, დაწყებულია თუ არა ვაჟა-ფშაველას#11/7-ში მიმდინარე უკანონო მშენებლობაზე მოკვლევა.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ამ ადგილას მშენებლობის განახლებული ნებართვა 2024 წელს გაიცა. ყოფილი მერის ბრძანების მიხედვით მშენებელი კომპანია შპს „ბათ ინვესტი“ ჩაანაცვლეს შპს „ელ ქსელით“. გარდა ამისა, კომპანიას მშენებლობის ნებართვის ვადა 2026 წლამდე გაუგრძელეს.

მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბათ ინვესტმა“, რომელიც მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა, პროექტის გასხვისებამდე დაკისრებული ორი ჯარიმა, ჯამში 9000 ლარი გადაიხადა, რომლის შემდეგაც სააღსრულებო წარმოება შეწყდა. 

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, არჩილ კონცელიძის წერილის მიხედვით, რომელიც 2024 წლის 3 მარტით თარიღდება, კომპანიას დაკისრებული ჯარიმები გადახდილი აქვს, თუმცა ინსპექციის უფროსი ამ წერილში არ განმარტავს, შეასრულა თუ არა კომპანიამ დავალება მიმდინარე სამშენებლო პროექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე.

2024 წლის 25 მარტით თარიღდება განახლებული სამშენებლო ნებართვაც. 

შპს „ელ ქსელის“ 67 % საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, ხვიჩა სექანიას ეკუთვნის, ხოლო 33% – ლიეტუვის მოქალაქე მერაბ ჯანგველაძეს.

კომპანიის დირექტორი ირაკლი სექანიაა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ელ ქსელი“ 2021 წლის 30 სექტემბერსაა რეგისტრირებული.

ვაჟა ფშაველას #11/7 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობდა და ის შენობა 2016 წელს დაანგრიეს.

მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ სახლს, რომელიც მშენებელმა კომპანიამ უნებართვოდ დაანგრია, დანგრევის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა.

„როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ის უნდა დაკრძალო“ – ასე ახსნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მიზეზი, თუ რატომ მოუხსნეს შენობას სტატუსი.

კომპანია, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უნებართვოდ დაანგრია, სასამართლომ 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

წლების განმავლობაში მშენებლობა გაჩერებული იყო. საბოლოოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას 8-სართულიანი კორპუსის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა, 2024 წელს კი მშენებლობის ნებართვის ვადა 2026 წლამდე გააგრძელეს.

ამავე თემაზე:

ზონალურმა საბჭომ ვაჟა-ფშაველას 13-ში შვიდსართულიანი სახლის პირველი ეტაპი შეითანხმა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: