„ორი გამოწვევაა ამ ეტაპზე: ერთობის შენარჩუნება და მოქმედების რეჟიმზე გადასვლა – ეგოების გადადება, ასე ვიტყოდი მე,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი დავით ჯინჭარაძე. მას 4 ოქტომბრის პროტესტზე ვესაუბრეთ: როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა? რა იცვლება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში?
დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ უმთავრესია, პოლიტიკოსებმა საკუთარი ეგოები გვერდით გადადონ. „მეტი გამბედაობაა საჭირო“, – დასძენს ის.
„ბათუმელებმა“ დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარია, იკვლევს პოლიტიკურ ტექნოლოგიებს. დავით ჯინჭარაძე „თავისუფლების მოედნის“ ეროვნული საბჭოს წევრია.
- ბატონო დავით, რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 4 ოქტომბრის აქციაზე – რა ეტაპზე გადადის წინააღმდეგობა საქართველოში?
4 ოქტომბრის აქციაზე ხალხი მოვიდა სხვადასხვა მოლოდინით. გაჩნდა მოლოდინი, რომ მოხდებოდა რევოლუცია, თუ არ მოხდებოდა, გაძლიერდებოდა საპროტესტო მუხტი, როგორც ეს იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში. იყო მსჯელობაც, რომ არ ელოდნენ 4 ოქტომბერს „ოცნების“ დამთავრებას.
დაიდო კონსპირაციები იმაზე, თუ რა მოხდა, რომ ეს იყო სუს-ის გეგმა თავიდან ბოლომდე და ასე შემდეგ. მე არ ვემხრობი კონსპირაციებს. ჩემი აზრით, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს ზედმეტ ნდობას სისტემის შიგნით მომუშავე ადამიანებთან დაკავშირებით: რაღაცას დაჰპირდნენ, მოატყუეს და მოხდა ის, რაც მოხდა.
თავისთავად, ორგანიზატორებს აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამავდროულად, ისინი არიან პოლიტპატიმრები. კონსპირაციებში შესვლას, როგორც წესი, მოჰყვება დიდი დაპირისპირება. მთავარია, რომ 5 ოქტომბერსაც გამოვიდა ხალხი, თანაც საკმაოდ ბევრი.
მთავარი საფრთხეა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტად დაშლა. ჩვენი საზოგადოების მთავარი მინუსია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციას თუ პარტიას, ყველას აქვს ამბიცია, რომ მან უნდა წარმართოს პროცესი. ეს არის მთავარი რისკი – საზოგადოების დანაწევრება.
ბევრი წერს სოციალურ ქსელში, რომ „ქართულ ოცნებას“ სურდა, 4 ოქტომბერს დაესრულებინა პროტესტი, მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარშიო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ 4 ოქტომბერს რაც არ უნდა მომხდარიყო, რუსთაველზე ხალხი მაინც არ შეწყვეტდა გამოსვლას 5 ოქტომბერს თუ 6 ოქტომბერს. მგონია, რომ „ოცნების“ გათვლა არ იყო მთლიანი სამოქალაქო საზოგადოების დაშლა ერთიანად, არამედ ამოცანა იყო, გაეჩინათ შიდა დაპირისპირებები, რომ დაგროვებულიყო ლეგიტიმური ბრაზი ორგანიზატორების მიმართ, იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ წაადგება ამ პროცესს. უნდა ვიცოდეთ საზოგადოებამ, რომ დასავლეთის ყურადღებაც შეზღუდულია, იქ ბევრი სხვა მოვლენა ხდება: უკრაინა, პალესტინა, ისრაელის მოვლენები. ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები უსასრულოდ ვერ ივლიან ბრიუსელსა და ლონდონში. პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ დასავლეთმა არ დაინახა, რომ რომ ქართველი ხალხის მეტ-ნაკლებად კოორდინირებული შეთანხმება არსებობს.
შეიძლება დაიკეტოს ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა, რაც რუსეთ-უკრაინის ომით გაიხსნა, შეიძლება, ბევრი რამ მოხდეს. ზოგადად გეოპოლიტიკაზე აგება მოქმედების ან უმოქმედობის, არის უპასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ რუსეთი დამარცხდება ომში და აი, მაშინ შეიცვლება რეჟიმიო, ანუ რუსეთის დამარცხებას მიანდეს „ქართული ოცნების“ დამარცხებაც. ეს სტრატეგიულად არასწორია.
„ქართული ოცნების“ ჩამოშლა შეიძლება ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე რუსეთი ჩამოიშლება, იმიტომ, რომ რუსეთის ჩამოშლა მართლა გეოპოლიტიკურ პერსპექტივებზეა დამოკიდებული, ანუ მსოფლიო პროცესებზე, ხოლო ქართული რეჟიმის, პრორუსული რეჟიმის ჩამოშლა საქართველოში არამარტო გეოპოლიტიკაზეა დამოკიდებული, არამედ მოქმედებაზე ქვეყნის შიგნით. ამას ალტერნატივა არ აქვს, არც სანქცია არ იქნება ამისი ალტერნატივა, იმის მიუხედავად, რომ იქნება ეს სანქციები.
- ხედავთ საერთო ხედვაზე ჩამოყალიბის რესურსს, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის?
4 ოქტომბერი არის პოლიტიკური სპექტრის გადატვირთვის შანსი. ეს შანსი ნამდვილად არის, რომ დავფიქრდეთ – „სხვები რას აკეთებდნენ არასწორად კი არა, მე რას ვაკეთებდი არასწორად?“
საჭიროა პროტესტის ახალი ფორმების შემოღება. პროტესტის ძალიან ბევრი ფორმაა, რომელიც ჩვენ არ აგვითვისებია. მშვიდობიან აქციებსა და ხელისუფლების დამხობის გამოცხადებას შორის არის უამრავი რაღაც, რის გაკეთებაც შეიძლება….
არ უნდა მოხდეს რევოლუციური განწყობის დელეგიტიმაცია. რევოლუციას ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ჯანყი, დემონტაჟი, შემონგრევა, მაგრამ არ ცვლის შინაარსს, რომ ეს რევოლუციაა.
- პროტესტის რა ფორმებს გულისხმობთ, რაც შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს? 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ თქვენ ფეისბუკშიც წერდით, რეჟიმის „ჩამოშლა“/„რევოლუცია“ არის გამოსავალი და არა არჩევნებიო.
რუსთაველის პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ცხადია. ეს შედეგი, რაც გვაქვს, სწორედ ყოველდღიურმა პროტესტმა მოიტანა – გადალახა მსოფლიოს ყველა რეკორდი. ეს ძალიან დასაფასებელია, მაგრამ მთავარია: მოსახლეობას რას ვთავაზობთ? პროტესტის გავრცობაზე თუ ვსაუბრობთ, როგორ ჩავდივართ რეგიონებში, რაზე ველაპარაკებით ხალხს, მათ შორის, პასიურ, მდუმარე უმრავლესობას როგორ ვარწმუნებთ, რომ საჭიროა მოქმედება, რომ ჩვენ ვქმნით რეალობას?
მე მგონია, რომ მხოლოდ თბილისით ყველაფერი ვერ მოგვარდება. ამას აჩვენებს მსოფლიოს გამოცდილება.
პროტესტის სხვადასხვა ფორმის ორგანიზება უნდა დაიწყოს. გასაგებია, რომ დღეს და ხვალ შეიძლება მოსახლეობას ამის რესურსი არ აქვს, ჯერ კიდევ 4 ოქტომბრის დიდი ემოციური განცდებიდან ვერ გამოვდივართ, მაგრამ აუცილებელია, მაგალითად, გაფიცვებზე ფიქრის დაწყება, პიკეტირებები და ასე შემდეგ.
ჩემი ვარაუდია, რომ უნდა ველოდეთ საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას და ეს არ არის გამორიცხული. „ოცნება“ თუ საპარლამენტო არჩევნებს ჩანიშნავს იმ დროს, როდესაც საზოგადოება დემორალიზებულია და ოპოზიციონერები ციხეში არიან, ასევე, ვიცით, რომ თეა წულუკიანის კომისიის საფუძველზე ყველა ოპოზიციური პარტია, პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობად“, ან კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ და მათ ხელშემწყობებად არიან მიჩნეული.
ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებით ოპოზიციას ისევ დაუყენებს არჩევანს: მიიღებენ თუ არა მონაწილეობას? ახლა თუ ორ და სამ სეგმენტადაა დაშლილი ოპოზიცია, ამჯერად შეიძლება ხუთად დაიშალოს. დაიწყება დისკუსია, რომ ღირს მონაწილეობა კონკრეტული პირობების მიღების სანაცვლოდ, ვიღაც მიიჩნევს, რომ ეს მორიგი ფარსია და ასე შემდეგ. ამას გამოიყენებს „ქართული ოცნება“ და ამ ფონზე, როდესაც კანონმდებლობით არანაირი საარჩევნო მექანიზმი აღარ არსებობს, დაფინანსების და ყველა პირობის გარეშე, ჩანიშნავენ საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც ჩამოყალიბდება პარტიული დიქტატურა. „ოცნება“ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, ის კონსტიტუციიდან საერთოდ ამოიღებს ჩანაწერს ევროინტეგრაციის შესახებ.
ამას თუ მიაღწევს „ოცნება“, შემდეგ უკვე ძალიან დიდი კონსენსუსი იქნება საჭირო, რომ ეს შეცვალო.
ჩემი აზრით, ისინი ამას ამზადებენ, რადგან პარტიული დიქტატურა უფრო სტაბილურია, ვიდრე ერთი ადამიანის დიქტატურა. თუ ივანიშვილს აქვს გარანტია, რომ იპოვის, ან უკვე იპოვა 100 ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი არ აქვს, ეცდება, რომ პარტიულ დიქტატურად გადააქციოს რეჟიმი.
არჩევნების ჩანიშვნას „ოცნებისთვის“ 2026 წლის აპრილის იქეთ აზრი აღარ აქვს, რადგან ისედაც 2 წელში უწევს არჩევნები. ახლა ჩანიშვნას აქვს „ოცნებისთვის“ აზრი, რადგან ამ შემთხვევაში 2030 წლამდე ოთხწლიანი ავტორიტარული მანდატი ექნება „ოცნებას“ და 2030 წლის შემდეგ უკვე დააკვირდება, როგორი იქნება მსოფლიო გადალაგება.
თანაც, 2030 წელს ივანიშვილი იქნება უკვე 78 წლის.
სერბეთშიც ასე მოხდა არჩევნებით მანიპულირება: პროტესტი გააქრეს და მისი დემორალიზება შეძლეს, ასევე გამოუშვეს პოლიტპატიმრების ნაწილი… მთავარი მოტივაციაა დუღილის ტემპერატურის დაწევა.
ვხედავთ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის მხარდამჭერები კიდევ უფრო მეტნი არიან, ვიდრე ზოგადად ხელისუფლების ცვლილების მხარდამჭერები.
- ამასობაში, ამომრჩეველმა რა აჩვენა, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე? ცესკოს დათვლითაც კი, ბოლო არჩევნებზე ყველაზე დაბალი იყო გამოცხადება. ამავდროულად, ასი ათასამდე ამომრჩეველი იდგა რუსთაველზე.
ამან აჩვენა ის, რომ ხალხი ზუსტად ხვდება, ივანიშვილის გეგმა რაც არის.
ამან აჩვენა აპათიაც: არ არსებობს სტრატეგიული ერთიანობა, მაგალითად, რატომ არ უნდა მისულიყო ადამიანი არჩევნებზე – იმიტომ, რომ ეს არ იყო არჩევნები, ხომ?! თუმცა მსგავსი სიტუაცია თუ შეიქმნა ისევ უკვე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მე პირადად დაპირისპირების უფრო დიდ ტალღას ველოდები საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, თუ ვერ დაინახავს დასავლეთი, რომ ქართველი ერი რაღაცაზე თანხმდება. დღეს დასავლეთმა პროტესტის მხარე დაიკავა, უამრავი პროვოკაციის მიუხედავად, როცა, მაგალითად, კობახიძემ სთხოვდა ევროკავშირის ელჩს, რაღაც დაეწერა პროტესტის წინააღმდეგ.
არ მგონია, რომ გადავდივართ რაღაც მდუმარე პერიოდში, სადაც პროტესტის სტატუს-ქვო გრძელდება და ყველაფერი გრძელდება ისე, როგორც იყო.
ახლა არის გადაჯგუფების ეტაპი. პროტესტი გაგრძელდება, როგორც გრძელდებოდა 4 ოქტომბრამდე, თუმცა უნდა მოხდეს როლების გააზრება, ლიდერშიპის გადანაწილება. ამ ყველაფერზე იწყება ფიქრი: როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი, რა ფორმით, ვინ იქნება ჩართული წინააღმდეგობაში?
- როგორ უყურებთ წინააღმდეგობაში მყოფი პოლიტიკური ძალები ამ პროცესში საკუთარ როლს? საყვედური ყველგან ისმის პოლიტიკოსების მიმართ, რომ მთავარი პრობლემა ოპოზიციაა, პროტესტი არსებობს, მაგრამ პოლიტიკოსები ვერ მოქმედებენ
ვფიქრობ, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც აქამდე ვთანხმდებოდით რაღაცებზე და საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს „ქართული ოცნების“ შემდეგ ქვეყანა რა ფორმით იცხოვრებს, რა განმეორდება და აღარ განმეორდება. ეს ყველაზე დიდი სისუსტეა ჩვენი, რომ ალტერნატივის შეთავაზება ვერ მოხერხდა.
ვერ მოხერხდა ვერც კონსენსუსის მიღწევა: მაგალითად, ვინ უნდა მართოს ქვეყანა სატრანზიტო პერიოდში. ამ საკითხზეც შეთანხმებაა საჭირო – როგორმე დისკუსიების ფორმატიდან მოქმედების ფორმატზე უნდა გადავიდეთ.
- 4 ოქტომბრის როგორც არჩევნებმა, სადაც ამომრჩეველი მასობრივად არ მივიდა და ასევე მასშტაბურმა საპროტესტო აქციამ, რამდენად დაანახა პოლიტიკოსებს კოორდინირებული მოქმედების საჭიროება?
გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ ახლა ამის კრიზისია, მეტი კოორდინაციაა საჭირო. საჭიროა პირადი დასკვნების რეჟიმიდან გადავიდეთ საქმეზე, საქმეზე ორიენტირებულ ფორმატში.
ავტორიტარული რეჟიმები ტექნოლოგიებს უკეთესად იყენებენ, ვიდრე დემოკრატიული აქტორები. ამიტომ ჩვენ უნდა ავაწყოთ სისტემები, რომელიც მოგვცემს დემოკრატიული კონტროლის დაწესების გზას: თუ „ქართული ოცნება“ აკეთებს მოქმედებს კონკრეტული გეგმის შესაბამისად, ჩვენ რას ვაკეთებთ? უნდა არსებობდეს გეგმა A, B, C. უნდა ვიცოდეთ, ჩვენ რა სტრატეგია გვაქვს „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად.
ჩვენ ხშირად ვართ თავდაცვის პოზიციაში – არ შეიძლება ყველაფრის გადაწყვეტა იმის მიხედვით, თუ „იმედი“ რას დაწერს ჩვენზე.
შესაბამისად, მეტი გამბედაობაც არის საჭირო.
- საუბრობთ პოლიტიკური ძალები კოორდინაციაზე? აპირებთ დიალოგს იმ პარტიებთან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ?
იმედია, არჩევნებში მყოფი ძალები დამოკიდებულებას შეიცვლიან პროტესტის მიმართ.
ფაქტია, რომ რაღაც ტიპის კოორდინაცია არის აუცილებელი, მაგრამ კოორდინაცია ისეთ ხალხთან ვერ იქნება და ისეთ პარტიებთან, ვისაც ამის სურვილი არ აქვს. ვერ დააძალებ ვერავის ამას და ის განცხადებები, რაც გაკეთდა არჩევნების შემდეგ ამ ორი პარტიის მხრიდან [„ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“], არის სამწუხარო. ვისურვებდი, რომ ახალი ფორმები მოიძებნოს. შეიძლება ეს იყოს გაერთიანებული წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები დაუჭერენ მხარს, როგორც ეს იყო „ოტპორი“ [სერბული ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა] სერბეთში.
საუბრის დონეზე ეს იდეა 4 ოქტომბრამდეც განიხილებოდა, მაგრამ კონკრეტული გეგმა არ არსებობს. ახალი გადაწყობა და სისხლის გადასხმა სჭირდება ამ პროტესტს.
ორი გამოწვევაა ამ ეტაპზე: ერთობის შენარჩუნება და მოქმედების რეჟიმზე გადასვლა – ეგოების გადადება, ასე ვიტყოდი.
__________________
მთავარ ფოტოზე: თბილისი, 4 ოქტომბერი. ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე რუსთაველზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/დავით მძინარიშვილი