მთავარი,სიახლეები

„აფხაზეთში ცხოვრობდა და ტურისტებს უყვებოდა რუსულ ოკუპაციაზე“ – ვინ არის გელა ხასაია

01.10.2025 •
„აფხაზეთში ცხოვრობდა და ტურისტებს უყვებოდა რუსულ ოკუპაციაზე“ – ვინ არის გელა ხასაია

„თუ ამათი მიზანი შეშინებაა, ერთადერთი რისიც მეშინია, ქვეყნის დაკარგვაა“ – ეს წერილი გელა ხასაიამ დაკავების შემდეგ მოიწერა ციხიდან.

„ზუსტად ამ მოტივზე დგას გელას მთელი ბრძოლა. მას არ შეუძლია და ვერ დაუშვებს, რომ დაკარგოს ქვეყანა, რომლისთვისაც იბრძვის წლებია და ვერც ციხეში გამოკეტვით, ვერც ოთხ კედელში ჩასმით, იმ იდეას ვერ ჩაახშობენ“ – ამბობს გელას მეგობარი, შუშანა მაცაბერიძე, რომელსაც „ბათუმელები“ სინდისის მორიგი პატიმრის, გელა ხასაიას შესახებ ესაუბრა.

გელა ხასაია აფხაზეთიდანაა. გალში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დასრულების შემდეგ კი სოხუმის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.

2015 წელს, გელას საყვარელი ქალაქის და ოჯახის სამუდამოდ დატოვებაც მოუწია.

დევნილობამდე მან სოხუმში, ერთ მიტოვებულ სახლზე ასეთი წარწერა დატოვა, – „აქ შეგხვდები“.

გელა ხასაია

გელას ოჯახი – მშობლები და ძმა, დღემდე გალში ცხოვრობს და ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლა 2-3 წელიწადში ერთხელ თუ შეუძლიათ.

ოჯახისგან და მშობლიური ქალაქისგან შორს მყოფი გელა, თვეებია რუსულ რეჟიმს თბილისში ებრძვის. ქალაქში, სადაც რუსული ოკუპაციის აჩრდილი დადის.

„გელა, სოხუმის უნივერსიტეტში სწავლის დროსაც ძალიან აქტიური იყო და ყველგან ხმამაღლა ამბობდა, რომ „აფხაზეთი საქართველოა. მათ შორის კურსელებთანაც.

მუშაობდა გიდად და აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს უყვებოდა რუსული ოკუპაციის შესახებ. იმაზე, რომ აფხაზეთი არის საქართველო და ოკუპირებული აქვს რუსეთს. ყოველთვის უყვებოდა რეალურ ისტორიას, რის შემდეგაც დე ფაქტო ხელისუფლებამ გელა ხასაიას დევნა დაიწყო. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს ღალატის მუხლით, ამიტომ იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი სახლი.

სწავლა თბილისში გააგრძელა. გელა პროფესიით სოციალური მუშაკია, თუმცა მას არ მიეცა საშუალება ემუშავა თავისი პროფესიით.

დღეს გელას მიზანია გადაარჩინოს ქვეყანა და ვერც ხედავს თავის ადგილს ვერცერთ საჯარო სამსახურში. ყოველთვის მაქსიმალურს აკეთებს და ახლაც იმისთვის იბრძვის, რომ რაც შეიძლება მალე დავიხსნათ საქართველო და დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, ჩამოვაშოროთ ქვეყანა რუსეთს.

მაგრამ რეალობა გვაქვს ის, რომ ადამიანი, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელსაც მოუწია დაეტოვებინა საკუთარი სახლი, მეგობრები, ოჯახი – დედა, მამა, ძმა, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი აქტიურად ჩაება საპროტესტო მოძრაობაში და ყოველთვის წინა ხაზზე იყო, საპროტესტო აქციების დროს, ახლა მოგონილი ბრალდებით ზის ციხეში“, – ამბობს შუშანა მაცაბერიძე.

გელა ხასაია და შუშანა მაცაბერიძე

გელა ხასაიას დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნების“ რეჟიმმა ბრალი წარუდგინა. მას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებიან, რაც 4-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მაშინ როცა, გელა ხასაია თავად იყო რეჟიმის მსხვერპლი, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მას სახლთან ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ, თუმცა ამის გამო „ოცნების“ ხელისუფლებას არავინ დაუსჯია.

„ახლა კი, რაღაც მოგონილი ბრალდებით დააკავეს გელა. მანამდე კი 4-5 ჯერ მაინც იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ბოლოს 12 დღით იყო დაკავებული. დააჯარიმეს უამრავჯერ და ახლაც დაყადაღებულია გელას საბანკო ანგარიშები.

თბილისში სწავლის დასრულების შემდეგ გელა ხასაია ევროპაში, ბელგიაში წავიდა სამუშაოდ, ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი იყო, მაგრამ როცა დაინახა, რომ „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს მიგვაწებოს და რუსეთის გუბერნიად გაგვხადოს, მიატოვა ყველაფერი, მიატოვა ძალიან კარგი სამსახური და დაბრუნდა საქართველოში და აქ დაიწყო ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის.

დღესასწაულებზე, როდესაც ყველა ჩვენ ოჯახებში ვართ, გელა არის თბილისში მარტო. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ მეგობრები, ან მასთან გავიდეთ და ერთად ვიყოთ, ან ჩვენთან მოვიყვანოთ და ასე მაინც შევუქმნათ ოჯახური გარემო“, – ამბობს შუშანა მაცაბერიძე.

გელა ხასაიას წერილი ციხიდან

მისი თქმით, ამ ბრძოლაში ყველა მისი მეგობარი იქნება გელასთან, ბოლომდე.

„გუშინ პატარა წერილი გამოგვიგზავნა ციხიდან, სადაც წერია – „თუ შეშინება უნდათ, ერთადერთი რისიც მეშინია, ქვეყნის დაკარგვაა“, გვწერს გელა და ზუსტად ამ მოტივზე დგას გელას მთელი ბრძოლა.

მას არ შეუძლია და ვერ დაუშვებს, რომ დაკარგოს ქვეყანა, რომლისთვისაც იბრძვის წლებია და ვერც ციხეში გამოკეტვით, ვერც ოთხ კედელში ჩასმით, იმ იდეას ვერ ჩაახშობენ, რომელიც გარეთ ჩქეფს, ქუჩაში დგას და ადამიანები, რომლებიც ამ იდეის გარშემო არიან გაერთიანებული, რასაც ჰქვია ქვეყნის გადარჩენა, შეუძლებელია რამე ძალამ ეს გააჩეროს.

მას წაართვეს სახლი, წაართვეს ოჯახთან ურთიერთობა, წაართვეს ქალაქი, წაართვეს უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა და ახლა უნდათ, რომ ქვეყანაც წაართვან. ამას ნამდვილად ვერ დავუშვებთ.

გელა ხასაიას უკანონო პატიმრობას ასე გამოეხმაურა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE), რომლის წევრიცაა „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

„შოკისმომგვრელი ამბავი: გელა ხასაია, ჩვენი წევრი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, პრორუსულმა რეჟიმმა საქართველოში გაყალბებული ბრალდებებით დააკავა. ლიბერალები ქართველი ხალხის გვერდით დგანან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში!“, – წერს ALDE.

გელა ხასაიას უკანონო პატიმრობაზე განცხადება გააკეთა ჩეხმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამაც. მისი განცხადებით. „აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს მთავრობის მხრიდან რეპრესიების გაგრძელება. თავისუფლება გელას“, – წერდა პლატფორმა X-ზე ევროპელი პარლამენტარი.

„ჩვენთვის გელას ბრძოლა და გელას გადადგმული ნაბიჯი არის სამაგალითო და იმსახურებს დიდ პატივისცემას. გელა არის ადამიანი, რომელიც არასდროს ტოვებს მათ, ვისაც მისი გვერდში დგომა სჭირდებოდა. ზუსტად ასე ვართ ჩვენც, მისი მეგობრები და არა მხოლოდ მეგობრები. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ რუსული რეჟიმი და დავიხსნათ ყველა ჩვენი პოლიტპატიმარი“, – ამბობს შუშანა მაცაბერიძე.

___

მთავარი ფოტო: გელა ხასაიას წარწერა სოხუმში, სახლის კედელზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: