„როცა ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, სულ მახსენდება ბებია, რომელმაც ჯოჯოხეთური გზა გაიარა იქ მოსახვედრად. საბერძნეთის საზღვარი ჩუმად, ავტობუსის საბარგულში ჩამწყვდეულმა გადაკვეთა და ასე იარა რამდენიმე საათი. არ მინდა, რომ აქ დავბრუნდეთ“ – ამბობს შალვა მინდაძე, თბილისის 70-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
„ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოსალოდნელ საფრთხეებზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ესაუბრა.
„მე დღეს ჩამოვედი ევროპიდან, კონფერენციაზე ვიყავი და მქონდა მოგზაურობის დროც. ძალიან ბევრი მუზეუმი, ციხესიმაგრე მოვინახულე და ჩემთვის, როგორც ისტორიის მასწავლებლისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა იქნება ევროპაში მარტივად მოგზაურობის შესაძლებლობის დაკარგვა.
ქვეყნისთვისაც პრივილეგიაა უვიზო მიმოსვლა. თუნდაც ტურიზმის ან ოჯახის წევრების მონახულების მიზნით, ასევე საქმიანი მიზნებისთვის.
თუმცა, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიზალიბერალიზაცია არის პოლიტიკური მნიშვნელობის, სამართლებრივი ნდობა, პირველ რიგში ევროკავშირის მხრიდან, ერთგვარი სიგნალია, რომ ქვეყანა მიჩნეულია საიმედო პარტნიორად და ფაქტობრივად, ეს ქრება. ეს არის მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისადმი ვალდებულებებთან და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ქვეყანა აღარ ვართ.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დარღვევა, მიგრაციის კონტროლის გაუარესება და ასე შემდეგ. უვიზოს დაკარგვით დაგვიმძიმდება არა მხოლოდ მგზავრობის პირობები, ეს იქნება ქვეყნის უკუსვლის სიმბოლოც, რომელიც რაღაც იმედებს ჩაუკლავს ჩვენს მოქალაქეებსაც.
მსოფლიოსთვის კი ეს იქნება ნათელი მესიჯი, რომ ჩვენ უკვე ავტოკრატიული ქვეყანა ვართ.
როცა ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, სულ მახსენდება ბებია, რომელმაც ჯოჯოხეთური გზა გაიარა იქ მოსახვედრად. 16 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა. საზღვარი ჩუმად, ავტობუსის საბარგულში ჩამწყვდეულმა გადაკვეთა და ასე იარა რამდენიმე საათი. არ მინდა, რომ აქ დავბრუნდეთ“ – ამბობს შალვა მინდაძე.
მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ბოლშევიკურ პოლიტიკას ატარებს და მათი პრემიერ-მინისტრიც ამ სისტემის მსახურებს აგონებს.
„ირაკლი კობახიძეს მამია ორახელაშვილს ვადარებ ხოლმე, რომელიც იმავეს ამბობდა 1921 წელს, რომ ჩვენ „აგენტების“ ხელით ვებრძოდით რუს ბოლშევიკებს.
ის ამბობდა, რომ „ამდენი ადამიანი უმოწყალოდ, უმიზეზოდ შეეწირა ქვეყანას და ქვეყნის დამოუკიდებლობას“ და ამდენი ხნის შემდეგ, ირაკლი კობახიძემაც ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა, რაც ჩემთვის ღალატის ანატომიაა. იმდენად ცხადი და ღიაა, რომ ყველგან, ყველა პლატფორმაზე ვყვირი.
სამწუხაროდ, ჩვენ მოსახლეობაში ძირეული პრობლემაა განათლების დაბალი დონე და მოსახლეობა ადვილად ექცევა ე. წ. ხელისუფლების პროპაგანდის ქვეშ, „ხელისუფლების“, რომელიც არ ასრულებს მოქალაქეების ნებას, არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და როცა ვხედავ, მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები რუსული სისტემით როგორ იმართება, ჩემთვის ეს არის დღისა და ღამის არევა, ვერ დაძინება იმაზე ფიქრით, რომ ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ლამის 30%-ი აქვს უკვე ოკუპირებული, აღწევს სახელმწიფო ინსტიტუციებშიც“- ამბობს შალვა მინდაძე.
მისი აზრით, ევროპისგან დაშორება იწვევს ღირებულებების აღრევას საგანმანათლებლო სისტემაშიც:
„თუ აქამდე სკოლებშიც ვასწავლიდით, რომ კარგი სწავლით გახდები წარმატებული, იქნები რეალიზებული და გექნება ახალი შესაძლებლობები, ახლა ეუბნებიან, რომ თურმე ამდენი წელი გატყუებდით, რომ თურმე ევროპა დემოკრატია კი არა რაღაც სიბინძურეა, იქ გაგრყვნიან, მონად გაქცევენ და ეს არის სრული სიგიჟე.
თუმცა მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა იმდენად დაბალია, რომ ვიღაცების ინტერესები, სამწუხაროდ, მაინც კუჭზე გადის… „კაცია ადამიანი?!“ ყოველთვის აქტუალურია, ყველა რეალობაში.
ეს ვითომ ხელფასების მატება მასწავლებლებისთვისაც იქითკენ არის მიმართული, რომ აგრძნობინონ „ნაჭამი ხარ, ნასვამი ხარ და მეტი აღარ გჭირდება“. მოგზაურობა გინდა? წახვალ აგერ რუსეთში ან სხვაგან, სადაც გვექნება უვიზო. ფაქტობრივად ღირსება დავკარგეთ, რადგან ღირსებადაკარგული ერი რომ არ ვიყოთ, დღეს ეს რეალობა ნამდვილად არ გვექნებოდა.
ილია ამბობდა, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ მაშინ ფეთქდება, როცა ერი სიკვდილის პირას არისო და რეალურად, ჩვენ დღესაც ვხედავთ სიკვდილს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, ყველა იდეის, ყველა სულიერი თუ პრაქტიკული ნაწილის კვდომას ქვეყანაში და თუ ჩვენ მართლა „ფენიქსის“ ერი ვართ და ეს არ არის მხოლოდ სადღეგრძელო, მაშინ უნდა შევძლოთ აფეთქება“ – ამბობს შალვა მინდაძე.
მისი თქმით, ევროპისგან დაშორებული სკოლა და განათლების სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდება საბჭოთა სკოლას.
„გვეყოლება ჩაკეტილი, იზოლირებული სასკოლო საზოგადოება, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს იმ დოზით და იმ დონის განათლებას, რომელიც მხოლოდ ყოფით ინტერესებს დაუკმაყოფილებს.
მივიღებთ თვითცენზურას, პროპაგანდას, შიშზე დამყარებულ სისტემას და ვეღარ ვიქნებით ლაღი და თავისუფალი. უფრო პირქუშები გავხდებით და ჩვენი სკოლები, სადაც კლასებს ჯერ კიდევ შეშის ღუმელებით ათბობენ, კიდევ უფრო ცივი გახდება.
კორუფციის მწვერვალებზე ვართ უკვე. სულ რაღაც 10-15 სკოლა გავარემონტეთ და მერე ალბათ ესეც აღარ იქნება. ასე იცის რუსეთზე დამოკიდებულებამ და ეს არ არის უბრალოდ საგარეო პოლიტიკის არჩევანი, ეს ნიშნავს წარსულის გამეორებას.
ისიც კი მოვისმინე, რომ ჩვენ გვჭირდება „გეორგიევსკის ტრაქტატი 2“ და ამაზე მშვიდობის სახელით საუბრობენ, მაგრამ გულისხმობენ მორჩილებას, რადგან ეს არაა მშვიდობა, ესაა მშვიდობის ილუზია.
მაშინ საერთოდ რა საჭიროა სიცოცხლე, თუ მონობაში უნდა გავატაროთ. ნამდვილი მშვიდობა იქ არის, სადაც ადამიანი თავისუფალია, ბავშვი იზრდება კრიტიკულად მოაზროვნე და არა მორჩილებაში. ეს ყველაფერი დაიკარგება ევროპის დაკარგვით.
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს სტალინის მადიდებელი საზოგადოება. მასწავლებლების 20%-ი სტალინს, ჰიტლერს ადიდებს და ეს ხალხი ჯერ კიდევ სკოლებშია.
რა ერთობაზეა საუბარი, როცა პატიმარი მასწავლებელი გვყავს და ერთი საჯარო მხარდაჭერის პოსტი არ დაუდია არავის.
მათი შემხედველი ვამბობ ხოლმე, – „მასწავლებელი კვდება“ და ამის გამოც ძალიან მიბრაზდებიან. ეს საბჭოთა, მონური სული სამწუხაროდ ისევ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ, თუ მასწავლებელი ბოლომდე მოკვდება, ეს ქვეყანაც მოკვდება.
უბრალოდ იმის იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნის ახალგაზრდობაში მოვასწარით კრიტიკული აზროვნების ჩადება და არ ვართ ასეთი ნაწილი ძალიან ცოტა. სადღაც 500 ათასი მაინც ხომ ვართ და ვერ ვიქნებით ასე მარტივად გასაქრობი. პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების იმედი მაქვს, მათი ვინც გაიზარდა სწორ ღირებულებებზე და ეს ღირებულებები ასე მარტივად ვერ შეიცვლება“ – ამბობს შალვა მინდაძე.
________________
ამ თემაზე:
რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი






